ჯანი ანიელის ვაჟი – ედოარდო ანიელი

1997 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა ჯანი ანიელის ძმიშვილი – უმბერტო ანიელის ვაჟი – ჯოვანი, ფიატის იმპერიის მომავალი მემკვიდრე, ის 33 წლისა იმსხვერპლა კიბომ. 2000 წლის 15 ნოემბერს კი ჯანი ანიელის შვილი, ედოარდო იპოვეს მკვდარი ტურინ-სავონას გზაზე, 80 მეტრი სიმაღლის ხიდის ძირში.

ჯანი ანიელის ვაჟი – ედოარდო ნიუ-იორკში დაიბადა 1954 წლის 9 ივნისს. პროფესიით ლიტერატორი იყო, მოწოდებით ფილოსოფოსი. გრძნობდა, რომ წინაპრების მსგავსად არ იტაცებდა ბიზნესი. ძალიან გაუხარდა, როცა მამამისმა ფიატის ხელმძღვანელობა მის ბიძაშვილს ჯოვანის მიანდო, რომელიც ძმასავით უყვარდა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტი კიბოთი დაავადდა და გარდაიცვალა. თავის დროზე ედოარდო ძალიან ააღელვა იმ ამბავმა, რომ მისი დისშვილი 22 წლის ჯონ ელკანი მემკვიდრედ აირჩიეს.

რამდენიმე წლის წინათ ედოარდომ რეალობას თვალი გაუსწორა, მაგრამ მაინც ვერ გაითავისა მისწრაფებები, რაც მასში ბუნებრივ მემკვიდრეს ხედავდა. ჯანიმ შვილი ამერიკაში გაგზავნა სასწავლებლად, რათა სამომავლოდ მოემზადებინა. მას შემდეგ, რაც იურისტის დიპლომი მიიღო, დათმო ლიტერატორის პროფესია. 80-იან წლებში ედოარდო დროებით დათანხმდა იუვენტუსის ადმინისტრაციულ საბჭოში ყოფნას, ვიდრე მსოფლიოს შემოივლიდა, განსაკუთრებით, აფრიკასა და ინდოეთს. ტურინში დაბრუნების შემდეგ მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა ვილა ბონაზე.

ოჯახურ მამულში ძალიან ჩუმად იტანჯებოდა იმის გამო, რომ იმედი გაუცრუა “პატრიარქს”. რეგულარულად მიმართავდა ფსიქოთერაპიას, ექიმთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ტურინ-სავონის გზაზე, 80 მეტრის სიმაღლის ხიდზე გააჩერა თავისი დაჯავშნული ფიატი და ხიდიდან გადახტა. ვიდრე ხიდიდან გადმოხტებოდა, მამამისს უცდია, მობილურის საშუალებით დაკავშირებოდა შვილს, მაგრამ ამაოდ. ჯანი ანიელი თავად მივიდა პოლიციასთან ერთად შემთხვევის ადგილზე.

ედოარდო ანიელის დასაფლავების დღეს, მსოფლიოში ფიატის იმპერიის ყველა ქარხანა გაჩერდა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს “ავოკატოს” ერთადერთ ვაჟიშვილს. ეს იყო კიდევ ერთი საზარელი ტკივილი ანიელების ოჯახში.

ედოარდო გახსნილი ადამიანი არ ყოფილა. ყველაზე დისტანციური, იდუმალი და გამოცანებით აღსავსე პერსონაჟი იყო, თუმცა, მისი სიკვდილი იტალიაში ეროვნული ტრაგედიის ტოლფასი იყო. იმდენად იყვნენ ანიელები ქვეყნის ისტორიის შემადგენელი ნაწილი, რომ ისინი, გარკვეულწილად, სამეფო ოჯახის სიმბოლოსაც წარმოადგენდნენ. მათ ოჯახებზე ეროვნული თუ საერთაშორისო პრესა ყოველდღე ლაპარაკობდა, მათი ოჯახი ტურინელების საოცნებო ოჯახი იყო.

მდიდრები, ძლიერები, ლამაზები, კარგად აღზრდილნი, ელეგანტურები… ისინი მეფობდნენ.

მრავალი დღის განმავლობაში ყოველდღიური გაზეთების პირველი ოთხი გვერდი ამ დრამას ეძღვნებოდა, 40-ზე მეტი ნეკროლოგი დაიბეჭდა. ედოარდო სწორედ ამას ვერ იტანდა. არ უყვარდა პოპულარობა, მას არასდროს მოსწონდა გაზეთის პირველ გვერდზე გამოჩენა. არც დიდებული კარიერისთვის აწყობდა გეგმებს. თუმცა, ბავშვობაში მშობლები რომ არ გაენაწყენებინა, რომლებსაც აღმერთებდა, კლასიკური განათლების მიღება გადაწყვიტა, აღმოსავლური ფილოსოფიაც შეისწავლა, შემდეგ დიდი სიბეჯითით ჩაერთო მამამისის საქმეებში, რათა მისთვის ესიამოვნებინა, ნიუ-იორკში LEHMAN BROTHERS-თან დაიწყო საქმიანობა, არ უნდოდა, გათამამებული ბავშვის სახელი ჰქონოდა. 80-იან წლებში სრულიად ახალგაზრდა ჩაერთო ბიზნესის ძლიერ და მკაცრ სამყაროში. სიცოცხლით სავსე ინსტინქტურად აანალიზებდა მდგომარეობას, რომელშიც მათი ოჯახი იმყოფებოდა, აანალიზებდა ადამიანების სულმდაბლობას, მაგრამ მას არ სურდა გულგრილად ზურგი შეექცია ამ “სამეფოსთვის”. “იუვენტუსის” ადმინისტრაციის საბჭოშიც შევიდა, ვიდრე დაიწყებდა წინააღმდეგობების გაწევას.

ედოარდოსთვის ყოველდღიურ ცხოვრებასა და, საერთოდ, ცხოვრებას სხვა გემო და მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ძალაუფლების გემოა. ძალიან მძიმე ეჩვენებოდა მთელი დინასტიის ყოფა. ედოარდოს უკვე მძიმე ტვირთად მიაჩნდა არსებობა, მაშინ, როცა ყველა იტალიელი პრინცესა მის ცოლობაზე ოცნებობდა. იგი არასოდეს დაოჯახებულა, ჰყავდა უკანონო შვილი, რომელიც ჯანი ანიელიმ მემკვიდრედ არ აღიარა. უცოლო ედოარდოს ერჩია, თავი მისტიციზმისთვის შეეფარებინა, ბუდიზმი და ისლამი შეესწავლა. მას ხიბლავდა აზია, მუსულმანური სახელმწიფოები, ბავშვობაში ურთიერთობა ჰქონდა სპარსეთის შაჰის შვილებთან, რამდენიმე წლის წინათ ირანში ის აიათოლა ჰომეინს შეხვდა. ედოარდო ყოველთვის ქებას ასხამდა ღარიბებს, კაპიტალიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. სკეპტიკურად იყო განწყობილი “ავოკატოს” არჩევანის მიმართ. ჩრდილიდან რომ გამოსულიყო, ეს ახალგაზრდა, რაფინირებული, ბუნდოვანი ადამიანი სხვა გზას ეძებდა. თუმცა, არისტოკრატიული ქცევით, თანდაყოლილი ელეგანტურობით მას ბევრი რამ ჰქონდა საერთო მამის თვისებებთან, მაგრამ მის პიროვნებაში ბევრი ნაიარევი შეიმჩნეოდა, რომლის დაფრვასაც ხელოვნური სამოთხის შექმნითა და სოფელში მოტოციკლეტით სიარულით ცდილობდა. როდესაც ჯოვანის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მოხუცმა ჯანიმ 1998 წელს მემკვიდრედ თავისი ერთ-ერთი შვილიშვილი, 22 წლის ჯონ ელკანი დაასახელა და ადმინისტრაციის საბჭოშიც წარადგინა, ედოარდომ არ დააყოვნა და გაზეთ “IL MANIFESTO”-ში განაცხადა: “მე არ მინდა ვიყო “ფიატში” მენეჯერი, მძღოლთან ერთად და არც არანაირი საამისო მიდრეკილება არ მაქვს”. „ავოკატომ“ მისი ასეთი განცხადება დიდ შეცდომად მიიჩნია. იმ დღეს ედოარდო მიხვდა, რომ მამამისი შეურაცხყოფილი იყო და მისგან აღარაფერს ელოდა. 40 წელს გადაცილებული ეს იდეალისტი, აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორებული ვილა ბონაში ცხოვრობდა, რამდენიმე მოსამსახურესთან ერთად. ჯანი აძალებდა, ჰყოლოდა მძღოლი და დაცვა. ამით მამას უნდოდა შეეხსენებინა,  როგორიც უნდა ყოფილიყო მისი არჩევანი, ის მაინც ანიელი იყო და ანიელად დარჩებოდა.

ამბობენ, რომ რამდენიმე თვე დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებდა, რამაც გაასუქა და უარესად გახადა. გაუგებარი იყო მისი ცხოვრება: ძალიან ადრე იღვიძებდა, მუსიკას უსმენდა, იშვიათად ლაპარაკობდა ტელეფონით, კომპიუტერის წინ მჯდარი ვირტუოზულ სამყაროში იყო ჩართული. იქნებ ამ იდილიური სურათის მსხვერპლი გახდა. გარედან მისი ცხოვრება უპრობლემო ჩანდა. თუმცა, ძალიან ძნელია, ტურინში ნორმალურად იცხოვრო, მაშინ, როცა ამ მითიურ გვარს ატარებ და შინაგანად ძალაუფლების მოყვარული არ ხარ. თითოეული ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევდა და აკვირდებოდა ანიელების დიდ ოჯახს. შეუძლებელი იყო ანონიმური ცხოვრება, ჩვეულებრივ ადამიანად ყოფნა.

იმისათვის, რომ იმავე ფატალურობის მსხვერპლი არ გამხდარიყო, ედოარდოს უმცროსი და მარგარიტა (ელკანის დედა) დიდხანს პარიზში იმყოფებოდა, ცხოვრობდა სრულიად ინკოგნიტოდ, დროს დედაქალაქში სეირნობით კლავდა. სახელოსნოში არ იყო ჩაკეტილი და არ ხატავდა. ასე იყო, ვიდრე შვეიცარიაში არ დასახლდა და მოსკოვში ხშირი მიმოსვლა არ დაიწყო, სადაც მისი ქმარი სერჟ დე ფალენი ფიატის საქმეებით იყო დაკავებული. მარგარიტამ ნახატების გამოფენა მოაწყო, ზუსტად იმ დღეს სანკტ-პეტერბურგში ვერნისაჟზე ედოარდო უნდა ჩასულიყო. ორივეს ასეთი ბოჰემური ცხოვრება მოსწონდა.

ედოარდოს სურდა, ზურგი შეექცია ფუფუნებისთვის. უყვარდა ლუიჯი ჯიოტის გვერდით ყოფნა, რომელიც ტურინელი მღვდელია. მან ედოარდოს გარდაცვალების შემდეგ თქვა: “ის ძალიან მგრძნობიარე და უცნაური, სუსტი ადამიანი იყო. მისმა ასეთმა არჩევანმა უფრო მეტი პატივისცემა და სიჩუმე უნდა გამოიწვიოს, ვიდრე ხმაური და შეკითხვები”.

ედოარდომ, უბრალოდ, მტკიცე არჩევანი გააკეთა, რათა მოშორებოდა თავის გარემოს, მაღალ ბურჟუაზიას, არისტოკრატიას. არ მოსწონდა ლურჯ ლივრეაში გამოწყობილი პერსონალი, მათ მდიდრულ სასტუმროებში რომ ემსახურება. ედოარდო ცხოვრობდა დახშულ, მომწამვლელ, სულისშემხუთველ ატმოსფეროში, ცდილობდა, მას დამორჩილებოდა, ვერ ბედავდა, ზოგიერთი მისი ახლობლისგან განსხვავებით, თავისი ბავშვობის ქალაქისთვის ზურგის შექცევას.

ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა დარიგებები და ჭკუის სწავლება, ამიერიდან VILLAR PEROSA-ზე განისვენებს ოჯახურ აკლდამაში. იგი ბატონობს მყუდრო სასაფლაოს, ანიელების საცხოვრებლის ჩრდილში, რომელიც 1850 წელს ჯანის დიდმა ბაბუამ – ედოარდომ შეიძინა. იქ ეს ადგილი საგვარეულო აკვანს წარმოადგენს, რომელსაც იტალიელები ანიელების მონარქიას უწოდებენ.

მის საფლავზე წითელი ვარდი ხორბლის ორი თავთავით გამოკვანძული, წარწერით – “ედოარდოსთვის” (ერთ-ერთი სოფლელი გოგონას ანონიმური საჩუქარი) სიმბოლოა იმისა, თუ ვინ იყო იგი.  ძალაუფლების ჩრდილში მყოფი სუსტი ყვავილი ბევრის მთქმელია.

სხვა სტატიები:

კომენტარები გამორთულია.