ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2015/16 სეზონის შეფასება – ცენტრალური მცველები

მოგესალმებით იუვენტინოებო! უკანასკნელი დღეები საკმაოდ დაძაბული და ნიუსებით დახუნძლული გამოდგა. პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო პიანიჩის თითქმის გაოფიციალურებული ტრანსფერი. იუვენტუსისთვის დიდი წარმატებების და გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს ეს გადადგმული ნაბიჯი! ახლა კი მსურს გავაგრძელო განვლილი წარმატებული სეზონის განხილვა და მეკარეების შემდეგ დღეს ვისაუბრებთ ბებერი ქალბატონის ყველაზე ძლიერ რგოლზე, დაცვაზე და კონკტრეტულად ცენტრალურ მცველებზე.

სეზონი რომ ნოემბრის დასაწყისში დასრულებულიყო ძალზედ გაჭირდებოდა მთელი გუნდისა და მათ შორის ცენტრალური მცველების შეფასება. მაგრამ “იუვენტუსისთვის” საბედნიეროდ და სხვა გუნდებისთვის სამწუხაროდ სეზონი ორი თვე არ გრძელდება და წლის ბოლოს უკვე სულ სხვა შეფასებების გაკეთება გვიხდება.

დაღლილები, უსიცოცხლონი და ხნიერნი, ეს იმ ეპითეტების მოკლე ჩამონათვალია, რომლითაც პირველ თვეებში ამკობდნენ იმ მცველებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არა მხოლოდ “იუვენტუსის”, არამედ “სკუადრა აძურას” ხერხემლად იქცნენ. ჩვენი დაცვა ისეთ უსახურ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ სხვა და სხვა იტალიური გამოცემები მათ ყველაზე სასაცილო და სამარცხვინო ჯილდოებს ანიჭებდნენ.

მოდით ახლა სწრაფად მაისამდე გადავახვიოთ დრო: გუნდმა შეძლო და ჩემპიონატის ისტორიაში ყველა უფრო შთამბეჭდავი “ქამბეკი” განახორციელა და სწორედ იმ მცველებმა, რომლებზეც წლის დასაწყისში მთელი იტალია იცინოდა უმთავრესი როლი ითამაშეს ამ დაუვიწყარ გამარჯვებაში.

“იუვენტუსის” ცენტრალური მცველების შეფასება ძალიან გაგვიჭირდება რამდენიმე მიზეზის გამო.

ა) ისინი არიან ზედმეტად კარგები.

ბ) მათ უკან თამაშობს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე, რომელიც მუდამ მზადაა დააზღვიოს მცველები

თუმცა ყველა მიზეზიც რომ გვერდით გადავდოთ, “ბბკ” და კომპანიამ შეძლო და 10 მატჩიანი “მშრალი” სერია ჩაატარა, რაც ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე. მოდით ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ  ჯანლუიჯი ბუფონი “მშრალი” სერიის გმირად აღიარეს, ეს არ მოხდებოდა რომ არა უპრეცენდენტოდ ნიჭიერი მცველების საუკეთესო ასპარეზობა.

სანამ უშუალოდ შეფასებებზე გადავიდოთ ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ წელს “იუვენტუსმა” წელს გაიმეორა საუკეთესო მაჩვენებელი გაშვებული გოლების მიხედვით (20 გოლი სეზონში) რაც აქამდე მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო… იუვენტუსმა 2011/2012 წლებში.

 

ანდრეა ბარძალი 8,5

რა შეიძლება ითქვას ანდრეას შესახებ? მეტსახელები “კლდე” და “wallzagli” არ მოდის უბრალოდ კარგი თამაშის შედეგად. ბარძალი უკვე წლების განმავლობაში “იუვენტუსის” დაცვის ბურჯად გვევლინება და ის ფაქტი რომ თავის დროზე მისი ფასი 300 000 ევრო იყო მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას გვრის ყველა გულშემატკივარს. გასულ სეზონში, როგორ არასდროს, ბარძალი დაცვის ლიდერად მოგვევლინა და თავისი წვლილი შექონდა ამომავალი ვარსკვლავის დანიელე რუგანის განვითარებაში. ანდრეას შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მცველი რომელიც თავისი სისწრაფის ნაკლს პოზიციის იდეალური შერჩევით აკომპენსირებს. სწორედ ამიტომ 35 წლის მცველი აგრძელებს თამაშს უმაღლეს დონეზე და, ალბათ, ასეც გააგრძელებს მანამ სანამ ფეხბურთის თამაშს საბოლოოდ არ დაასრულებს.

71 შეხვედრაში 124-დან (57 პროცენტი), როდესაც ბუფონი და ბარძალი მოედანზე იყვნენ “იუვენტუსს” გოლი არ გაუშვია, ერთი სიტყვით, კედელი, რომელთან ერთადაც ნებისმიერი მეკარე ისურვებდა თამაშს.

 

ლეონარდო ბონუჩი 8,5

თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ლეოს უმაღლესი დონის მცველობაში, 2015/16 წლის სეზონმა ყოველგვარი ეჭვები გააქარწყლა. ბონუჩი უდაოდ ერთი-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ამ ისტორიული “იუვენტუსის” და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში თავისი გამოკვეთილი ლიდერული თვისებებითა და გრძელი გადაცემებით, რომლებიც იუველირული სიზუსტით არღვევს მეტოქი გუნდის დაცვის ხაზებს. თავის ყველა სიტყვაში და მოქმედებაში ლეონარდო ნამდვილი “იუვენტინოს” სულს ავლენს. ბონუჩის საოცარი სტაბილურობა და არა ტრავმიანი სეზონი გუნდს ყველა რთულ მონაკვეთებში, როგორც მალამო ისე შველოდა. ბონუჩი გახდა მცველი, რომელმაც ყველაზე მეტი (27) შეხვედრა მოიგო სერია ა-ში 2015/16 წლის სეზონში.

 

ჯორჯო კიელინი 7,75

რთულია კიელინის შეფასება გასული სეზონის ასპარეზობის მიხედვით. როდესაც ჯორჯო მოედანზე იმყოფებოდა მისი კლასი და პროფესიონალიზმი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა და რომ არა გახშირებული ტრავმები ჩვენი 3 ნომერიც მიიღებდა ისეთივე შეფასებას, როგორც ბონუჩი და ბარძალი. თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში კიელინი ღებულობდა ტრავმას, გამოდიოდა მოედანზე და ნახევარ საათში ისევ გაყავდათ ტრავმის რეციდივის გამო. ფაქტია, ზოგჯერ, ჯორჯოს სიხისტე და თავდადებულობა მისი სუსტი წერტილი ხდება, თამაშის დაუოკებელი სურვილი კი არ აძლევს მის ტრავმებს მოშუშების დროს. განვლილ სეზონში ჯორჯომ 34 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა აქედან მხოლოდ 21 შედგა სერია ა-ში. წელს “იუვენტუსს” კიელინი ძალიან დააკლდა და, ვიმედოვნებთ, მომავალში იგივე არ განმეორდება, რადგან ის გუნდს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს თავისი ევროპული მიზნების განხორციელებისათვის.

მოსვლის დღიდან კიელინიმ სულ რაღაც ორჯერ დაასრულა სეზონი გატანილი გოლების გარეშე, პირველად 2004/05 წლებში, ხოლო მეორედ 2014/15 წლების სეზონში.

 

დანიელე რუგანი 7,5

ყურადღება! 53 ჩატარებული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, როგორც იქნა ამ სეზონში დანიელე რუგანიმ პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ფიორენტინას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ხოლო შემდეგ მატჩში კი კიდევ ერთი ყვითელი. სულ ესაა, 2 ყვითელი ბარათი განვლილ ორ სეზონში.

თუმცა თუკი სერიოზულად მივუდგებით რუგანისთვის ეს სეზონი საკმაოდ სოლიდური გამოდგა. 21 ჩატარებული შეხვედრა ყველა ტურნირზე. კიელინის ტრავმიანობამ, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში მისცა შანსი ახალბედა მცველს თავის გამოჩენისა და “კბილების მოლესვისა”. რაც შეეხება მისი ასპარეზობის ხარისხს, საწყის ეტაპზე იგრძნობოდა აშკარა დეფიციტი გამოცდილებისა და სიდინჯისა, თუმცა “ბბკ” ტრიოს გვერდით ყოფნა ამ წუნს საკმაოდ კარგად ფარავდა. ალეგრის მოთმინება და სიმშვიდე, რომლითაც ის რუგანის წვრთნიდა და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაში თამაშს აჩვევდა ნამდვილად შეფასების ღირსია. ალგერი ასევე იქცეოდა შარშან მორატას და წელს ასევე დიბალას შემთხვევაში, თითქოს, ამ ადამიანმა ყოველთვის იცის ზუსტად თუ რას აკეთებს. მოკლედ, მომავალი სეზონი რუგანისთვის უნდა აღმოჩნდეს ბევრ კითხვაზე პასუხის გამცემი, რადგანაც სწორედ ახალბედა 6-იანი არის “იუვენტუსის” დაცვის მომავალი.

 

მარტინ კასერესი 6,5

კასერესის შესახებ ბევრის თქმა მართლაც რთულია. ტრავმებით გატანჯული ურუგვაელი უკვე მერამდენე სეზონის უმეტეს ნაწილს ან ლაზარეთში ან სათადარიგოთა სკამზე ატარებს. მარტინი უდავოდ სიმპატიური ფეხბურთელია და თანაგუნდელებთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, თუმცა რა სარგებელს მოუტან გუნდს მაშინ, როცა დაუსრულებელი ტრავმების გამო თითქმის ყოველთვის მიუწვდომელი ხარ. 2015/16 წლებში ჩატარებული 11 შეხვედრა კასერესისათვის “გედის სიმღერად” იქცა და ეს მაროტამაც დაადასტურა შემდეგი კომენტარით:

“იუვენტუსი კასერესთან საქმიან ურთიერთობას წყვეტს 2016 წლის 30 ივნისს”. მარტინი ყოველთვის პროფესიონალურად ეკიდებოდა საქმეს, არ ვიცი თუ სად გააგრძელებს ის კარიერას”.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები ვუსურვოთ ურუგვაელ მცველს, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ “იუვენტუსის” ხუთგზის ჩემპიონობისა. ყველა ჩვენგანისთვის რთული წარმოსადგენია კასერესი სხვა ფერის მაისურში, გარდა შავ-თეთრისა.

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
3 Comment authors
მიშო აბაშიძეDutch Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Dutch
ადმინისტრატორი

:up: :juvee: სტატია ფანტასტიკურია და მადლობა მიშო!

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

გაიხარე ავტორ კარგი სტატიაა

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

არ დაგავიწყდეთ რომ იუვეში იტალიური სულია და ფორცა იტალიააა ვისაც იტალიის კარგი არ გაუხაედეს იმას დიდი მინდორი დანამა : )))))))))))))სირცხვილია ხალხო რა უცხოელები იუვეში პალაჟენია იტალიელებს უნდა მიყავდეს და ფორცა სკვადრასს

x