გრაფი (გაგრძელება)

…„გრაფის“ კიდევ ერთხელ „ფეხზე დადგომა“ „იუვენტუსის“ მარცხიან დროს დაემთხვა. ლიპი იძულებული გახდა, გადამდგარიყო, მის ნაცვლად კი კარლო ანჩელოტი დანიშნეს, რომლის მისვლისთანავე კონტემ კაპიტნის სამკლავური დაიბრუნა. გაეტანო შირეას სახელობის ტრიბუნაზე კი „ბიანკონერის“ ქომაგებმა ტრანსპარანტი გამოფინეს წარწერით, „რა გვეშველებოდა უშენოდ, ჩვენო კაპიტანო“.

თუკი ლიპის დროს ნახევარი სეზონის განმავლობაში კონტემ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ანჩელოტის „დელე ალპიზე“ მისვლის შემდეგ 19 მატჩში შვიდჯერ გამოიჩინა თავი. ამასთან, ყველა გოლი მნიშვნელოვანი გახლდათ. ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში სამჯერ გაიტანა. ჯერ ტურინში პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მოაგებინა „იუვეს“ (2:1), საბერძნეთში კი ტურინელები 0:1 მარცხდებოდნენ და პიპო ინძაგის გადაცემის შემდეგ კონტეს ზუსტმა დარტყმამ გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. „გრაფი“ დღემდე ამ ბურთს კარიერის უმნიშვნელოვანეს გოლად მიიჩნევს. კონტემ თავი „ოლდ ტრეფორდზეც“ გამოიჩინა – მისი გოლის წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „იუვენტუსმა“ 1:1 ითამაშა და ფინალში გასვლის რიხიანი განაცხადიც გააკეთა, თუმცა დრამატულ საპასუხო მატჩში 2:3 დამარცხდა, არადა ტურინელები 2:0 იგებდნენ.

სწორედ ეს პერიოდი იყო კონტეს კარიერაში საუკეთესო. გუნდიდან წასული მარჩელო ლიპი მას ასე ახასიათებდა: „ადამიან–ტრავმას, ფეხბურთელისთვის შეუთავსებელი დაზიანებების მიუხედავად, თამაში და გუნდისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისებრ მტკიცე ხასიათის ფეხბურთელი არასოდეს შემხვედრია.“

სეზონის დასრულების შემდეგ ანტონიო „ფიორენტინამ“ მიიწვია, რომელსაც მისთვის კარგად ნაცნობი ტრაპატონი წვრთნიდა. ამჯერად კონტეს შესაძლო წასვლა „იუვეს“ ფეხბურთელებმა გააპროტესტეს და გაფიცვითაც დაიმუქრნენ. შედეგად, ანტონიოს კონტრაქტი სამიწლით გაუხანგრძლივეს. მომდევნო ორ სეზონში „იუვენტუსი“ ვიცე-ჩემპიონობას სჯერდებოდა, ევროპაში კი თავის გამოჩენას ვერა და ვერ ახერხებდა. ეს ანჩელოტის კლუბის დატოვებად დაუჯდა, მწვრთნელად კი ლიპი დააბრუნეს.

თავდადებული თამაშის წყალობით კონტემ კვლავ მიიპყრო „სკუადრა აძურას“ მწვრთნელების ყურადღება. მაშინ იტალიის ნაკრებს მისი ბავშვობის კერპი, დინო ძოფი ედგა სათავეში. ევრო 1996-გან განსხვავებით, კონტინენტის 2000 წლის ჩემპიონატზე კონტე ძირითადის წევრი იყო. პირველსავე შეხვედრაში(თურქეთთან) ანტონიომ მეტად ეფექტური გოლი გაიტანა. იტალიელებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს. მეოთხედფინალში რუმინეთთან მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა. აპენინელები 2:0 იგებდნენ და თამაშსაც აკონტროლებდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში კი გეორგე ჰაჯის უხეშობამ „გრაფს“ კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიაყენა, რაც სანაკრებო კარიერის დასრულებად დაუჯდა. მის გარეშე იტალია ფინალში გავიდა, გადამწყვეტი მატჩი კი მსოფლიოს ჩემპიონმა ფრანგებმა დავიდ ტრეზეგეს „ოქროს გოლით“ მოიგეს. „სკუადრა აძურას“ ამჯერადაც დააკლდა კონტეს ხასიათი და ჟინი…

მარჩელო ლიპის „მეორედ მოსვლისას“ კონტემ დამრიგებელს დაუმტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევი იყო. 2001-02 წლების სეზონის მეორე ნახევარი პრაქტიკულად შეუცვლელად ჩაატარა, თავდადების საფასურად კი კაპიტანს ჯილდოდ მორიგი „სკუდეტო“ ერგო. მომდევნო სეზონი ანტონიოსთვის ბოლო გამოდგა. „იუვენტუსი“ კიდევ ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ფინალამდე გააღწია და მანჩესტერის „ოლდ ტრეფორდზე“ კარლო ანჩელოტის „მილანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. იმ მატჩში ანტონიო საქმეში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

…2011 წლის მაისში კონტე ტურინის „იუვენტუსს“ მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. მას ალბერტო ძაკერონისა და ლუიჯი დელ ნერის მიერ დატოვებული მიმე მემკვიდრეობა ერგო. „იუვე“ საშუალო დონის გუნდად იქცა, რომელიც ბოლო ორ სეზონში მეშვიდე საფეხურს ვერ ასცდენოდა. იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისგან მხოლოდ სახელოვანი ისტორიაღა იყო დარჩენილი. კონტეს გამწვრთნელებას ბევრი პესიმიზმით შეხვდა, აქაოდა, ტოპკლუბებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვსო.

ოპტიმისტების არგუმენტი კი ასეთი იყო: 2011-ში „სიენა“ სერია A-ში სწორედ ანტონიომ დააბრუნა.

„გრაფმა“ „იუვეს“ დამრიგებლად საქმიანობის პირველსავე თვეებში გუნდს საკუთარი სახე და ხელწერა ჩამოუყალიბა. იტალიური კლუბების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი „კატენაჩოს“ ნაცვლად „ბიანკონერიმ“ ინტელექტუალური ფებურთის ტამაში დაიწყო. შედეგმაც არ დაახანა. პირველსავე სეზონში კონტემ „იუვეს“ „სკუდეტო“ მოაგებინა(პირველად 2006 წლის შემდეგ), ამასთან, გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ ოცი ბურთი გაუშვა.

მომდევნო სეზონში „იუვენტუსმა“ შემოქმედებითი თამაში კიდევ უფრო დახვეწა. არადა, კონტეს უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. პირველობის დაწყებამდე ათთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს – ჯერ კიდევ „სიენაში“ მუშაობისას ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობა დაბრალდა. „იუვენტუსმა“ მკაცრი ვერდიქტი გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი განაჩენი ოთხ თვემდე შეამცირა. გუნდმა კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. დამაჯერებლად მოიგო „სკუდეტო“, ჩემპიონთა ლიგაში კი, 2006 წლიდან მოყოლებული, პირველად გააღწია მეოთხედფინალამდე, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 0:2 წააგო.

კონტემ მასიმილიანო ალეგრის დაწუნებული ანდრეა პირლო ბუნებრივად ჩართო „იუვეს“ სათამაშო მექანიზმში და გუნდის ლიდერად, მამოძრავებელ ძალად აქცია. მის ხელში გაცილებით სოლიდურად ათამაშდნენ პოლ პოგბა და არტურო ვიდალი.

დავუმატოთ ამ ტრიოს ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო და გასაგები გახდება რატომ არ დარჩნენ ბოლომდე კმაყოფილები გუნდის ქომაგები მარტო ზედიზედ მესამედ მოპოვებული „სკუდეტოთი“. ისინი ხომ ჩემპიონობას უკვე მიეჩვივნენ, ევროთასებზე კი გუნდისგან მეტს ითხოვენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 2013 წლის 11 დეკემბერს „იუვენტუსი“ დათოვლილ სტამბოლში გალათასარაისთან 0:1 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთო. ამ ტურნირის ფინალი ტურინის „იუვენტუს სტედიუმზე“ იყო დანიშნული, თუმცა, „იუვემ“ ნახევარფინალში „ბენფიკას“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

„სკუადრა აძურადან“ ჩეზარე პრანდელის წასვლის შემდეგ იტალიელთა ეროვნული გუნდის გაძღოლა ანტონიო კონტეს მიანდეს.

კონტეს სამწვრთნელო კარიერაში ახალი, მეტად საპასუხისმგებლო პერიოდი დადგა…“

ავტორი: გოჩა კაჭარავა

P.S. ჩვენის მხრივ, წარმატებები ვუსურვოთ ანტონიოს და მის „აძურას“, რომ კარგი შედეგებით გაეხარებინოს მრავალმილიონიანი ტიფოზერია!

სტატია მოძიებულია “იუვე-ლირის” მიერ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. arseni arseni says:

    ვიდალმა გაათანაბრა გუშინ ბოლოვიასთან 91-ე წუთზე პენალტით .. იმედია ჯანმრთელადაა და მწყობრში

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »