ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არგენტინული სერიალი: პაოლიტოს გზა

d

გთავაზობთ საინტერესო ისტორიას ჩვენი ბომბარდირის შესახებ.


1-ლი სერია

2012 წლის დასაწყისი. არგენტინის ქალაქი კორდოვა. ადგილობრივმა „ინსტიტუტომ“ მორიგი თამაში დაასრულა. „პრეზიდენტ პერონ“ სტადიონთან შეკრებილ, ფეხბურთელთა მომლოდინე გულშემატკივრებს შორის დგას საშუალო სიმაღლის შავგვრემანი ახალგაზრდა ყვითელ-მწვანე მაისურში. ის პარიკმახერია, ცხოვრობს ბუენოს-აირესში, უქმეებზე მოგზაურობს მთელს არგენტინაში, რომ „ინსტიტუტოს“ არცერთი თამაში არ გამოტოვოს. მეორე ლიგის ბინადარი ღარიბი კლუბის, რომლის შესახებაც მხოლოდ 1978 წლის ჩემპიონების ოსი არდილესას და მარიო კემპესის ბიოგრაფებს სმენიათ. მათ სწორედ აქ დაიწყეს თავისი საფეხბურთო ოდისეა. ახალგაზრდას მარტინ ხაიმესი ქვია. მის ხელებს საყვარელ კლუბთან და მის გმირებთან დაკავშირებული რამოდენიმე ტატუ ამშვენებს. ხაიმესი ელოდება პაოლო დიბალას, შეხვედრისას აწვდის შავ კალმისტარს და მიუშვერს ბიცეპსს.

  • რა, პირდაპირ აქ? – გაკვირვებული პაოლო თავსახურს ხსნის კალმისტარს.
  • კი. ამ საღამოს შენი ავტოგრაფის მიხედვით ტატუს გავიკეთებ – პასუხობს მარტინი.

დიბალა იღიმის, რადგან გულშემატკივრის სიტყვები ხუმრობა ჰგონია, ტოვებს ავტოგრაფს და მიიჩქარის ავტოსადგომისაკენ, სადაც მოუთმენლად ელიან ძმა – მარიანო და ძმისშვილი – ლაუტარო.

  • დროზე მაჩვენე რა – სთხოვს მას ლაუტარო, ცამეტი წლის ფეხბურთელი.

პაოლო ზურგჩანთიდან იღებს იასამნისფერ ბუცებს და აწვდის ძმისშვილს. მარჯვენას აწერია პაოლოს მამის სახელი – ადოლფო, ხოლო მარცხენას – დედის – ალისია. პაოლომ ისინი კომპანია ნაიკისგან მიიღო, მოაწერა რა ხელი ხუთწლიან კონტრაქტს 3 მილიონ დოლარზე.

ამ დროს კი მარტინ ხაიმესთან მიირბენს ადგილობრივი გაზეთის „დღითი დღე“ რეპორტიორი და ეკითხება:

  • მართლა აპირებთ პაოლო დიბალას ავტოგრაფის ამოტვიფვრას მხარზე?
  • რა თქმა უნდა! ამგვარად მე მადლობას გადავუხდი მას. დღეს მთელი არგენტინა და მსოფლიოს დიდი ნაწილი საუბრობს „ინსტიტუტოზე“ მხოლოდ მისი წყალობით. მე ვესწრებოდი მის ყველა თამაშს. იმ ამხანაგურსაც კი ივლისის ბოლოს, გახსოვთ? იგი სხვისი სახელით გამოვიდა მოედანზე, რადგან ჯერ კიდევ არ ქონდა პროფესიონალური კონტრაქტი. შემდეგ დიბალა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა პირველ ტურში, რადგან მიგელ ფერნანდესს წინა სეზონის დისკვალიფიკაცია ქონდა დარჩენილი. მას შემდეგ მხოლოდ ნახევარი წელი გავიდა, ეს დაუჯერებელია.


მარტინ ხაიმესი

მარიანო დიბალას მიჰყავს უმცროსი ძმა დედასთან, რომელიც ძალიან ნერვიულობდა სტადიონზე ყოფნისას, ამიტომ ბოლო რამოდენიმე თვეა ტელევიზორით ადევნებს თვალს „ინსტიტუტოს“ თამაშებს. პაოლოს ზურგჩანთაში, გარდა ახალი ბუცებისა, დევს კვირის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყიანი ტანსაცმელი. იგი „ინსტიტუტოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელთა პანსიონში ცხოვრობს, მაგრამ სამრეცხაოში არ დადის, რადგან თამაშის მერე უქმეებია და მშობლების სახლში გაარეცხვინებს. გზაში მარიანო ეკითხება, თუ არის რამე სიახლე მისი აგენტისგან – ომარისგან. დიბალა შეიჭმუხნა, სატრანსფერო ამბები ყურადღებას უფანტავს, უფრო ნაკლები გოლი გააქვს, ნერვიულობს, მაგრამ ძმას მაინც გადასცემს აგენტის სიტყვებს. კორდოვიდან მშობლიურ ლაგუნა ლარგამდე 50 კილომეტრია, ასე რომ ყველაფრის მოყოლას ასწრებს: „ინტერს“ ვერ გაურკვევია ვის რამდენი უნდა გადაუხადოს, ომარს დაუკავშირდნენ „ნაპოლი“ და „მილანი“, მაგრამ მათაც არ მოეწონათ სატრანსფერო უფლებებთან არსებული სიტუაცია, ელოდებიან სიტუაციის გარკვევას, „ბარსელონასგან“ კონკრეტული არაფერია: მხოლოდ ის ვიცით, რომ მათი სამხრეთამერიკელი სკაუტი – ურბანო ორტეგა იყო ჩამოსული დიბალას თამაშის სანახავად და უყურა მის მე-8 გოლს. ამავდროულად გუსტავო მასკარდი, რომელმაც იყიდა დიბალას სატრანსფერო უფლებები, საკუთარ თამაშს თამაშობს და ეკონტაქტება „მალაგას“ და „პალერმოს“, ინგლისური კომპანიის „პენსიჰილი“ სახელით.

მიუახლოვდნენ ავტობუსის გაჩერებას. იქვეა პატარა საბუკმეიკერო კანტორა – „ლა ფავორიტა“, რომელიც პაოლოს მამამ გახსნა 20 წლის წინ. ასიოდე მეტრში სახლია, რომელშიც დიბალა გაიზარდა. ვახშამზე – ყოველთვის როცა პაოლო სახლშია – ალისია დიბალა იხსენებს ქმარს და უმცროსი ვაჟის პატარაობას. პაოლოს არაერთხელ მოუსმენია ეს ისტორიები, უმრავლესობაში თავად იყო მთავარი მოქმედი პირი, მაგრამ დედა ყოველთვის ამატებს ისეთ დეტალებს, რომლებზეც პაოლომ არაფერი იცის ან დავიწყებული აქვს. ახლა დედა იხსენებს, რომ მისი ოჯახი ადგილობრივ „ნიუელსს“ ქომაგობდა, ხოლო ადოლფო – ხისტი საყრდენი მეტსახელად „ღორი“ – მთავარი მტრის და კონკურენტის – „სპორტივოს“ ღირსებას იცავდა. მაგრამ მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, ადოლფო „ნიუელსში“ გადავიდა და ალისიამ სამი ვაჟი გაუჩინა. არავისთვის რომ არ ეწყენინებინა, პაოლო 3 წლის განმავლობაში „ნიუელსის“ სკოლაში ემზადებოდა, 1 წელი – „სპორტივოში“, მანამდე კი ლაგუნა ლარგას დანარჩენ ბავშვებთან ერთად თამაშობდა სატვირთოების საბურავებით გარშემორტყმულ მოედანზე სებასტიან ბარიონუევოს მწვრთნელობის ქვეშ. ახლა იმ ადგილას ატრაქციონების პარკია სახელწოდებით „ბავშვთა ქალაქი“.

  • მარიანო, გახსოვს, პაოლოს მღვდელს რომ ეძახდნენ, როდესაც ის 3 წლის იყო? – კითხულობს ალისია სიცილით – ყველას ერთი და იგივე ზომის ფორმა დაურიგეს და პაოლოს მაისური მუხლებს ქვემოთ წვდებოდა ანაფორასავით.
  • კი, მახსოვს. ის ძალიან გაბრაზდა და როდესაც რამდენიმე სანტიმეტრი მოემატა, განაცხადა, რომ უკვე დიდი იყო, მიატოვა ფეხბურთი და კალათბურთის თამაში დაიწყო – ამატებს მარიანო – ერთი დღის შემდეგ კი გადაიფიქრა და ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა.

ოჯახური მოგონებები „ინსტიტუტოს“ პრეზიდენტის ხუან კარლოს ბარერას ერთ-ერთი ვაჟის სატელეფონო ზარმა შეწყვიტა, რომელმაც აცნობათ, რომ გუსტავო მასკარდი, ვინც რამოდენიმე თვის წინ პაოლოს სატრანსფერო უფლებები შეიძინა 3 მილიონ ევროდ, დაპატიმრებულია.

ალისია დიბალა – პაოლოს დედა

მე-2 სერია

2003 წელი. ლაგუნა ლარგა. საბუკმეკერო კანტორა ლა ფავორიტა იპოლიტო ირიგოიენის ქუჩაზე.

