ზინედინ არაბი (ათასერთღამურად)

და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა.

  ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა, თან იქ მოსული ხალხის ლაპარაკს უგდებდა ყურს. ერთი ვაჭარი კაცი ჰყვებოდა მილეთის ამბავს, უცხო ქალაქებისას და უცხო ხილებისას, ცხრა ზღვის ფათერაკებს.
იმ დღეს კარგად მოილხინა ზინედინ არაბმა და შინ რომ მივიდა, ფიქრი ეწვია მოგზაურობისა. რა არის კაცი მობურთალი, თუ არ გასცდა თავის ქალაქს, არ მოიხილა ქვეყანა და შორეულ მხარეშიც არ ააგდო ბურთი? და გადაწყვიტა შორს წასვლა ზინედინმა და დილითვე შეჰკრა ბარგი და იყიდა ხომალდი სანავთსადგომო ქალაქ მარსილსა და შესცურა ზღვაში.
მრავალ დღეს იცურა და იცურა და ათასი ფათერაკი გადაიტანა და ბოლოს გადაწყვიტა გაჩერებულიყო რომელიმე ალაგას. მიაყენა გემი, გადმოვიდა იქედან, იყიდა აქლემი და ხმელეთით ვლო ზინედინ ზღვათმოარულმა.
და არ დაისვენა მანამ, სანამ არ მიადგა ტორინ-ქალაქად წოდებულ მიწას, სადაც ნახა მინდორი სახელითა „დელე ალაპ“ და ამოიღო ხურჯინიდან ბურთი, ააგდო და მოჰყვა ბურთაობას იმ მინდორზე. მთელი დღე და ღამე იბურთავა და რომ მოიქანცა, დაინახა ზინედინ არაბმა, კაცი დგას და უმზერს.
ეს კაცი კი იყო ამ მინდვრის მელიქი მარსაჰალ იბნ-ლიპ, კაცი შუენიერი იერისა და ბრძენი და უთხრა შემდეგი ბეითი მარსაჰალმა მხლებელს:
– არ მინახავს მობურთალი ასეთი. განა ყოველთვის წინ გასჭრის ბურთს? იქეთ სჭრის, საითაც საჭიროა და ჭოგრიტის თვალი აქვს ან როგორ ბლანდავს ბურთს ფეხთა შუა, რომ მონახოს სიბრძნე ფინტის სიცრუისა.
ესმა ეს ლაპარაკი ზინედინ არაბსა და მიუგო:
– ბურთაობა სიბრძნეც არის, თვალიც და გულიც. ასეთი რამ მსმენია და ასე ვბურთაობ. სიხარული შემოდის ჩემს გულში, როცა იმგვარად გავჭრი ბურთს, სხვას რომ აღაღებინებს კარს…
ეს სიტყვები იყო და მარსაჰალმა გულში ჩაიკრა ზინედინ არაბი. იშვილა მარსაჰალმა და ერთად ვლეს ათასი მინდორი. მრავალი იმარჯვეს და ცოტა წაგება ნახეს. ბევრი სახელი და ოქრო მოიხვეჭეს, იპყრეს ადგილები და ზინედინ ზიჰდან არაბი დაბრძენდა. ჯანი ემატა და ფიქრი. იმგვარად ბურთაობდა, რომ ტაშისცემით უხვდებოდნენ და ისიც მინდორს რომ გახედავდა, უკეთესის ძებნაში იყო. და პოულობდა, რადგან თქმულა, თუკი მობურთალის ტაქტიკა ტექნიკაა, ხოლო ტექნიკა ტაქტიკა, იმას ვერ გააჩერებ.
და ვლო ზინედინ მინდორთმოარულმა მარსაჰალთან ერთად ცოდნით მრავალგან და ბოლოს მივიდა ძველ ქალაქ კრეშატიკ-ალაგსა, სადაც ღეტმანვეზირად იყო კაცი ბებერი, გულზვიადი და ვერაგი. ამ კაცს ერქვა ლობან-მეუფე და ორი ათასი მინდორი ევლო. უყვარდა რბენა, ღრჭენა და მისნაირნი და ქალაქის მოედანზე გამოსულს ეთქვა:
– მე დავცემ მარსაჰალსა და ზინედინ არაბსა.
არ იყო ავი კაცი მარსაჰალი,მაგრამ უთხრა ზინედინს:
– ჩვენი შერცხვენა გადაუწყვეტია ამ კაცს.უთქმელებს ამბობს. წყალში ჰყრის ჩვენს პატივს.

და მიუგო ზინედინ არაბმა:
-გავალ მინდორზე და იმას გავაკეთებ,რაც აქამდე გამიკეთებია.დავბლანდავ და გავჭრი ბურთს და იქეთ გადავაგდებ,მისი ჯარი რომ აინურშიაც ვერ მოვა და ვერც თვითონ მოვა აინურში, ლობან-მეუფე, იმიტომ რომ დაავიწყდა, ბურთაობა სილამაზეა.
და გავიდა მოედანზე ზინედინ არაბი და ჰქმნა სამართალი. აიღო კრეშატიკ-ქალაქი სიბრძნითა და სილამაზით…
და გოგია მესვეტეს შემოათენდა ნებადართულ შუქზე, რომელიც მიუბოძა მას „თელას“, რათა ეხილა ბურთაობა ზინედინ არაბისა.

გიო ახვლედიანი (21.03.1998)

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. maxo.juve01 maxo.juve01 says:

    ძალიან მომეწონა მაგარია! ყოჩაღ!

  2. JuventinoToko JuventinoToko says:

    რაიმე ახალი მოსაწევია? :D

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »