ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი

იტალიის ნაკრების კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი 1978 წლის 28 იანვარს იტალიის პატარა ქალაქ კარარაში დაიბადა. როგორც მისი მშობლები აღნიშნავენ, „ჯიჯი“ ძალიან დაბნეული და მოუწესრიგებელი ბავშვი იყო, არასდროს იცოდა, რა უნდა ეკეთებინა და ყველანაირად ცდილობდა, მეგობრებსა და თანაკლასელ გოგონებს მისთვის არ დაეცინათ.

„ახლა 191 სანტიმეტრი ვარ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მეათე კლასის შემდეგ სიმაღლეში არ გავზრდილვარ და გოგონებში პოპულარობით არ ვსარგებლობდი. აბა, რომელ გოგონას უნდა, მის გვერდით მყოფი ბიჭი აყლაყუდა იყოს? გრძელი ხელები, დიდი ყურები და სქელი ტუჩები ჰქონდეს? ვაღიარებ, რომ მაიმუნს ვგავდი და ამის გამო სერიოზული პრობლემები მქონდა. გოგონები ჩემთან საერთოდ არ მეგობრობდნენ“, – იხსენებს ბუფონი.

იტალიელთა კარის დარაჯი აღიარებს, რომ წიგნების კითხვა არასდროს იზიდავდა და ბავშვობიდანვე იმის ფიქრში იყო, თუ როგორ ეშოვნა ბევრი ფული ისე, რომ საამისოდ განათლება საჭირო არ ყოფილიყო.

„შენ ფეხბურთზე უნდა იარო, მაღალი ხარ და თავდასხმაში თამაშს შეძლებ“. – ურჩია ერთ დღეს მამამ და „ჯიჯი“ საფეხბურთო სკოლას მიადგა.

„ჯერ თავდასხმაში მათამაშეს, მერე – დაცვაში და არაფერი რომ არ გამომივიდა, მწვრთნელმა კარში ჩამაყენა, რამაც ძალიან გამახარა. ჯერ ერთი, სირბილი არ მჭირდებოდა და მეორეც – კარგი რეაქცია მქონდა და ბურთებს ერთგვარი სიხარულითაც კი ვიჭერდი, მაგრამ თუ გოლი გავიდოდა, არც ამაზე ვნაღვლობდი“, – ამბობს ბუფონი.

17 წლის ასაკში ბუფონი „პარმაში“ მიიწვიეს და, რა თქმა უნდა, თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს, რადგან ძალიან ახალგაზრდა და, რაც მთავარია, ძალიან დაბნეული იყო, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა – სეზონის მიწურულს „პარმას“ ჯერ ძირითადმა მეკარემ მიიღო ტრავმა, მერე – სათადარიგომ და მწვრთნელი იძულებული გახდა, ადგილი ბუფონისთვის დაეთმო, რადგან გუნდს სხვა მეკარე, უბრალოდ, არ ჰყავდა. სეზონის დასრულებას 9 ტური უკლდა და იმ ცხრა შეხვედრაში „ჯიჯიმ“ მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

„შვებულება უდარდელად გავატარე, წონაში საგრძნობლად მოვიმატე. თუმცა, ამაზე არ მინერვიულია, რადგან ვიცოდი, ახალ სეზონს ისევ სათადარიგოთა სკამზე დავიწყებდი. როცა, ერთი თვის შემდეგ შეკრებაზე გამოვცხადდი, ყველა აგვწონეს. მე ოთხი კილოგრამი მქონდა მომატებული. მწვრთნელმა დამტუქსა, პირველ მეკარედ მინდოდიო, მაგრამ ახლა რა ვქნა, ძალიან გასუქდიო. მისი კაბინეტიდან უხმოდ გამოვედი, შვიდი ცალი მაისური ჩავიცვი და 27-გრადუსიან სიცხეში დავიწყე სირბილი. საღამოს სამი კილოგრამი მქონდა დაკლებული, მეორე დღეს იგივე პროცედურის შემდეგ კი საჭიროზე მსუბუქი ვიყავი“. – ღიმილით ყვება ბუფონი

მწვრთნელმა დანაპირები შეასრულა და „ჯიჯი“ ძირითადი მეკარე გახდა. მან 1996-97 წლების სეზონში 27 შეხვედრაში ითამაშა და წლის ბოლოს იტალიის ნაკრებში მიიწვიეს. 19 წლის ბიჭისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო.

