ანდრეა ანიელი – 2010 წლიდან იუვეს პრეზიდენტი

ანდრეა ანიელი დაიბადა 1975 წლის 6 დეკემბერს, ქალაქ ტურინში. ის არის იტალიელი ბიზნესმენი, დღესდღეობით საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი. ასევე კომპანია „FIAT”-ის და „EXOR“-ის გუნდის წევრი. ანდრეა „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტის, ჯანი ანიელის ძმის – უმბერტო ანიელის – ვაჟი და ანიელების გვარის უკანასკნელი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, შესაბამისად კი მემკვიდრეა.

ანდრეა ანიელიმ განათლება მიიღო ოქსფორდში „St Clare’s საერთაშორისო კოლეჯში, შემდგომ სწავლა განაგრძო „luigi Bocconi”-ის სახელობის მილანის ეკონომიკურ უნივერსიტეტში. თავისი კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა გამოცდილებები გაიზიარა, როგორც საზღვარგარეთ, ასევე იტალიაში. ახალგაზრდა ანდრეა მუშაობდა ისეთ მარკეტინგულ კომპანიებში, როგორებიც არის „Piaggio“ , „Auchan“ და „Ferrari“. 2001-2004 წლებში საქმიანობდა კომპანია „Philip Morris International“-ში. 2007 წელს მან დააფუძნა საფინანსო ჰოლდინგური კომპანია „Lamse SpA“, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავად იყო. ანდრეას ერთ-ერთი გატაცებაა გოლფი, 2008 წელს გახდა Royal Park Golf & Country Club I Roveri-ის გენერალური დირექტორი და ამავე წლის 29 სექტემბრიდან გახდა იტალიის გოლფის ფედერაციის (Federazione Italiana Golf) საბჭოს წევრი. პარალელურად, ანდრეას ჰქონდა მჭიდრო კავშირები FIAT-თან და 2004 წლის 30 მაისიდან ის არის ფიატის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2004-2005 წლებში მუშაობდა კომპანია IFIL-ში (Istituto Finanziario Industriale Laniero), მოგვიანებით 2006 წლიდან ასევე არის კომპანია EXOR-ის დირექტორთა საბჭოში.
როგორც ყველა მის წინაპარს, ანდრეასაც განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა „იუვენტუსის“ მიმართ, თავდაპირველად ის კლუბში საქმიანობდა ფინანსურ სექტორში, 2010 წლის 28 აპრილიდან არაოფიციალურად მოიხსენიებდნენ კლუბის პრეზიდენტად, ხოლო 19 მაისს კლუბის მფლობელმა, მისმა ბიძაშვილის შვილმა – ჯონ ელკანმა იგი „ბებერი ქალბატონის“ დირექტორთა საბჭოში შეიყვანა და ოფიციალურად დანიშნა ტურინის იუვენტუსის პრეზიდენტად. ანდრეა გახდა ანიელების გვარის მეოთხე წარმომადგენელი, რომელსაც „იუვენტუსის“ პრეზიდენტობა ხვდა წილად, მისი მამის (უმბერტო), ბიძის (ჯანი) და ბაბუის (ედოარდო) შემდეგ (აქ საუბარია თანამდებობრივ სტატუსზე, ისე კი იუვენტუსი 1923 წლიდან ანიელების ოჯახის საკუთრება და მემკვიდრეობაა).
“თანამდებობა, რომელიც მე დღეს დავიკავე, მოწმობს ერთიანობას ჩვენი ოჯახისა და ვალდებულებებს კლუბის მიმართ. მუშაობა იქნება ძალიან მოთხოვნითი. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვადგენთ სამუშაო პროგრამასა და სტრატეგიას, მომდევნო სეზონებისთვის “– ასეთი კომენტარი გააკეთა ანდრეა ანიელიმ მის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ანდრეას პირველი ნაბიჯი, რაც მან გააკეთა ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტზე არის ის, რომ მან გუნდში გენერალურ დირექტორად ჯუზეპე მაროტა და მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ლუიჯი დელნერი მოიყვანა. დელნერის დანიშვნის თაობაზე მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავის დროზე განაცხდა: „მე და ჯუზეპე მაროტა დარწმუნებულები ვიყავით „იუვესთვის” ოპტიმალურ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდით. აზრი არც ახლა მაქვს შეცვლილი. დელ ნერი ფეხბურთელების ტექნიკურად და ტაქტიკურად დახვეწის ოსტატია, ამასთან, მოთამაშეთა ემოციური თვალსაზრისით დატვირთვაც შეუძლია“.

ანდრეას არც კალჩიოპოლის საკითხი დარჩენია უყურადღებოდ. შეტანილ იქნა სარჩელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ინტერისათვის გადაცემული სკუდეტოს დაბრუნების თაობაზე. 2010 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ აქციონერთა და დირქტორთა საბჭოს წევრთა შეხვედრა, რომელიც ანდრეა ანიელიმ კლუბის პრეზიდენტის რანგში მოიწვია. მან განაცხადა: „ჩვენ გავგზავნეთ მიმართვა და ხელახლა დავძარით საქმე, რათა შეიცვალოს „იუვენტუსისათვის“ ჩამორთმეული და „ინტერისათვის“ უსამართლოდ გადაცემული 2005-2006 წლის სეზონის სკუდეტოს ბედი. გვაქვს დამაკმაყოფილებელი გარანტიები იმისა, რომ რეაგირება მოხდება და პასუხს მალე მივიღებთ. ამავდროულად ჩვენ ველოდებით ნეაპოლის სასამართლო პროცესს. იმედია ამჯერად საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და სამართლიანობა აღსდგება. ამის შემდგომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მოთხოვნები“.

სხვა სტატიები:

კომენტარები გამორთულია.