ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს კრიზისი ანუ როგორ იქცა სუპერვარსკვლავი დიდი პრობლემის დასაწყისად

იუვეს კრიზისი ანუ როგორ იქცა სუპერვარსკვლავი დიდი პრობლემის დასაწყისად

„იუვენტუსს“ დალხენილი დრო რომ არ უდგას, ნათელია. წინა სეზონში გუნდმა ევროპულ სარბიელზე სრული ფიასკო განიცადა და, ამავდროულად, ცხრაწლიანი ჰეგემონიის შემდეგ ისტორიული მეათე სკუდეტოს შანსიც გაანიავა.

თუმცა სკუდეტოს ვინ ჩივის, ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაც სათუო გახდა. სანუგეშოს ახალი სეზონის სტარტიც ვერაფერს იძლევა. გუნდს ოთხი ტურის შემდეგ გამარჯვების გრაფაში 0 უწერია და 20 გუნდიან ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს.

ცხადია, ჩავარდნა არავის უკვირს. რთული პერიოდების გარეშე ვერცერთი გრანდი ვერ ახერხებს ცხოვრებას. უბრალოდ, მთავარია, პრობლემას დროულად გაუსწორო თვალი და მუხლჩაუხრელად იშრომო მის აღმოსაფხვრელად. ამ სტატიის მიზანია მეტ-ნაკლებად მიმოიხილოს ის მიზეზები, რამაც მიიყვანა გუნდი აღნიშნულ წერტილამდე.

ამისთვის მცირე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება.

„იუვეს“ ისტორიაში რთული პერიოდი თუ როდისმე მდგარა, უთუოდ კალჩოპოლის შედეგად განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ყველას გვახსოვს, როგორ გაუჭირდა კლუბს ფეხზე დადგომა.

თუმცა 2011 წელს გუნდი დაბრუნდა და თანაც როგორ! ბებერმა ქალბატონმა ზედიზედ სამჯერ მოიგო სკუდეტო. თუმცა, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის და ტიფოზერიისა და ხელმძღვანელობისთვის ქვეყნის მასშტაბით წარმატება აღარ იყო დამაკმაყოფილებელი.

სწორედ ეს უნდა მივიჩნიოთ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომ გუნდმა წარმატების მთავარი შემოქმედი, ანტონიო კონტე გაუშვა და საჭე მასიმილიანო ალეგრის გადასცა. ალეგრის დანიშვნას ქომაგთა უდიდესი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მაქსმა მწვრთნელობის პირველ სამ წელში ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვიცი, ბევრი წაგებულ ფინალებს ალეგრის პასივში უთვლის, მართლაც, როგორ შეიძლება, სპორტის მოყვარული ადამიანი წაგებით კმაყოფილებას მიეცეს, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ იუვესთვის ფინალი ყოველთვის აქილევსის ქუსლი იყო, თვით დიდი მაესტროს, მარჩელო ლიპის დროსაც!

ასეა თუ ისე, „იუვენტუსის“ ორჯერ ფინალში გასვლამ გააჩინა განცდა, რომ კლუბი სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს იყო და უახლოეს ხანში ოცნებაც ასრულდებოდა. ასეთი ვითარების ფონზე განხორციელდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ‒ კრიშტიანო რონალდო მადრიდიდან ტურინულ გრანდში გადაბარგდა.

წესითა და რიგით, ეს უნდა გამხდარიყო „ტორტზე მარწყვი“, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. მეტიც, გუნდის დაღმასვლა ყველასათვის შესამჩნევი გახდა.

ვიცი, რამდენი პერსონალური ქომაგი ჰყავს პორტუგალიელს, ამიტომ მათი უსაფძვლო წყრომა რომ არ დავიმსახურო, აქვე ვიტყვი: რონალდოს კლასსა და პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა უბრალოდ არ შეიძლება, ვინაიდან მას ეს ყველაფერი საკუთარი თამაშით აქვს დამტკიცებული, მათ შორის „იუვეშიც“.

მაგრამ… დიახ, ნამდვილად არსებობს „მაგრამ“. მან მისდაუნებურად შეიტანა კლუბში გარკვეული დისბალანსი, რაც, ჩემი აზრით, იქცა კიდევაც დიდი პრობლემის დასაწყისად. ახლა შევეცდები ჩამოვთვალო ის მიზეზები, რომელთა გამოც მივიჩნევ ამას:

1. ამ დონის სუპერვასკვლავი რომ გუნდში „300 ლარიან ხელფასზე“ არ მივა, ყველასათვის ცხადია. ლოგიკურია, რომ რონალდუს რეკორდულმა ანაზღაურებამ მთლიანად სახელფასო ჭერის ზრდა გამოიწვია, რამაც გარკვეულწილად ცუდად იმოქმედა კლუბის სისტემაზე.

2. მეორე მიზეზი პირველიდან გამომდინარეობს. „იუვეს“ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ბეპე მაროტა, როგორც ჩანს, ზუსტად ამ მიზეზით ეწინააღმდეგებოდა პორტუგალიელის ტრანსფერს. საბოლოოდ ამ ყველაფერს მისი კლუბიდან გაშვება მოჰყვა, ხოლო ამით ვინ იზარალა, დრომ და მისმა მოსისხლე მტრის ბანაკში გაკეთებულმა საქმემ კარგად დაგვანახა.

3. მაროტას ადგილი ანიელიმ ფაბიო პარატიჩის ჩააბარა. ტიფოზერიის დიდი ნაწილი პარატიჩის მიიჩნევდა წარმატებების მთავარ იდეოლოგად, ამიტომ თითქოს ეს ცვლილება გუნდს კარგის გარდა არაფერს უქადდა. რეალურად კი შემდეგი სურათი მივიღეთ:

პარატიჩიმ მაროტას პოლიტიკა გააგრძელა და გუნდში ძირითადად თავისუფალი აგენტები მოიყვანა. ცხადია, გაზრდილი სახელფასო ჭერისა და მათი თავისუფალი აგენტობის გამო მაღალი ანაზღაურებით. სამწუხაროდ ამ ტრანსფერებმა არათუ ერ გაამართლა, იუვესთვის „ჩაწოლილ საქონელად“ იქცა.

4. გუნდის დაღმასვლა ჯერ კიდევ ალეგრის მწვრთნელობისას დაიწყო. თამაშის ხარხისის გაუარესება ნათელი გახდა. შექმნილ ვითარებაში მენეჯმენტმა ხელი სწორედ მწვრთნელს შეაწმინდა და სათამაშო ფილოსოფიის ცვლილება დააანონსა.

სწორედ ამ მიზეზით გაუშვეს გუნდიდან ალეგრი და მოიყვანეს მაურიციო სარი, რომელსაც, ფაქტობრივად, არაფერი ჰქონია დამტკიცებული. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იმთავითვე უცნაური იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, სარის „იუვეში“ ძალიან გაუჭირდა.

თუმცა აქაც, ჩემი აზრით, პრობლემა არა იმდენად მწვრთნელში იყო, არამედ ‒ მენეჯმენტში. ცივ გონებაზე რომ შევხედოთ, სარის მოყვანაზე უცნაური მისი პირველივე სეზონის შემდეგ გაშვება გახლდათ, ხოლო ამაზე უცნაური ‒ ჯერ კიდევ სამწვრთნელო პრო ლიცენზიის არმქონე ანდრეა პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა.

სრულიად ლოგიკურია, რომ ვერც პირლომ გაამართლა და მეტიც, ბოლო წლების ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა გუნდმა.

კრიზისი იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ ხელმძღვანელობამ დიდი ცვლილებები დაიწყო. გუნდიდან წავიდა ფაბიო პარატიჩი ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაქს ალეგრი დაბრუნდა. ეს წელი ადვილი რომ არ იქნება საწყისი ტურებიდანაც ჩანს, რაც ამ სტატიის თავშივე აღვნიშნე. რამდენად შეძლებს გუნდი აღნიშნული პრობლემიდან თავის დაღწევას, დრო გვიჩვენებს.

ვფიქრობ, ანიელის გამოტანილი აქვს გარკვეული დასკვნები და მიუხედავად შედეგისა, ალეგრი მომდევნო სეზონშიც იუვეს მესაჭე იქნება. თანაც, არა მგონია, მაქსი ხელმეორედ მსგავსი გარანტიისა და რისკების შეფასების გარეშე დაბრუნებულიყო. ასევე მიმაჩნია, რომ გუნდის სათამაშო კონტურები და მომავალი დეკემბრისთვის უნდა გამოიკვეთოს.

ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე პირადად მაინც იმდიანად ვარ განწყობილი, ვთვლი, რომ გუნდის გაახალგაზრდავება გარკვეულ შედეგს გამოიღებს და მაქსი შეძლებს სტაბილურობის განცდის დაბრუნებას.
დაბოლოს, ეს „იუვეა“, რომელიც ნებისმიერი რთული ვითარებიდან პოულობს გამოსავალს და ბრუნდება იმაზე ძლიერი, ვიდრე მანამდე იყო. აქ ხომ მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი.

პ.ს.
„იუვესი“ არ იყოს დალხენილი დრო არც forzajuve.ge-ს უდგას. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

პოსტი სანდრო დგვარელმა მოამზადა 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x