მომდევნო 4 წელიწადში „პარმა“ იტალიაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და, როცა მის ძლიერ მხარეზე საუბრობდნენ, უპირველესად მეკარეს ახსენებდნენ – ჯანლუიჯი ბუფონი კარისკენ წასულ ბურთებს ხელებში მაგნიტივით იზიდავდა. მალე მან ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ცხადი გახდა, რომ „ჯიჯი“ „პარმასთვის“ ძალიან დიდი ფუფუნება იყო და კლუბის ხელმძღვანელობისათვის პირველმა საგანგაშო ზარმაც მაშინვე ჩამოჰკრა, როცა ბუფონის შეძენა კატალონიის „ბარსელონამ“ მოიწადინა. „პარმას“ შეფებმა ეშმაკობა იხმარეს და 23 წლის კიპერის სანაცვლოდ 52 მლნ დოლარი მოითხოვეს. ეს თანხა იმდენად არარეალური იყო, რომ „ბარსამ“ უარი განაცხადა, თუმცა…

„ბუფონი 23 წლის იყო, რაც იმის გარანტიას გვაძლევდა, რომ მინიმუმ 12 წელს კარში დგომას შესძლებდა. ამ ხნის განმავლობაში კარი საიმედოდ რომ გაქვს დაცული, საუცხოოა და ამიტომაც „პარმას“ 52 მილიონი გადავუხადეთ“, – იხსენებს „იუვეს“ იმჟამინდელი თავკაცი მარჩელო ლიპი.

ამ ტრანსფერის შემდეგ ბუფონი მსოფლიოშო ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და მისი რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია.

„საოცარი გრძნობა დამეუფლა – მე, 23 წლის ბიჭი, მაღალი და დიდი ყურებით, ბიჭი რომელსაც გოგონები გამირბოდნენ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კიპერი გავხდი და შესაბამისად, ჩემს პოზიციაზე საუკეთესოც. ნელ-ნელა ნაცნობების თვალში „გავლამაზდი“ და გოგონებიც შინ მიცვივდებოდნენ. მათთან ერთდღიანი რომანები მქონდა, ანუ ვისზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, 23 წლის ასაკში მივიღე. ერთი ღამის სიყვარულს არც ისინი ნანობდნენ, რადგან 52 მილიონ დოლარად ღირებულ ადამიანთან ეძინათ“, – ამბობს „ჯიჯი“.

მართლაც, ბუფონის ლოგინში არაერთმა ლამაზმანმა იკოტრიალა, თუმცა ფეხბურთელი მუდმივად იმეორებდა, ცოლს კარიერის დასრულებამდე არ მოვიყვანო, მაგრამ…

რამდენიმე წლის წინ ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, არანაკლებ ცნობილი ფეხბურთელი, კრისტიან ვიერი დასასვენებლად მალდივიზე გაემგზავრა. მცირე ზომის კატარღა იქირავა და წარმოშობით რუს ჩეხ მოდელთან, ალიონა სერედოვასთან ერთად ცხოვრობდა. ვიერი იმდენად კარგად ატარებდა დროს, რომ ჯერ „მილანის“ ფორვარდს, ფილიპო ინძაგის დაურეკა, ჩამოდიო, შემდეგ – ბუფონის.

პიპო მეორე დღესვე იქ გაჩნდა და რადგანაც ვიერის იტალიაში სატრანსფერო საქმეებზე იბარებდნენ, მან ქალიცა და კატარღაც ფილიპოს დაუტოვა. ჰოდა, ალიონუშკა ახლა ინძაგის ქალი გახდა. ერთ კვირაში მალდივიზე „ჯიჯიც“ ჩავიდა.

„როდესაც ალიონა დავინახე, იმდენად მოვიხიბლე, რომ კარგა ხანს ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებდი. ფილიპომ ეს შენიშნა, მარტო დაგვტოვა და… არც კი ვიცი, ამას რა დავარქვა“, – ასე იხსენებს ბუფონი სერედოვასთან პირველ შეხვედრას.

მოკლედ, მეკარემ გოგონასთან ერთად თვეზე ოდნავ ნაკლები გაატარა და ტურინში დაბრუნებისთანავე კი საცხოვრებლად საკუთარ სახლში გადაიყვანა. ალიონამ შექმნილ სიტუაციას კარგად აუღო და კდემამოსილი ქალბატონი გახდა. უფრო მეტიც, თუ აქამდე ფოტოგრაფს საჟურნალედ ფეხებს სიგრძე-სიგანეზე უშლიდა, ახლა შიშველი სხეულის ჩვენებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ინტერვიუებში კი ამბობდა, რომ ბუფონის სახით ოცნების მამაკაცს მივაგენიო (არადა, რამდენ ხანს ეძებდა!).

მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ალავერდივით გადაცემული ქალი „ჯიჯის“ მალევე მოსწყინდებოდა, პირიქით მოხდა – მსოფლიო ჩემპიონატზე საგულშემატკივროდ ალიონა ბუფონის საცოლის რანგში წავიდა და ფინალური მატჩის წინ მეკარისგან პირობა მიიღო, თუ ჩემპიონი გავხდი, ცოლად მოგიყვანო. უფრო სწორად, „ჯიჯიმ“ გოგონას შესთავაზა, ოქროს მედლების მოპოვების შემთხვევაში, ცოლობაზე უარს ნუ მეტყვიო.

იტალიამ მსოფლიო თასი მოიგო, ალიონამ – ბუფონი და ზაფხულში ქორწილიც გაიმართა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

12
Leave a Reply

avatar
8 Comment threads
4 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
8 Comment authors
boxolatsotsoraninia-juveOMAR SIVORIსაბა შიოშვილი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
boxola
იუვენტინო
boxola

თანამედროვე მაკარეებიდან ბუფონს მარტო ჩეხს თუ შევადარებ:!:

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

კასილიასი ძლიერი მეკარეა, თუმც გულის სიღმეში მაინც ვერ ვიტყვი დიადი მეკარეა-თქო.(ისე კი როგორ ვერ ვიტან რეალს და ინტერს)

tsotsora
იუვენტინო
tsotsora

OMAR SIVORI კასილასსაც დავაყენებდი მად

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

კასილასი ცენზურაა :D

ninia-juve
იუვენტინო
ninia-juve

დაბრუნდი რა ჯიჯი მალეეეეე:*

OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

დიდი მეკარე, ისეთი დიდი მეკარეების გვერდზე, როგორებიც არიან: ძოფი, იაშინი, შუმახერი, პფააფი, შმეიხელი, კანი!!!!! ბრავოოოო ჯიჯიიიიიიიიიი-დღესდღეისობით პლანეტის საუკეთესო გოლკიპიერი!!!!!!

pavel nedved11
იუვენტინო
pavel nedved11

ნომერი პირველი და არავინ შემეწინააღმდეგოს თორე მაგრად დავცინეებ!!

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

არა ძმა აქ არავინ შეგეკამათება :smile:

საბა შიოშვილი
იუვენტინო

აუ უნამუსო თუ შეგეწინააღმდეგება :D

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

“მართლაც, ბუფონის ლოგინში არაერთმა ლამაზმანმა იკოტრიალა, თუმცა ფეხბურთელი მუდმივად იმეორებდა, ცოლს კარიერის დასრულებამდე არ მოვიყვანო, მაგრამ…” ეს მომეწონა მაგრად :D

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარე :smile: საღოლ გვასა

x