„იუვე“, იტალია და 2015-16 წლების ევროსეზონი (ბლოგი)

განვლილი 2014–15 წლების ევრობატალიები ისტორიის საკუთრებაა. მართალია, უზომოდ დაგვწყვიტა გული გადამწყვეტ მატჩში კატალონიელებთან მარცხმა, მაგრამ წარსულს არაფერი ეშველება. ერთი კი ცხადია, „იუვე“ დაბრუნდა და ქამბექიც ისეთი გამოუვიდა, როგორიც მხოლოდ იტალიელებს ხელეწიფებათ. „ბებერი კონტინენტი“ ცოტას დაისვენებს და მცირე ხანში 2015–16 წლების სეზონიც გახსნილად გამოცხადდება. მანამდე კი, უპრიანი იქნება მიმოვიხილოთ უეფას რეიტინგებში(საკლუბო და ეროვნული ჩემპიონატების) სრულიად იტალიის და ტურინული გრანდის საამსეზონო ევროპული მონაგარი და ის კონტურები წარმოვისახოთ, რაც მომდევნო წელს გველოდება…

მოგეხსენებათ, წლებია „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ყოფილა და შესაბამისად, ისეთი ქულათა რაოდენობაც არ ჰქონია, რაც წელს მოაგროვა. „ბებერი ქალბატონის“ საამსეზონო მონაგარმა შეადგინა 32.8000 საკოეფიციენტო ქულა, საიდანაც 17.00 – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებშია დაგროვილი, 12.00 – ამავე ტურნირის ბონუსებმა შეადგინა, ხოლო დარჩენილი 3.8000 კი ის ქულაა, რაც იტალიის ყველა გუნდს დაერიცხა წელს ანუ აპენინელთა ჩემპიონატის საერთო ქულის(19.000) 20%. ამ სამი რიცხვის დაჯამებით ვღებულობთ ზემოხსენებულ 32.8000 საკოეფიციენტო ქულას. აღნიშნული მაჩვენებელი მესამეა ევროპაში. წინ მხოლოდ პირენეის კაშალოტები – მადრიდის „რეალი“(33.0428) და წლევანდელი ლიგის ტრიუმფატორი, კატალონიური „ბარსელონა“(38.0428) არიან. ტურინელებს მოსდევს კიდევ ერთი ესპანური გუნდი – ევროპა ლიგის დამპყრობ სევილიელ „დალაქებს“ 32.0428 ქულა აქვთ, ხოლო ხუთეულს მიუნხენური გიგანტი ხურავს 31.1714 საკოეფიციენტო ქულით.

ჩვენ გავათვალსაჩინოეთ მიმდინარე წლის მდგომარეობა. ახლა განვიხილოთ მთლიანი რეიტინგი, რომელიც უკანასკნელი ხუთი სეზონის განმავლობაში ევროარენაზე დაგროვილი ქულების საერთო რაოდენობით დგება და სადაც, ამჟამინდელი მდგომარეობით ტურინული გრანდი მე–14 ადგილს იკავებს 95.102 ქულით. ერთია დღევანდელი სიტუაცია და მეორეა ის მომენტი, რომ მომდევნო სეზონს ჩვენი საყვარელი კლუბი ჯამურ რეიტინგში დაწინაურებული შეხვდება. საქმის არსი კი შემდეგშია: „ბებერ კონტინენტზე“ დაიწყება თუ არა 2015–16 წლების ბატალიები, „იუვეს“ და ტურინელთა მსგავსად ყველა კლუბს, დააკლდება 2010–11_ის სეზონში დაგროვილი ქულები. ამ წლებისა „შავ–თეთრებს“ 8.314 ქულა ერიცხებოდათ; შესაბამისად, „ბიანკონერის“ მაინცდამაინც დიდი დანაკარგი არ ექნება(მაგ.: „მანიუ“ დაკარგავს 36.671 ქულას და თან იმის ფონზე, რომ მათი მონაგარი მიმდინარე სეზონში არის 2.714 ქულა. ამიტომაც, „წითელ ეშმაკებს“ მნიშვნელოვანი ვარდნა ელით რეიტინგში) და მომდევნო სეზონს 86.788 საკოეფიციენტო ქულით შეხვდება. მთლიან რეიტინგში თუ მსგავს კალკულაციას მოვახდენთ, დავინახავთ რომ რამდენიმე კლუბი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსს“ უსწრებს, მომდევნო სეზონის დასაწყისში ჩვენზე უკან აღმოჩნდება. ეს კლუბებია: „შალკე“, „პორტო“, „მანჩესტერი“, „პსჟ“ და „ვალენსია“. იტალიური ფლაგმანი კი მეთოთხმეტედან მეცხრე ადგილზე გადმოინაცვლებს და იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო სეზონში ამ პოზიციასაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს. აწ დასრულებულ სეზონში „ზებრების“ ნახტომმა 8 პოზიცია შეადგინა. წლის დასაწყიში „იუვე“ 22–ე ადგილს იკავებდა, ხოლო ამჟამად კი, როგორც აღვნიშნეთ – მეთოთხმეტეა. და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც… რომ არა უეფას ახალი გადაწყვეტილება 2015–16 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გუნდების განთესვის მეთოდთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს მოწინავე შვიდი ჩემპიონატის ჩემპიონების და ლიგის უკანასკნელი ტრიუმფატორის პირველ კალათში განთავსებას, „ბებერი სინიორასთვის“ მეორე კალათი იქნებოდა განკუთვნილი.

ახლა შევეხოთ უშუალოდ ქვეყნების და კერძოდ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის რეიტინგს. პირველ რიგში განვიხილოთ მიმდინარე სეზონი, რომელიც ბოლო წლების ფონზე, უდაოდ წარმატებული იყო. „სერია A“–ს 6 კლუბის მონაგარმა 2014–15 წლების სეზონში შეადგინა 19.000 საკოეფიციენტო ქულა და მხოლოდ ესპანურ გუნდებს ჩამორჩა, რომელთაც 20.214 ქულა მოაგროვეს. მე–3 ადგილზე ბუნდესლიგაა(15.857), მეოთხეზე პრემიერლიგა(13.571), ხოლო მეხუთეზე კი ფრანგული ლეგიონია(10.916).

კარგია წლევანდელი შედეგი, თუმცა უეფა 5 წლიან პერიოდში დაგროვილს აქცევს ყურადღებას და ამ მხრივ სიტუაცია უცვლელია. პიცის სამშობლოს კვლავ მეოთხე ადგილი უჭირავს 70.510 ქულით, რაც მოგეხსენებათ, ლიგაზე გამსვლელ 3 გუნდს ნიშნავს, ჯამში კი ევროტურნირებზე 6 გუნდის წარდგენის უფლებას. მესამე ადგილზე მყოფ გერმანიას 79.415 საკოეფიციენტო ქულა აქვს, ანუ ამ ეტაპზე ჩამორჩენა არის 8.905 ქულა.

საინტერესო სიტუაცია გველოდება მომდევნო სეზონის დასაწყისში. როგორც კი ანულირდება 2010–11 წლების ქულები, იტალიის წინ არა ალემანები, არამედ ალბიონელები აღმოჩნდებიან. საქმე იმაშია, რომ ამჟამად მეორე ადგილზე მყოფ „პრემიერლიგას“(80.391) დააკლდება რა ხუთი წლის წინანდელი ქულები, მისი მონაგარი იქნება 62.034, ხოლო „ბუნდესლიგას“ კი ანალოგიური კალკულაციის შემდეგ დარჩება 63.749 ქულა. ყოველივე ეს, იმას ნიშნავს, რომ გერმანია უკან მოიტოვებს ინგლისს და გადაინაცვლებს მეორე ადგილზე. ჩვენთვის სასიხარულო ისაა, რომ იტალია 2015–16 წლების სეზონს(იტალიის მონაგარს აკლდება 11.571) შეხვდება 58.939 ქულით, ანუ უკვე მომავალი ევრობატალიების დასაწყისიდანვე ინგლისთან დაშორება იქნება 3.095, ხოლო ალემანებთან 4.81 ქულა. ეს სხვაობა იმას მომასწავებელია, რომ წლევანდელივით წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, სრულაიდ შესაძლებელია, „მაკარონშიკებმა“ მომდევნო სეზონის ბოლოს საერთო რეიტინგში მესამე, ან სულაც მეორე ადგილი დაიკავონ. აქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ იტალიელები მეხუთე ადგილზე მყოფ პორტუგალიელებთან („ევროპელი ბრაზილიელები“ 2015–16 წლების სეზონს 42.582 ქულით შეხვდებიან) კიდევ უფრო დაწინაურდნენ და მომდევნო წლის დასაწყისში ეს დაშორება უკვე 16.357 ქულა იქნება. რაც შეეხება საერთო რეიტინგში პირველ პოზიციას, ესპანელებს იმდენად დიდი უპირატესობა აქვთ(99.999), რომ ძნელი სავარაუდოა უახლოესი 3–5 წლის მანძილზე მათ ლიდერობას რომელიმე ქვეყანა დაემუქროს. მომავალ სეზონში ხომ საერთოდაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით – 5 კლუბით წარსდგებიან ევროპის უპრესტიჟულეს საფეხბურთო ტურნირზე.
ამჟამინდელი მათი დომინაცია ევროპაში ისეთივეა, როგორც ერთ ძველ, ტკბილ დროს „სერია A“–ს და მის ელჩებს ჰქონდათ „ბებერ კონტინენტზე“.

იმედია, ის ძველი დროც დაბრუნდება!..

სტატია მოამზადა „იუვე–ლირმა“

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. Kva Shi Kva Shi says:

    საღოლ კარგად ახსენი ძმაო, როგორც გავიგე 2018 ში ხდება დაჯამება და იმედია მაგ დროს დავიბრუნებთ 4 ადგილს
    :forza: :forza:

  2. BIANCO BIANCONERO says:

    მომავალ წელს იუვე მაინც პირველი კალათიდან მიიღებდა მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაში, რადგან მე-7 ადგილოსან დორტმუნდის ბორუსიას ლიგის საგზური არ აქვს.

  3. ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane yamanaka says:

    Mადლობა ავტორს :juvee:

  4. juventino3969 juventino3969 says:

    მარტო იუვეს იმედად ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს სერია ა-ს.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »