#ForzaAzzurri:”ანტონიო კონტეს ტაქტიკური მასტერკლასი”

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის წინააღმდეგ ანტონიო კონტემ ტაქტიკური მასტერკლასი ჩაატარა, რამაც იტალიას საშუალება მისცა, მოწინააღმდეგე დაეჯაბნა და დაემარცხებინა. ტურნირის დაწყების წინ აძურის გარშემო სკეპტიციზმმა დაისადგურა, რაც გამოიწვია გულშემატკივრების დიდი ნაწილის მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ ეს ბოლო ათწლეულების იტალიის ყველაზე სუსტი შემადგენლობაა (მითუმეტეს, რომ გუნდს მარკიზიო და ვერატი გამოაკლდნენ), მაგრამ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეერწყა უკეთესი ორგანიზება და მახვილგონივრული სტრატეგია ძლიერ დაცვის ხაზს, რომელმაც გაანეიტრალა ბელგიის ოქროს თაობის ვარსკვლავები. ForzaJuve.Ge წარმოგიდგენთ შეხვედრის ანალიზს…

იტალიის სასტარტო შემადგენლობაში კონტემ წარმოგვიდგინა ერთგვარი “workmanlike“, ანუ მუშა ტიპის 5-კაციანი შუა ხაზი, კარგად შეთამაშებული და ძლიერი მცველების წინ. აძური 5-3-2/4-4-2 განლაგებებს შორის მოძრაობდა და აქტიურად თამაშობდა ფლანგიდან ფლანგზე, რითაც ცდილობდა სივრცე შეეზღუდა ედენ აზარისა და კევინ დე ბრუინისთვის, რომლებმაც მატჩი ფლანგებზე დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ კომბინაციები აეწყოთ რომელუ ლუკაკუს ზურგში მოთამაშე მარუან ფელაინისთან.

მიწაზე თამაშისას, აძურის ფეხბურთელები გადაცემებს ახორციელებდნენ პირდაპირ ფეხიდან ფეხში, ედერისა და გრაციანო პელეს მისამართით, რომლებიც ერთმანეთში ძალიან მჭიდროდ მოძრაობდნენ, რათა ფეხში მიღებული მოსხლეტილი პასები სწრაფად გაეთამაშებინათ და თამაში მალევე გაეშალათ. ამისათვის ისინი თამაშში ხშირად რთავდნენ ვინგერებს და ასევე აქტიურად უტოვებდნენ ბურთს ცენტრალურ ნახევარმცველებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი გოლი უკანა ხაზის მეშვეობით გავიდა, როცა ლეონარდო ბონუჩიმ საოცარი გადაცემით დაასაჩუქრა ემანუელე ჯაკერინი, რომელიც თავის მხრივ ძალიან ჭკვიანურად გაიხსნა და შემდეგ ბურთის დამუშავების შესანიშნავი მაგალითი გვაჩვენა.

ბელგიამ პირველ ტაიმში საკმაოდ ცოტა რამ შექმნა, თუმცა მათ მთავარ მწვრთნელს ჯამში ერთი საათზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ თამაშში ცვლილებები შეეტანა. მეორე ტაიმის მსვლელობისას მან კიდევ უფრო კრეატიული ფეხბურთელები ჩართო შეხვედრაში, რათა აზარსა და დე ბრუინს მეტი საშუალება ჰქონოდათ შეტევაში მეტი მოქმედებისათვის, თუმცა იტალიამ მათ გასაქანი არ მისცა. პელეს ეფექტური გოლი შეხვედრის ლოგიკური დასასრული იყო. ეს იყო ორგანიზებისა და ტაქტიკის გამარჯვება, და მიუხედავად იმისა, რომ ვილმოტსი მატჩის შემდეგ საუბრობდა ინდივიდუალურ შეცდომებზე, ეს მარცხი მასზე უფრო მეტ რამეს ამბობს, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე.

იტალია და წინა ხაზი

შეხვედრის დაწყების წინ რთული იყო იმის წარმოდგენა, თუ საიდან უნდა შექმნილიყო იტალიის გოლები. მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 შეხვედრაში მხოლოდ 16 გოლი გაიტანეს და 7-დან 5 მოგებული მატჩი ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა. გოლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გრაციანო პელეს ჰქონდა, რომლის ანგარიშზეც 3 ბურთი იყო, მაშინ როცა ედერმა იანვრიდან მოყოლებული მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მათ უკან ირჯებოდნენ შრომისმოყვარე ფლანგელები (wing-backs) მატეო დარმიანი და ანტონიო კანდრევა, დინამიური ცენტრალური ნახევარმცველები – ჯაკერინი და პაროლო, და შუა ხაზის “ძრავი” დანიელე დე როსი.

მთელი გეგმა ეფუძნებოდა სწორად გადაადგილებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში დროულად (movement and timing). დაცვიდან შეტევაში გადასვლისას იტალიის ფლანგები იწევდნენ ძალიან ზემოთ, რათა გაეწელათ ბელგიის დაცვა, რითაც ეწყობოდნენ 3-3-4 განლაგებაზე. ეს დახმარებას უწევდა ცენტრალურ მცველებს, რომ პირდაპირი პასებით ეთამაშათ ფორვარდებზე, რომლებიც ცდილობდნენ თამაში წამის მეასედებში გაეშალათ. ეს პასები შესაძლოა ყოფილიყო დროებითი სივრცის გათავისუფლება ცენტრალური ნახევარმცველებისთვის, ან პირდაპირი გადაცემები ვინგერებისთვის ფლანგზე აღმოჩენილ სივრცეებში.

ეს საუკეთესო არჩევანის შთაბეჭდილებას ქმნიდა, რადგან იტალიას არ ჰქონდა რიცხვობრივი უპირატესობა შუა ხაზში. აძურის ნახევარმცველები საკმაოდ სოლიდურ ტრიოს უპირისპირებოდნენ აქსელ ვიტსელის, რაჯა ნაინგოლანისა და მარუან ფელაინის სახით. ამ ყველაფერმა გარკვეული დახმარება გუნდს სხვა კუთხითაც გაუწია. კერძოდ: ბელგიელები ცენტრალურ მცველებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. ლუკაკუ მუდმივად მეურვეობდა უკანა ხაზის საუკეთესო მეპასეს, ბონუჩის, რამაც გამოიწვია ის, რომ ხელ-ფეხი გაეხსნა ანდრეა ბარძალის, რომელიც მომენტებში იწევდა საკმაოდ ზემოთ მარჯვენა ფლანგზე და შედეგად, მან ეტაპობრივად მიაღწია იმასაც, რომ ამ შეხვედრაში იტალიის საუკეთესო მეპასე გახდა 48-დან 40 წარმატებული გადაცემით. აქედან 7 პირდაპირ იყო მიმართული პელეზე, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევდა აწეულიყო ზემოთ და აეწყო შეტევა.

მოქნილი დაცვა აჩერებს აზარსა და დე ბრუინს

ბელგიის გეგმა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. იტალია ინარჩუნებდა კომპაქტურობას და ქმნიდა “3vs3”-ს ცენტრში, მაშინ როცა მცველები მალევე ასრულებდნენ დაზღვევას, თუ ვინმე ზონებს შორის გაიპარებოდა.

ისინი აკონტროლებდნენ ფლანგებსაც. როდესაც ბელგიის ცენტრალურ მცველებს ჰქონდათ ბურთი, იტალია გადადიოდა 5-3-2 წყობაზე, სადაც დარმიანი და კანდრევა პერსონალურად იყვანდნენ აზარსა და დე ბრუინს, ხოლო როცა ბელგიელთა განაპირა მცველებს ჰქონდათ ბურთი, დარმიანი და კანდრევა იწევდნენ ზემოთ, ახორციელებდნენ მათზე პრესინგს და აზარის ან დე ბრუინის აყვანას თავის თავზე იღებდნენ მათთან ყველაზე ახლოს მყოფი ცენტრალური მცველები. დანარჩენი მოთამაშეები კი გადაადგილდებოდნენ პარალელურად და ეფექტურად ქმნიდნენ “4-4-2”-ს.

ბელგიისთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალი შესაძლოა ყოფილიყო ეგრედ წოდებული “overlaps” ანუ “გადაფარვა”, უპირატესობის შექმნა განაპირა მცველების მიერ, თუმცა სწორედ აქ იყო მთავარი დაბრკოლება. ბელგიის შემადგენლობაში განაპირა მცველების პოზიციებზე თამაშობდნენ იან ვერტონგენი და ლორენ ციმანი, რომლებიც რეალურად ცენტრალური მცველები არიან და მათგან არც ერთს არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ იტალიის უკანა ხაზში შეეტანათ საკმარისი ქაოსი. სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველ 60 წუთში ბელგიელთა ერთადერთი რეალური შანსი შეიქმნა კონტრ-შეტევის დროს, როცა იტალიელთა უკანა ხაზმა დაკარგა თავისი ფორმა და ლუკაკუს მიეცა შანსი გასულიყო ერთი ერთზე, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. პირველი ცვლილების შემდეგ კი, რომელიც 62-ე წუთზე განხორციელდა, აზარმა შეტევაში თავი მაინც ვერ დაგვამახსოვრა. რაც შეეხება დე ბრუინს, ის ფლანგზე მთლიანად დაიკარგა.

Midfield runners”

კონტეს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ეს რესურსი არ გამოეყენებინა. ბელგიის დაცვის პრობლემების გასაზრდელად ის იყენებდა პაროლოსა და ჯაკერინის, რათა მოწინააღმდეგის წყობა დაერღვია. ეს ორი ფეხბურთელი, იმის გარდა, რომ კანდრევასა და დარმიანთან ერთად რიცხვობრივ უპირატესობას ქმნიდა წინ, ხშირად შერბოდა მოწინააღმდეგების მცველებს შორის არსებულ სივრცეში და მათ ზურგს უკან იღებდა პასებს, ძირითადად ფორვარდებისგან.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პასი ბონუჩის მხრიდან გაკეთდა, რომელიც იმ მომენტში ლუკაკუმ უმეთვალყურეოდ დატოვა. ლეონარდომ ეს შესაძლებლობა იმ წამსვე გამოიყენა და ბურთი მცველების ზურგში ჩაუკიდა ჯაკერინის.

ყველაზე მეტად იტალიის “გამქცევებმა” ბელგია მეორე ტაიმში “დატესტეს”. ჩვენ ხშირად ვხედავდით კანდრევას მისამართით გაკეთებულ გრძელ გადაცემებს. ანტონიომ ერთ მომენტში ძალიან ხელსაყრელი პასი მიიღო პელესგან, თუმცა ვერტონგენის ვარდნის შედეგად სიტუაცია განიმუხტა. აღსანიშნავია ედერის ერთი შეხებით გაკეთებული პასიც დაცვის ზურგში პაროლოს მისამართით.

ეს ყველაფერი არ მომხდარა ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთავარი იდეა ეფუძნებოდა უკვე აღნიშნულ გადაადგილებასა და დროულ მანევრირებებს. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიის ფეხბურთელები მხოლოდ 7-ჯერ წავიდნენ დრიბლინგზე და აქედან წარმატებული მხოლოდ 3 აღმოჩნდა. ამავე დროს, ოფიციალურმა სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ჯამურად აძურიმ მოწინააღმდეგეზე 11.7 კილომეტრით მეტი დაფარა. მგონი ეს საკმაოდ კარგი შედეგია იმ შემადგენლობისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული აღმოჩნდა. იტალიის ნაკრების საშუალო ასაკი 31 წელი და 169 დღეა.

ვილმოტსის ცვლილებები უშედეგო იყო

მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ვილმოტსმა გადაწყვიტა, ცვლილებები შეეტანა შეტევაში. მან რაჯა ნაინგოლანის ნაცვლად მოედანზე შეუშვა დრის მერტენსი მარცხენა ფლანგის დასაკავებლად, რამაც გამოიწვია ის, რომ აზარმა შეიწია ცენტრში და თამაში განაგრძო ლუკაკუს უკან. შედეგად, “ჩელსის” მოთამაშე უფრო მეტად ჩართული უნდა ყოფილიყო შეტევის ფინალურ სტადიაში, მოედნის ბოლო 1/3-ში. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდნენ დივოკ ორიჯი და იანიკ კარასკო. ამ უკანასკნელმა მარჯვენა ფლანგი დაიკავა, რამაც დე ბრუინს საშუალება მისცა, მისთვის უფრო ახლობელი როლი მოერგო მოედანზე.

თუმცა ბელგიამ ვერანაირი გამოსავალი ვერ იპოვა. მარუან ფელაინიმ ვერ მოახერხა ცენტრში ბურთზე კონტროლის მოპოვება, რამაც ძალიან ბევრ რამეზე იქონია გავლენა. თავის მხრივ, იტალია ბლოკავდა და ასუფთავებდა ყველა დარტყმას და ყველა არსებულ ხარვეზსა თუ საშიშროებას. აპენინელებმა 4 ტაქტიკური ჯარიმაც მიიწერეს თავიანთ აქტივში.

ბოლო 28 წუთში ბელგიამ 7 დარტყმა განახორციელა. საგულისხმოა, რომ აქედან 5 დაბლოკილ იქნა მცველების მიერ, ხოლო 2 მათგანი საერთოდ ასცდა კარს. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონტეს დაცვითი მოქმედებების ტრიუმფს, ხოლო თავის მხრივ ვილმოტსის კლასის დონე დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა.

მომზადებულია ESPN-ის მასალებზე დაყრდნობით

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    kontes inglishi ar unda ushvebdnen italiashi kargi mcvrtnelebi isedac cotaa da daexmareboda italiur klubebs ganvitarebashi.martla kargi mcvrtnelia

  2. forza bianconeri forza bianconeri says:

    ყოჩაღ უნგრეთს :chuvak: თითქმის დარწმუნებული ვიყავი რო ავსტრია მოიგებდა

  3. VIKING says:

    კანდრევამ დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

  4. Shako says:

    საღოლ კონტე))) ისე პირველ ნომრად როცა მოუწევს თამაში (მაგ ირლანდიასთან), გამოჩნდება იტალიის ძალა მაშინ…

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »