ანიელების დინასტია: ჯოვანი ანიელი
ჯოვანი ანიელი – (13 აგვისტო 1866წ – 16 დეკემბერი 1945წ) XX საუკუნის პირველი ნახევრის იტალიელი მრეწველი და მეწარმე. მის სახელს უკავშირდება დაფუძნება საავტომობილო კონცერნ FIAT-ის (Fabbrica Italiana Automobili Torino. ანუ – იტალიური ავტომობილების ტურინული ფაბრიკა. ). XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი…
ახალგაზრდობა
ჯოვანი ანიელი დაიბადა 1866 წლის 13 აგვისტოს ედოარდო ანიელის და ანისეტა ფრისეტის ოჯახში, პატარა ქალაქ ვილარ-პეროზაში. მისი მამა – ედოარდო ანიელი იმ დროისათვის იყო ქალაქ ვილარ-პეროზას მერი, რომელიც გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, როცა ჯოვანი მხოლოდ ხუთი წლისა იყო.
ჯოვანი სწავლობდა San Giuseppe-ს სახელობის კოლეჯში ტურინში. ამის შემდეგ ჩაირიცხა არმიაში, რომელშიც მსახურობდა 1893 წლამდე. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ იგი დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, გააგრძელა მამის საქმიანობა და 1895 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქალაქ ვილარ-პეროზის მერის თანამდებობაზე. ამ პერიოდისათვის ჯოვანი ანიელიმ შეიტყო ახალი გამოგიონებების შესახებ, რომელსაც იმ დროისათვის ე.წ. „უცხენოდ“ გადაადგილების საშუალებას უწოდებდნენ და საფუძველი ეყრებოდა საავტომობილო საშუალებების გამოგონებას. 1898 წელს ჯოვანი შეხვდა გრაფ ემანუელ ბრიკარაზოს, რომელიც იმ დროისათვის ინვესტორებს ეძებდა თავისი პროექტის განსახორციელებლად. ანიელიმ წინასწარ განჭვრიტა მისი შესაძლებლობები და უნარი სამეწარმეო საქმიანობაში და ხელიდან არ გაუშვა გრაფის შემოთავაზება.
კარიერა
ჯოვანი ანიელი ერთ ერთი მთავრი დამფუძნებელია ტურინში ახლად დაარსებული საავტომობილო ქარხნისა, რომელიც 1899 წლის 1 ივლისიდან ცნობილია როგორც FIAT-ი. 1899 წელს მან შეიძინა აღნიშნული საავტომობილო ქარხნის აქციები 400 დოლარად, რომელიც ჩვენ დროში მილიარდებს უთანაბრდება. თავდაპირველად ის არის ახალი კომპანიის მმართველი დირექტორი, ხოლო 1920 წლიდან ის გახდა კომპანია FIAT-ის თავმჯდომარე.
FIAT-ის პირველი ქარხანა გაიხსნა 1900 წელს. იგი თავდაპირველად შედგებოდა 35 თანამშრომლისაგან, რომლებმაც იმ დროისათვის მოახერხეს გამოეშვათ 24 ავტომობილი. ნელ ნელა იზრდებოდა ქარხნის წარმოება და 1903 წლისათვის კომპანია გავიდა მოგებაზე აწარმოა რა 135 ავტომობილი, ხოლო 1906 წლისათვის უკვე 1149 ავტომობილი. კომპანიამ იტალიის მასშტაბით პოპულარობა მოიპოვა და FIAT-ის აქციები მილანის საფონდო ბირჟაზე იმ დორისათვის საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჯოვანი ანიელი კი მიუხედავად ქარხანაში არსებული მცირედი „სკანდალებისა“ და შრომითი დავების ფონზე, მაინც ცდილობს გაზარდოს მისი წილი კომპანიაში და შეიძინოს აქციათა საკონტროლო პაკეტი.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ანიელის საავტომობილო ქარხანამ 30-ე ადგილიდან გადაინაცვლა მე-3 ადგილზე იტალიურ სამრეწველო კომპანიებს შორის. FIAT-ის დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ გაიხსნა საავტომობილო ფირმა FORD-ის პირველი ქარხანა. ჯოვანი ანიელი ხშირად სტუმრობდა აღნიშნულ კომპანიას და იზიარებდა იმ გამოცდილებას, რომელიც გააჩნდა FORD-ს საავტომობილო პრაქტიკაში.
1923 წელს ჯოვანი ანიელი თავის „კოლექციას“ ამატებს ტურინულ საფეხბურთო კლუბ იუვენტუსს, რომლის მართვა სრულებით აქვს მინდობილი თავის ვაჟს – ედოარდოს.
იმავე 1923 წელს ჯოვანი ანიელი აირჩიეს სენატორად. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შუალედში მას ბევრი საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრესტიჟული თანამდებობა ეკავა. თუმცა მის მთავარ საზრუნავად მაინც რჩება FIAT-ი და ცდილობს მისი პოპულარობა გაიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ნაწილობრივ ახერხებს კიდეც, თუმცა ბოლომდე არ დასცალდა, გარდაიცვალა რა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 79 წლის ასაკში.