ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესანდრო დელ პიეროს 10 განსაკუთრებული ეპიზოდი

ალესანდრო დელ პიერო

2012 წლის 13 მაისს ტურინს ალესანდრო დელ პიერო დაემშვიდობა..

პინტურიკიოს მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს.. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ტურინელთათვის უფრო მეტია ვიდრე ვარსკვლავი.. ვიდრე ფეხბურთელი, ვიდრე 10 ნომერი ან კაპიტანი..

დიახ, 90-იანებში ვინც აქტიურად დავიწყეთ ფეხბურთის ყურება და მოვიწამლეთ შავ-თეთრი ფერებით, ჩვენთვის დელ პიერო და იუვენტუსი ფაქტიურად ერთი გახდა..

და ახლაც, როდესაც წლებია გასული არაფერი შეცვლილა.. დელ პიერო ყოველთვის დარჩება იუვენტუსის სიახლოვეს.. ქვცნობიერად იქნება თუ სხვა ემოციით, ეს სამუდამოდ ასე იქნება.

ინტერნეტში სიახლეების ძებნის დროს, აღმოვაჩინე საინტერესო მასალა სადაც ალექსის 10 განსაკუთრებულ ეპიზოდზე ეწერა..

დღეს, კი ნამდვილად სიმბოლურია კაპიტანზე საინტერესო მასალის გაზიარება..

მაშ ასე, თქვენს წინაშე დელ პიეროს დიდებული შეხვედრების 10-ეულია:

პირველი გოლი იუვე არენაზე რომას წინააღმდეგ

დიდხანს ელოდა პუბლიკა ახალ არენაზე ალექსის გოლს..

მოთმენა ღირდა ამ ყველაფრად, რადგან იტალიის თასსზე კაპიტანი რომას შეხვდა და მეტოქე 3-0 დაამარცხა..

ალექსმა კი ამ შეხვედრაში ფანტასტიკური გოლი გაიტანა და გუნდს წარმატებისკენ გაუძღვა!

სამი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და საფირმო საჯარიმო მონაკოსთვის

ევროპაში დელ პიეროს რომ შოუშების დადგმა არ ეშლებოდა, ყველასათვის ნაცნობია.

1997 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ტურინელები მონაკოს შეხვდნენ..

ფუნდამენტური როლი ამ წარმატებაში ალექსის სამმა გოლმა განაპირობა.. პირველი კი საოცარი საჯარიმო დარტყმით.. ზუსტად ისე, როგორც მან იცოდა.. განსაკუთრებული სილამაზით.

საგოლე გადაცემა დავიდ ტრეზეგეზე, რომელიც სკუდეტოდ ფასობდა!

დელ პიერო – ტრეზეგეს დუეტი მსოფლიოს აზანზარებდა..

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დუეტი, რომელიც წლების მანძილზე სისხლს უშრობდა თითოეულ გუნდს, ვისაც ტურინელები ხვდებოდნენ.

2005 წელს ჩემპიონატი დინამიურად ვითარდებოდა და ბიანკონერის სუპერ მატჩი ელოდა სტუმრად სან სიროზე მილანის წინააღმდეგ..

ამ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა სკუდეტოს ბედი.. და ვინ თუ არა დუეტმა მოუტანა გუნდს წარმატება! დელ პიერომ აკრობატულ ნახტომში დავიდ ტრეზეგეს იდეალური გადაცემა გაუკეთა და ფრანგმა ის გოლად აქცია!

ბრძოლა სამპდორიას წინააღმდებ ბომბარდირობისთვის

სერია ბ-ს შემდეგი სეზონი, როდესაც იუვე დაბრუნდა და პირველსავე სეზონში მოახერხა მესამე ადგილის განაღდება.

ალექს გუნდისთვის ტიტულები არაერთხელ მოუტანია, მაგრამ ამ სეზონში ისე წარიმართა სიტუაცია რომ ის და ტრეზეგე ბომბარდირობისთვის იბრძოდნენ.

სამპდორიასთან ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა ყველაზე საინტერესო ის მომენტი იყო, როდესაც ალექსმა ჯერ თავად გაიტანა ნედვედის გადაცემით, ხოლო შემდეგ თავისივე მოპოვებული 11-იანის შესრულება პარტნიორს უბოძა.. დიახ, დავიდ ტრეზეგეს რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ბომბარდირობისთვის!

სიკეთე მალევე დაუბრუნდა და მეორე ტაიმში თავადვე გაიტანა და ბომბარდირობასაც დაეუფლა!

წარმოუდგენელი ქამ-ბექი!

ფლორენციელებთან დაპირისპირება რამდენსაც ნიშნავს ყველამ კარგად ვიცით..

1994 წელს იებმა 2-0 წაიყვანეს და ყველას ეგონა, რომ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო..

მაგრამ დელ პიერო ასე არ თვლიდა.. მან ფაქტიურად მოაჯადოვა იუვე და გამარჯვებისკენ წაიყვანა..

თავად კი ფენომენალური მოქმედებების შედეგად შეძლო გოლის გატანა.. 18 წლის ბიჭმა.. მაშინ ბევრმა ირწმუნა, რომ სამყაროს ახალი განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებოდა.

აპლოდისმენტები მადრიდში

მაშინდელი იუვე კალჩოპოლ გამოვლილი და ფეხზე ახალი წამომდგარი იყო.. თუმცა, სტაბილურობა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები, გუნდს ჯერ გამომუშავებული არ ქონია..

თუმცა, გადამწყვეტ მომენტში კაპიტანი ყველაფერს თავის თავზე იღებდა და გუნდს წარმატებისკენ გაუძღვოდა.

ასე მოხდა ამ საღამოსაც, როდესაც მან იკერ კასილას ორი ეფექტური გოლი გაუტანა და გუნდს უმნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა!

ერთი სიამოვნება და სიამაყე იყო, როდესაც ალექს მადრიდული პუბლიკა ტაშით შეხვდა..

დორტმუნდთან ფინალში შექმნილი შედევრი

ბორუსიასთან მატჩი იუვენტუსის ტიფოზერიისთვის დიდ ტკივილთან ასოცირდება.

გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა.. მის რიგებში განსაკუთრებული ვარსკვლავები ირიცხებოდნენ და შესაძლოა, ზუსტად ამ ფაქტორმა ითამაშა ცუდი როლი..

ალექს ტრავმამ შეუშალა ხელი, რის გამოც პირველი 45 წუთი სკამზე გაატარა.. თუმცა, მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე მარჩელო ლიპიმ მეორე ტაიმში მისი შეყვანა გადაწყვიტა.

პინტურიკიოს გოლი არის შედევრი და თან ასეთ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში.. მას ეყო გამბედაობა და შეძლო ენით აუღწერელი და ამასთანავე ურთულესი გოლის გატანა!

სერია ბ-ში გატანილი გოლები

იუვეზე კალჩოპოლიმ მძიმედ იმოქმედა.. არამარტო სპორტული, არამედ ფინანსური კუთხითაც.. კლუბი ვერ შეძლებდა მთელი რიგი მოთამაშეების შენარჩუნებას და უმეტესობასთან დამშვიდობება მოუწია..

კაპიტანმა გემი არ დატოვა.. და დაუასახა მიზანი – მომენტალური დაბრუნება!

ალექსი მიიწევდა წინ, მიყავდა გუნდი და იტანდა გოლებს! მან ფუნდამენტური როლი ითამაშა ბიანკონერის დაბრუნებაში.. ეს იოლი არ იყო, მაგრამ დელ პიეროს ქარიზმატულობამ და შეუპოვრობამ სხვებს საჭირო ენერგეტიკა მისცა.

მატჩი ბარისთან მძიმე პერიოდში..

2000/01 არ იყო ალექსისთვის განსაკუთრებული.. 33 შეხვედრაში სულ რაღაც 9 გოლი..

ამას თან დაერთო ბარისთან შეხვედრის წინ ტრაგიკული ინფორმაცია, მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით..

მაშინდელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კაპიტანის სკამზე დატოვება გადაწყვიტა..

თუმცა, შეხვედრა ფრთხილი 0-0 ვითარდებოდა და ალექსი მინდორზე ზეგავლენის მოსახდენად შეუშვეს..

როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა და ლიდერმა, მისი ფანტასტიკური გოლით გუნდმა გამარჯვებას მიაღწია!

უკანასკნელი მატჩი ატალანტას წინააღმდეგ

იუვემ ნანატრი სკუდეტო დაიბრუნა და ის ატალანტასთან შეხვედრამდე გაიფორმა..

დელ პიეროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება კი კლუბმა აღარ ისურვა და ბუნებრივია, სტადიონზე შეკრებილი 41 000 ტიფოზი, კაპიტანთან გამოსამშვიდობებლად მივიდა.

ცრემლები.. ცრემლები.. ბევრი სიყვარული და ისევ ცრემლები..

ალექსი კი მოედანზე, მიუხედავად იმისა რომ მისთვის მძიმე იყო ეს ყოველივე, გუნდს კიდევ ერთხელ გაუძღვა.. სიმბოლურია ნამდვილად, რომ მან ამ შეხვედრაშიც შეძლო თავის გამოჩენა! თავის ბოლო ტურინულ მატჩში, ალექსმა კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივარი!

მატჩის დასრულებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, მაგრამ ყველანი ალექს უყურებდნენ, რომელიც სტადიონს საპატიო წრეს ურტყამდა.. არავის არ აინტერესებდა მინდორზე რა ხდებოდა.. ეს საოცარი იყო და ამავე დროს უსაზღვროდ სევდიანი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x