  • 10 წუთით უნდა გავიდე – ეუბნება ადოლფო დიბალა უმცროს ვაჟს – სალაროს მიხედავ? ოღონდ სკამზე დადექი, რომ გამოჩნდე დახლს ზემოთ.

10 წლის პაოლომ თავი დაუქნია და ჩაიბარა კანტორა. ორიოდე წუთის შემდეგ, როცა მამა თვალს მიეფარა, ამოიღო საგულდაგულოდ გადანახული 2 პესო და გააკეთა ფსონი, რომ მისი საყვარელი „ბოკა ხუნიორსის“ ახალი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ლიბერტადორესის თასზე გაუტანდა ჩილეს „კაბრელოას“.

  • არავინ მოსულა? – იკითხა დაბრუნებულმა მამამ.
  • არა, მა. სიწყნარე იყო.

მომდევნო საღამოს ადოლფო დიბალას სახლში ვახშმობის დროს ლიბერტადორესის თასის მეოთხედფინალს უყურებენ დედა, მამა, პაოლო და მარიანო, ხოლო მესამე ძმა გუსტავო თავის ოთახში გაიქცა სახატავად. გუსტავო დამწყები მხატვარია. მე-15 წუთზე პაოლო სიხარულისგან კენგურუსავით დახტის მთელს ოთახში, კომენტატორი მარიანო კლოსი ნახევარი წუთის განმავლობაში გაწელილად ყვირის სიტყვას „გოლ“, ხოლო ეკრანზე მარსელო დელგადო და როლანდო სკიავი ტევესს ეხვევიან.

  • მამა! მე 30 პესო მოვიგე! – ყვირის პაოლო.
  • რა სისულელეს იძახი, პაოლიტო?
  • მე ფული დავდე ტევესის პირველ ტაიმში გატანაზე, სანამ შენ გასული იყავი. ესე იგი არც ისე უიღბლო ვყოფილვარ.
  • და ვინ თქვა, რომ უიღბლო ხარ? – გაუკვირდა ალისიას.
  • მამამ თქვა, როცა „ნიუელს ოლდ ბოისში“ არ ამიყვანეს.
  • არაფერიც. მე გითხარი: დღეს არ გაგიმართლა-მეთქი. ეს ერთი და იგივე არ არის. სხვათაშორის, მე „ინსტიტუტოს“ წარმომადგენელს მოველაპარაკე, რომ გაგსინჯონ შემდეგ კვირაში.
  • და მიყიდი „ბოკას“ მაისურს ჩემი მოგებული 30 პესოთი?


ადოლფო დიბალა – პაოლოს მამა

6 დღის შემდეგ სპორტული კომპლექსის „ლა აუგუსტინა“ შესასვლელთან შავი „ოპელ ვექტრა“ გაჩერდა. საჭესთან ადოლფო დიბალა ზის, ხოლო გვერდით მისი უმცროსი ვაჟი მუქ-ლურჯ მაისურში ყვითელი ზოლით მკერდზე. საფეხბურთო მოედანთან ისინი ხვდებიან ტურსა სანტოსს, ხანში შესულ მამაკაცს გახუნებული ქუდით. კორდოვაში სანტოსი ცნობილია იმით, რომ აღმოაჩინა დიეგო კლიმოვიჩი და ხუან მენსეგესი, რომლებიც შემდეგ „ვოლფსბურში„ გადაბარგდნენ, და სილვიო რომერო – არგენტინული პრიმერას 2014 წლის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც „რენში“ გადავიდა. სანტოსი გადაუგდებს ბურთს დიბალას, აკვირდება, თუ როგორ იღებს, ამუშავებს და ურტყამს პაოლო და 10 წუთის შემდეგ მამამისს ეუბნება:

  • ჩვენ მას ავიყვანთ. ოღონდ პანსიონში ადგილები არ გვაქვს და შეძლებ ყოველ დილით ატარო ვარჯიშებზე?
  • არანაირი პრობლემა.

ადოლფი ცერა თითს უჩვენებს პაოლოს, რომელიც შორსაა და სანტოსის სიტყვები არ ესმის. გახარებული ბიჭი უფროსებისკენ მორბის, გზად ბურთს კენწლავს, რომ გაიმყაროს წარმატება.

  • ყოჩაღ! – ეუბნება სანტოსი – მაგრამ მეტჯერ აღარ მოხვიდე აქ „ბოკა ხუნიორსის“ მაისურით.


2011 წლის აგვისტო. 17 წლის დიბალას გოლი გააქვს „ინსტიტუტოს“ რიგებში ჩატარებულ მეორე თამაშშივე. მატჩი „ალდოსივის“ წინააღმდეგ 2-2 ანგარიშით სრულდება, მაგრამ თამაშის შემდეგ ყველა ულოცავს პატარა ბიჭს, რომელიც მეორე წელია კლუბის აღზრდილთა პანსიონში ცხოვრობს, გუნდში კი მხოლოდ ძირითადი ფორვარდის – ფერნანდესის დისკვალიფიკაციის გამო მოხვდა. მილოცვა მალევე გადაიზრდება დაწყნარებაში, რადგან პაოლო ტირის იმაზე მეტად, ვიდრე 8 წლისა ტიროდა, როცა „ნიუელს ოლდ ბოისში“ არ აიყვანეს. ეს სიხარულის ცრემლები არ იყო, ეს იყო ნამდვილი მოთქმა.

  • ეი, რა გჭირს? – ყურში ეუბნება მწვრთნელი დარიო ფრანკო. – დღეს ხომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშე ხარ.

პაოლო თავს უქნევს, მაგრამ არაფერს უხსნის. გასახდელიდან გამოსვლისას მას ჟურნალისტები აჩერებენ.

  • რატომ იტირეთ თამაშის შემდეგ?
  • მამაჩემი ოცნებობდა, რომ მისი ვაჟები ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. მე ბოლო იმედი ვიყავი, მე მესამე, გვიანი ბავშვი ვარ. მამამ მომიყვანა ამ კლუბში, მეჩხუბებოდა მაშინაც კი, როცა ბავშვთა გუნდში ჰეთ-თრიქებს ვასრულებდი, ჩემს პირველ გოლს დიდ ფეხბურთში კი ვერ მოესწრო. იგი ორი დღის წინ გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი. უკაცრავად, უნდა წავიდე.

დიბალას ქუჩაში 2-3 წლით უმცროსი ბიჭები ეხვევიან და ავტოგრაფს თხოვენ.

მე-3 სერია

2011 წლის ოქტომბერი. „ინსტიტუტოს“ ოფისი. პატარა ოთახში კლუბის საბჭოს სხდომა იმართება. საბჭოში 40-მდე ადამიანია. ოთახში ორი მაგიდა 15-მდე სკამია. სიმჭიდროვეა, უმეტესობა ფეხზე დგას. გახსნითი სიტყვით გამოდის „ინსტიტუტოს“ პრეზიდენტი ხუან კარლოს ბარერა:

  • კლუბს გადარჩენისთვის 21 მილიონი პესო ესაჭიროება. ბრიტანული ბიზნეს ჯგუფი „პენსიჰილი“, ბუენოს აირესში საკუთარი წარმომადგენლის – გუსტავო მასკარდის სახელით, გვთავაზობს ამ თანხას დიბალას სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ეს შეთავაზება ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
  • ყველას მაგივრად ნუ საუბრობთ – აწყვეტინებს ტექნიკური დირექტორი ხოსე ტეო. – დიბალამ დაიქირავა აგენტი ომარ პეირონე, რომელსაც ძალუძს მისი გაყიდვა ბრიტანული ბიზნეს ჯგუფის გარეშეც.
  • კიდეც რომ მოახერხოს ვინმესთან შეთანხმების მიღწევა, ტრანსფერი მხოლოდ ზამთარში ან ივნის-ივლისში განხორციელდება – ამბობს ბარერა – ფული კი ახლა გვჭირდება.
  • უკვე ჩამოდიან სკაუტები „ბაიერიდან“ და „ბორუსიადან“, მანამდე გვესტუმრა „ბენფიკას“ წარმომადგენელი – ამბობს ტეო – თქვენი ბიზნეს ჯგუფი კი, როგორც გავარკვიე, ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიასთან „დიაგეო“ არის დაკავშირებული. ჩვენი საუკეთესო მოთამაშის უფლებები ექნებათ არყის და ვისკის გამყიდველებს.
  • მთავარია, გადავარჩინოთ „ინსტიტუტო“ – ჩუმად, მაგრამ დამაჯერებლად წარმოთქვამს კლუბის მდივანი და პრეზიდენტის შვილი ივან ბარერა – გთავაზობთ კენჭისყრას: ვინ ეთანხმება დიბალას უფლებების ბიზნეს ჯგუფისთვის მიყიდვას?

23-მა დამსწრემ ხელი ასწია.

  • ვინ არის წინააღმდეგი?
  1. ერთმა თავი შეიკავა.

იმავე საღამოს ხოსე ტეო ხვდება დიბალას აგენტ პეირონეს და უყვება პაოლოს სატრანსფერო უფლებების საეჭვო ბრიტანელებისთვის და მათი კიდევ უფრო საეჭვო წარმომადგენლის, ყოფილი მაკლერის მასკარდისთვის, მიყიდვის შესახებ. ასევე, უმხელს საკუთარ გეგმებს, რომ აპირებს სხდომის დეტალების ჟურნალისტებისთვის განდობას, რათა ჩაშალოს ეს, მისი აზრით უკანონო, გარიგება. პეირონე შოკშია: დიბალას აზრი, რომელსაც 3 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს „ინსტიტუტოსთან“, არავის აინტერესებს – მას სათამაშოსავით ყიდიან. ყიდიან არა საფეხბურთო კლუბში, არამედ ბუენოს აირესელი ბიზნესმენის ხელში. პეირონე იგებს ტეოსგან, რომ მასკარდი საფეხბურთო შუამავალია. მისი ბოლოდროინდელი წარმატებები მოიცავს ფრანკო ვასკესის ტრანსფერს „პალერმოში“ და ხუან მანუელ იტურბეს გადასვლას „პორტუში“. ადრე ის მხოლოდ აველიანედის „რასინგთან“ თანამშრომლობდა, ახლა კი მთელს არგენტინულ ფეხბურთს მოედო.

2011 წლის ბოლო მატჩში დიბალას თავისი მე-8 გოლი გააქვს და ჟურნალისტებს ესაუბრება:

  • ამბობენ, რომ თქვენი წარმომადგენლები იტალიაში არიან.
  • ეს სიმართლეა, მაგრამ მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ დავეხმარო „ინსტიტუტოს“ პრიმერაში გადასვლაში, სეზონის ბოლომდე არსად არ მივდივარ.


ნეაპოლი. „სან პაოლოს“ სტადიონის ვიპ-ლოჟა. ნაპოლის მფლობელის აურელიო დე ლაურენტისის გვერდით სხედან სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი და მთავარი სკაუტი მარკო ძუნინო. მფლობელი ინტერესდება, რა ხდება იმ არგენტინელ ბიჭთან დაკავშირებით – დი ნაპოლი, დე პაოლი თუ რაღაც ეგეთი რომ ჰქვია. ბიგონი და ძუნინო ერთმანეთს აწყვეტინებენ და ისე პასუხობენ, რომ უცნაური საქმეა, დილით აგენტი 3 მილიონს თხოვდა, რამოდენიმე საათის შემდეგ კი ბიზნესმენმა მასკარდიმ დაურეკათ და უთხრათ რომ დიბალას უფლებები მას ეკუთვნის და 5 მილიონად დაუთმობთ.

  • ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ აუქციონში – თქვა დე ლაურენტისმა – სხვა ვინმე მოატყუონ.

ახალი წლის წინ ხავიერ ძანეტი ეპატიჟება დიბალას ყოველწლიურ საქველმოქმედო მატჩზე და ეუბნება, რომ „ინტერის“ მფლობელი მასიმო მორატი აღფრთოვანებულია მისი თამაშით და მზადაა დაასრულოს ტრანსფერი იანვარშივე, ხოლო პაოლო ივნისამდე დატოვოს კორდოვაში. პაოლო პასუხობს, რომ თანახმაა, მით უმეტეს რამოდენიმე დღის წინ ბუენოს აირესში იმყოფებოდა ევროპული პასპორტის ასაღებად, მისი ბაბუა პოლონური კვასნევადანაა, ბებია ნეაპოლიდან, ასე რომ პრობლემა არ იქნება.

მთელი იანვარი ვინ აღარ ჩამოდის მოლაპარაკებებზე მილანში: პრეზიდენტი ბარერა შვილებთან ერთად, ბიზნესმენი მასკარდი, აგენტი პეირონე და ტექნიკური დირექტორი ხოსე ტეო. მორატი ვაჭრობას იწყებს 2,3 მილიონი ევროდან, შემდეგ თანხმდება 3-ზე. გარიგება თითქმის შედგა, კორდოვაში იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გაინაწილონ ეს 3 მილიონი. ტეო და პეირონე ამტკიცებენ, რომ მასკარდისთან შეთანხმება უკანონოა და მთელი თანხა კლუბს ეკუთვნის, ბარერა კომპრომისს სთავაზობს: მასკარდიმ უკვე ჩაურიცხა „ინსტიტუტოს“ პირველი ტრანში, დაუბრუნონ უკან და დანარჩენი ფული დაიტოვონ.

თავად მასკარდი წინააღმდეგია დიბალას იგივე ფასად გაყიდვის, რამდენადაც შეიძინა, მაგრამ მას სხვა სადარდელი აქვს: 2002 წელს კომპანიის „ფერრო“ საეჭვო გაბანკროტების გამო, გუსტავოს პროკურატურა აწუხებს. 31 იანვრის დილას „ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო რეკავს „ინსტიტუტოში“ და იღებს რა წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, ხვდება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ასეთ არეულობაში შეთანხმების მიღწევა გამორიცხულია.

„ინსტიტუტოს“ მდივანი ივან ბარერა იღებს ფაქსს, რომ „ინტერს“ უკან მიაქვს თავისი შეთავაზება.

მე-4 სერია

2012 წლის ივნისი. ბარერა და თავდებით განთავისუფლებული მასკარდი ჩაფრინდნენ სიცილიაში და ყიდიან დიბალას „პალერმოში“, ამჯერადაც მისი ინფორმირების გარეშე. „პალერმოს“ მფლობელი მაურიციო ძამპარინი გახარებულია: „მე ვიყიდე „ახალი აგუერო“ 12 მილიონ ევროდ, დავასწარი რა „ინტერს“, „პსჟ“-ს და „ჩელსის“. არგენტინაში სხვა თანხას ასახელებენ – დაახლოებით 6 მილიონ ევროს, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ მიიღო. ბარერა განმარტავს, რომ ყოველ გადახდილ 1 ევროზე ძამპარინი კიდევ 1 ევროს გადასახადებს იხდის, ამიტომ გამოდის 12 მილიონი. ხოსე ტეო იმუქრება, რომ სარჩელს შეიტანს სასამართლოში ბარერას და მასკარდის წინააღმდეგ. ის ერთი მიზეზიც კმარა, რომ „პალერმოსთან“ სატრანსფერო შეთანხმებაზე არ არის მისი ხელმოწერა, ის კი კლუბის ტექნიკური დირექტორია. „პალერმოში“ ამბობენ, რომ იტალიური კანონმდებლობით მისი ხელმოწერა არ არის სავალდებულო. დიბალას აგენტი ომარ პეირონე ტეოს მხარეს იჭერს, არ ცნობს ტრანსფერს და ეძებს უფრო საინტერესო კლუბს დიბალასთვის, ეკონტაქტება „მანჩესტერ სიტის“, ცდილობს მოლაპარაკების განახლებას „ინტერთან“.

ასეთ ფონზე, დიბალა გამოდის გადამწყვეტ მატჩში „სან ლორენცოს“ წინააღმდეგ, სადაც უნდა გადაწყდეს პრიმერაში გადასვლის ბედი. „ინსტიტუტომ“ წააგო, მაგრამ დიბალამ დაასრულა სეზონი 17 გოლით, რაც 2-ით ნაკლებია კავენაგიზე, მაგრამ მეტია ტრეზეგეს გოლებზე (იმ წელს „რივერ-პლეიტიც“ მეორე ლიგაში გამოდიოდა). ზამთარში დიბალამ აღიარა, რომ ბედნიერი იქნებოდა ივლისში „ინტერში“ გადასვლით, ახლა კი ძალით უშვებენ „პალერმოში“. ომარ პეირონემ გაანდო გაზეთს „დღითი დღე“, რომ უკვე თვენახევარია, რაც ის და მისი ოჯახი მუქარის ზარებს იღებს მოთხოვნით, რომ გატყდეს დიბალას წინააღმდეგობა და დასრულდეს „პალერმოში“ ტრანსფერი. ივლისის შუა რიცხვებამდე დიბალა რომსა და ნეაპოლს შორისაა გაჩხერილი, იღებს იტალიურ მოქალაქეობას, და ფიქრობს საკუთარ მომავლზე. მას 3 ვარიანტი აქვს: 1) გააგრძელოს პროტესტი, მოითხოვოს კლუბის არჩევის უფლება და მოემზადოს ხანგრძლივი სასამართლო გარჩევებისთვის; 2) იპოვოს კლუბი, რომელიც გამოისყიდის მას „პალერმოსგან“; 3) მოელაპარაკოს „პალერმოს“.

ივლისის ბოლოს დიბალა ხელს აწერს ოთხწლიან კონტრაქტს პალერმოსთან, იგივე ხელფასზე, როგორიც მის წინამორბედს ხავიერ პასტორეს ქონდა 2009 წელს. იგი სახლდება პალერმოში დედასთან ერთად, რომელიც ყოველ საღამოს ამზადებს ვახშამს არა მხოლოდ საკუთარი ვაჟისთვის, არამედ მისი პარტნიორის და ახალი საუკეთესო მეგობრის ფრანკო ვასკესისთვისაც, რომელიც მასსავით კორდოვიდან ჩამოვიდა სიცილიაზე. იანვარში დიბალას გააქვს „ლაციოსთვის“, მაგრამ 2 კვირის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, ხოლო პალერმოში იცვლება მწვრთნელი.

  • მწვრთნელი, რომელიც არ ათამაშებს დიბალას, ჩემგან პანღურს მიიღებს! – ღრიალებს ძამპარინი „ატალანტასთან“ დამარცხების შემდეგ.

ნახევარი სეზონის განმავლობაში ძამპარინი 4-ჯერ ცვლის მწვრთნელს და ყოველთვის ისეთი თამაშების შემდეგ, როცა დიბალა სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. სექტემბერში სანინო ცვლის გასპერინის, თებერვალში მოდის მალეზანი, სამი კვირის შემდეგ ბრუნდება გასპერინი, კიდევ სამის შემდეგ – სანინო. ასეთმა კარუსელმა „პალერმო“ და დიბალა სერია ბ-ში გადაისროლა.

შვებულების დროს პაოლო სამშობლოში ბრუნდება და ოპოზიციონერი ჟურნალისტისგან ხორხე ლანატოისგან იგებს, რომ მან ამხილა კორუფციული სამკუთხედი, რომელშიც მონაწილეობდნენ არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი ნესტორ კირშნერა, მისი ვაჟი მაქსი და გუსტავო მასკარდი, რომლებიც დაკავებული იყვნენ ფულის გათეთრებით არგენტინელი ფეხბურთელების ევროპაში გაყიდვის მეშვეობით.

მე-5 სერია

2013 წლის შემოდგომა. „ინსტიტუტო“ უიმედობამ მოიცვა: ფეხბურთელები უარს ამბობენ ვარჯიშზე, სანამ ხელფასს არ მიიღებენ, გულშემატკივრები კლუბის ოფისის ფანჯრებს ამტვრევენ, პრეზიდენტი ბარერა კი ტოვებს თანამდებობას. კორდოვიდან 50 კილომეტრში, ლაგუნა ლარგაში პატარა უხარისხო მოედანზე სებასტიან ბარიონუევო ბავშვებს ავარჯიშებს. ადრე ყველას სხვადასხვა ფორმა ეცვა, ახლა ისინი იყოფიან 2 გუნდად: ერთნი „პალერმოს“ თეთრ მაისურებში, მეორენი – ვარდისფერში. ივლისში დიბალამ ასი 9 ნომრიანი მაისური ჩამოუტანა თავის პირველ მწვრთნელს – სებას, როგორც ბარიონუევოს ეძახიან ქალაქში, და თანაკლასელებს (პაოლომ სკოლა იტალიაში გაფრენამდე ერთი თვით ადრე დაამთავრა).

2014 წლის 15 მარტს პაოლოს ფრანკო ვასკესის პასით „ბრეშასთვის“ გააქვს გოლი. არგენტინული პოლიცია კი ჩხრეკას ატარებს „ინსტიტუტოს“ ოფისში, დიბალას ტრანსფერის დროს არსებული თაღლითობის გამოძიების ფარგლებში. ჩხრეკის საფუძველი გუსტავო მასკარდის საჩივარია. მან თავი დააღწია მართლმსაჯულებას და საპასუხო დარტყმას აყენებს კლუბს, რომელიც საკუთარ პრეზიდენტს აუჯანყდა დიბალას გაყიდვის გამო. პაოლო ბრუნდება სერია ა-ში, გოლები გააქვს ზედიზედ 5 თამაშში, ანტონიო კონტე ეპატიჟება მას იტალიის ნაკრებში, „ინსტიტუტოს“ პრეზიდენტს ხუან კარლოს ბარერას კი ახალი უსიამოვნებები აქვს – ის და მისი სამი ვაჟი დაპატიმრებულები არიან ფირმა „ბაკართან“ დაკავშირებული ფინანსური მაქინაციების გამო.

2015 წლის 6 იანვარს დიბალა დუბლს ასრულებს „კალიარისთან“ მატჩში, არგენტინის მე-10 არხზე კი გამოძიების რეპორტაჟს აჩვენებენ, რომლიდანაც ირკვევა, რომ „ინსტიტუტოს“ პრეზიდენტმა ბარერამ 2011 წელს ორი ხელშეკრულება გააფორმა ბიზნესმენ მასკარდისთან – ერთი, ყველასთვის ნაცნობი, 3 მილიონზე, ხოლო მეორე, რომელიც ახლა ამოტივტივდა, კიდევ 1 მილიონ დოლარზე. მასკარდის ეს ამბები არ ანაღვლებს, მოგზაურობს მთელს ევროპაში და მაურიციო ძამპარინის სახელით დიბალას გაყიდვას ცდილობს 40 მილიონ ევროდ. სწორედ ამდენი ესაჭიროება „პალერმოს“ მფლობელს ზარალის ასანაზღაურებლად.

2015 წლის 4 აპრილს დიბალა მეორედ ამწუხრებს „მილანს“, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მწვრთნელი იაკინი საუკეთესო ბომბარდირს თადარიგში სვამს. ის ამას ძამპარინის დავალებით აკეთებს, რომელიც ასრულებს „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით და არ სურს მისი ჯანმრთელობის გარისკვა სასიცოცხლო მნიშვნელობის გარიგების დროს. ძამპარინის უკეთესი შეთავაზებაც აქვს, მაგრამ „ინსტიტუტოსთან“ შეთანხმების მიხედვით, მან თანხის 2% უნდა მისცეს არგენტინულ კლუბს დიბალას არა-იტალიურ გუნდში გაყიდვის შემთხვევაში. ახალი კლუბის დაპატიჟებით დიბალა ბერლინში მიფრინავს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად და იკავებს გუნდში კარლოს ტევესის ადგილს, რომელმაც 12 წლის წინ „კაბრელოას“ კარში გატანილი გოლით, დაარწმუნა პაოლო, რომ უიღბლო არ არის.

რამდენიმე თვის შემდეგ დიბალა ითამაშებს არგენტინის ნაკრებში, გაიტანს გამარჯვების გოლს „რომას“ კარში, რომელიც მისთვის მე-12 იქნება ჩემპიონატში, „იუვეს“ დირექტორი ბეპე მაროტა არც კი განიხილავს „ბარსელონას“ 80 მილიონიან შეთავაზებას, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით იქნება. მანამდე კი, „იუვესთან“ კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ კვირაში, პაოლო ბრუნდება ლაგუნა ლარგაში. კლუბი „სპორტივო“, რომელშიც პაოლო 9 წლიდან ვარჯიშობდა, ხოლო მამამისი 80-იანებში თამაშობდა, კლუბის ყველაზე სახელგანთქმული მოსწავლის სახელობის საღამოს აწყობს. მოედნის გარშემო 700 მაყურებელია, ლაგუნა ლარგას მოსახლეობის მეათედი. მათ შორის არიან პაოლოს დედა და ორი ძმა. კორდოვიდან თვით სანტოს ტურსაც ჩამოვიდა, მიუხედავად იმისა რომ ფეხის პრობლემის გამო ბოლო დროს ცოტას მოძრაობს.

დიბალას ხელში ფოტო უჭირავს, რომელზეც მამამისი ზედა რიგში მარცხნიდან მესამეა.

წყარო: Sports.ru

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

21
Leave a Reply

avatar
20 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
6 Comment authors
^(#$!@#$)(()))******paulo dybalaDeL_PieRoOoarseniმგელ პიერო Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
^(#$!@#$)(()))******
სტუმარი
^(#$!@#$)(()))******

1

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:smile: ჰაჰ

paulo dybala
სტუმარი
paulo dybala

genacvale dybala

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:) კარგია

DeL_PieRoOo
იუვენტინო
DeL_PieRoOo

:forza: საღოლ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:forza: :forza: :forza:

:juvee: :juvee: :juvee:

arseni
სტუმარი
არსენი

დიბალამ ოლიმპიადაზე უნდა გაიბრწყინოს რიო დე ჟანეიროში

მგელ პიერო
სტუმარი
მგელ პიერო

:up: :forza: :achuu:

vito_juventino
სტუმარი
vito_juventino

გენაცვალე ავტორ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

აბა საიტიდან ვერ გავედი წყალი რო დავლიო ძალიან მაგრები არიან

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:lool:

LB19
სტუმარი
LB19

Shemovedi da imdeni inpormaciaa vegarc vaswreb wakitxvas bravo administracias :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

Magari statiaa :up: Dibal magrat gagimartla intershi ro ar moxvdi tore iqnebodi exla medeli :chuvak:

delpieronedved
სტუმარი
delpieronedved

მე რო იუვეს ხელმძღვანელი ვიყო, რა საკუტებიც ყავს პორსტოს და ფენფიკას ყველას გადმოვიბირებდი

delpieronedved
სტუმარი
delpieronedved

ნეტა ვიეტოც დაგვეთრია, არარი ნაკლები

delpieronedved
სტუმარი
delpieronedved

მადლობა ავტორს, ბოლომდე წავიკითხე, კარგი მომავალი აქ დიბალას, თუ მოინდომებს

Shako
იუვენტინო
Shako

საღოლ!!! :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ავტორ სუპერი ხარ მადლობა დიდი

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

მართლაც ბრავო ავტორს :forza: მაგარი სტატიაა :up:

Dutch
ადმინისტრატორი

ბრავო! :juvee:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კარგი სტატიაა მადლობა ავტორს:))

x