ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არასოდეს თქვა არასოდეს…

“რა დასამალია და მეც თქვენსავით, ჩემო ძმებო და დებო, ჩემო იუვენტინოებო, ევროპა-ლიგიდან გამოვარდნამ უზომოდ დამწყვიტა გული. ისის იყო, სტამბოლური თოვლი დადნა და ის ჭყაპიც მიმავიწყდა ტურინული ფინალის მოლოდინში, რომ ლისაბონელი „არწივებიც“ თავზე გადაგვაფრინდნენ. კი ბატონო, აქეთ 102 ქულა და რამე, თუმცა… აი, ეს „თუმცა“ მჭამდა და მხრავდა კარგა ხანს. ეს დღეებია ცოტა გამინელდა რამსები და მეც მივუჯექ კლავიატურას.” -კიდევ ერთი წერილი “იუვე – ლირისგან”.

არასოდეს თქვა არასოდეს..
ორი იუვენტუსი

რა დასამალია და მეც თქვენსავით, ჩემო ძმებო და დებო, ჩემო იუვენტინოებო, ევროპა-ლიგიდან გამოვარდნამ უზომოდ დამწყვიტა გული. ისის იყო, სტამბოლური თოვლი დადნა და ის ჭყაპიც მიმავიწყდა ტურინული ფინალის მოლოდინში, რომ ლისაბონელი „არწივებიც“ თავზე გადაგვაფრინდნენ. კი ბატონო, აქეთ 102 ქულა და რამე, თუმცა… აი, ეს „თუმცა“ მჭამდა და მხრავდა კარგა ხანს. ეს დღეებია ცოტა გამინელდა რამსები და მეც მივუჯექ კლავიატურას.
არ უარვყოფ, რომ ევროპელ ბრაზილიელებთან წაგების დღიდანვე გადაწყვეტილი მქონდა სენიორ ანტონიოზე არცთუ თბილი წერილი „გამომეცხო“. პირდაპირ ვიტყვი, ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ კონტეს თავკაცობით ჩვენ ბებერ კონტინენტზე პირველობა არ გვიწერია. რა ვქნა, ასე ვფიქრობ ნაბენფიკევს და რომ არ ვთქვა თქვენი უპატივცემულობა იქნება, ე.ი. რაც აქამდე მიწერია ნიღაბი და ფასადი ყოფილა, ერთს ვფიქრობდი და მეორეს ვამბობდი. არა, ამას ვერ გაკადრებთ ჩემებურებო!
რაც მიტრიალებს ტვინში ალალად გეუბნებით. ასეა ეს!
მოკლედ, გადავწყვიტე ანტონიოზე დამეწერა და გონებაში როცა მონახაზის შედგენას შევუდექი, ამ დროს გადავაწყდი ფეხბურთზე და ზოგადად სპორტზე მწერალ ქართველთაგან ერთ-ერთი საუკეთესოს, ჭეშმარიტი საფეხბურთო ესთეტის – აკა მორჩილაძის ძველ წერილს. გაგახსენდათ ალბათ აკას სვეტები ძალიან მაგარ გაზეთ „სარბიელში“. ჰოდა, ერთ ისეთ სტატიას შევეფეთე, შორეულ 1996 წელს დაწერილს, რომ პირი ღია დამრჩა. წავიკითხე თუ არა, გავიფიქრე და მთელი გულწრფელობით ვისურვე, ნეტა ისე მწარედ ვცდებოდეთ მე და ყველა ის იუვენტინო, ვინც კონტეს ხელში ევროპულ ხედებს ვერ ხედავს, როგორც „სარბიელის“ ცნობილი მესვეტე შემცდარა თავის დროზე.
თუ არ წაიკითხე, მონაყოლით შეიძლება ვერც დაიჯერო, რომ მორჩილაძის წერილი, რომელიც თავის მხრივ ინგლისური ფეხბურთის და საკლუბო ვარიანტში გამორჩევით „ლივერის“ და „მანიუს“ მეხოტბეა, მრავალთა აზრით ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მწვრთნელს – გადამდგარ შოტლანდიელ გენიოსს – რინუს მიხელსის, ელენიო ერერას და ვალერი ლობანოვსკის დარ კოლოსთა რიგში ამაყად მდგარ სერ ალექს ფერგიუსონს შეეხება. მაშ ასე, გავეცნოთ ნაწერს(მცირედ შევამოკლე) და გულისთქმასაც მიმიხვდებით. დასკვნები კი თავად გამოიტანეთ კონტესთან მიმართების ამბავში.
„14.09.1996

არასოდეს თქვა არასოდეს…
ორი მანჩესტერი

ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“. გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა.
როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ(გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და არტისტული მიხრა-მოხრის მიუხედავად, ინგლისის საკლუბო ლიდერი ნაციონალური მნიშვნელობის გუნდად რჩება.
ჩანს, ერიკ კანტონაც მხოლოდ და მხოლოდ კუნძულის მოთამაშე ყოფილა და მეტი არაფერი. წინა უიქენდზე მან ურთულესი გოლი შეაგდო „ლიდსის“ კარში, „დელე ალპიზე“ კი , როგორც იმერლები იტყვიან, ცივი მჭადი უვარდებოდა ხელიდან.
ამ გუნდის, ამ მართლაც ალისფერი კოხტაპრუწების სიდიადე, მხოლოდ კუნძულით შემოიფარგლება. როგორ შეედრება „ემიუ“ ოდინდელ „ლივერპულს“, რომელიც შინაც და გარეთაც პირველი იყო და ყველაფერს ფშვნიდა?
მაშ, არსებულა ორი მანჩესტერი – კუნძულისა და ევროპისა. ერთი მაგარი და მეორე თხლე. ევროპის მანჩესტერი ისეთი გუნდია, ე.წ. „იქსდვას“ რომ ვერ შებედავ, კუნძულისა – პირიქით.
რაშია მანჩესტერის ორსახოვნების საიდუმლო?
ასე მგონია, რომ ეს საიდუმლო თავად გუნდის მწვრთნელშია. სხვანაირად როგორ წარმოიდგენ, რომ ინგლისის მარადიული ჩემპიონი ხან თურქმა ამარცხოს, ხან რუსმა, ხან კიდევ ვიღაც ოხერმა?
ალექს ფერგიუსონი თავისი გაქანებით ერთი საშუალო მენეჯერია. მას ვერ შევადარებთ ვერც ჯორჯ გრემს, ვერც კენი დალგლიშს და ვერც კევინ კიგანს. მაგრამ ეშმაკი შოტლანდიელი ჯერჯერობით ერთადერთი კაცია კუნძულზე, ინგლისურ ფეხბურთს რომ გასაღები მოარგო. ფერგიუსონი არც გულიტის მსგავსი ავანგარდისტია და არც ვენეიბლზის დარი შემოქმედი. უბრალოდ, ფერგიმ ხაზი დაიჭირა – მან შეიმუშავა ინგისურ კლუბებთან მოგების ფორმულა…
ის, რაც კუნძულს ერგება, კონტინენტზე არ გამოდგება. კონტინენტზე ასეთი „მანჩესტერები“ ასობით უნახავთ. ევროპაში ჩამოსულ „კოხტაპრუწებს“ წამსვე სუროგატიული იერი დაედებათ ხოლმე.
ფერგიუსონი არც კაპელოა და არც ჰოჯსონი(დღეს უბრძენესი ინგლისელი). ის, უბრალოდ, წითელცხვირა ალექსია და არ დაუჯეროთ, როცა ამბობს: „მე უკვე ვიცი, როგორ ვითამაშო ევროპაში. იუვეს მაგრად დავხვდებით“. დიახ, მანჩესტერმა თავი მოიკლა, იომა და ოფლი დაღვარა, მაგრამ მაინც წააგო, რადგან იუვეს ფილოსოფია სხვაა, ვიდრე „ლიდსისა“. ევროპის ჩემპიონს ფლანდრიული „შტუჩკებით“ ვერ გააცურებ – მისთვის კანტონას კუნძულური ტრიუმფი დიდი არაფერია. ევროპაში მოსული მანჩესტერი უკეთეს შემთხვევაში განწირულ მებრძოლად გვევლინება, უარესში – უსახურ და სამარცხვინო ბრბოდ.
რატომ? აკი გითხარით – მისი ფეხბურთის გასაღები მხოლოდ ერთ კლიტეს აღებს. ღმერთმა ქნას ორივე გააღოს, მაგრამ ამისთვის…
ეჰ, ამისთვის ბობ პეისლი ან ბრაიან კლაფია საჭირო.“
P.S. ესეც ასე! რამდენჯერმე გადავიკითხე სვეტი და კიდევ არ მჯეროდა, რომ მართლა მაგარმა საფეხბურთო(და ზოგადადაც) მწერალმა შოტლანდიელ გენიაში ვერ განჭვრიტა მომავალი(თუმცა რაღა მომავალი – წერილის დაწერის მომენტში, მართალია ევროპული არა, მაგრამ სამი პრემიერლიგა და კიდევ არაერთი სხვა ინგლისური ჯილდო ჰქონდა მოგებული სერს) ტიტულთმხვეტელი.
P.S.S. ერთი ნატვრა მაქვს – მინდა აკაზე ორჯერ უფრო მეტად მე ვცდებოდე! ინატრეთ თქვენც!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
6 years ago

ყველას თავის აზრი აქ და მაგიტო ნურავინ გაკიცხავს ვინმეს სულაც ა მინდა რონალდოები და მესები. სურასები.. მაგატი გადმოყვანა დღეს დGეისობით შეუძლებელიაა… აი საბრძოლო გუნდი მე ასე მესახება… კარში: ბუფონი… მცელები: ასპილიკუეტა ტიაგო სილვა ვარანი კოენტრაო… ნახევარ დაცვა: ვიდალი პირლო პოგბა… წინ: როისი, იბრაგიმოვიჩი. რობენი.. ზამენა სტორარი, კიელინი ბარძალი, კასერესი, ლიხშტაინერი, ასამოა, გაბიადინი, ბერარდი, ტევესი, მე ეს ბანდა მაგრა მომწონს… რაც შეეხება იბრაგიმოვიჩს მაგ კაცმა ყველა კლუბი მოიარა და არ გაუჭირდება ააქ მოსვლა…

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<