ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“როხიბლანკო” – ჩვენი მორიგი ვიზავი

მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი, რომელიც არა მარტო ჩვენს ჯგუფში, არამედ სრულიად ევროპაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.  ინტრიგა მნიშვნელოვნად გაამძაფრა პირეოსულმა მატჩმა, რომელმაც ერთგვარი დისონანსი შეიტანა წინასწარ დაანონსებულ სცენარში და ამით უეჭველია, რომ ფეხბურთის  ის გულშემატკივარი, ვისაც ბოლო ტურამდე დაძაბულობა სურს, ნამდვილად მოგებული დატოვა.

ტურინელები ეწვევიან ნაცნობ დედაქალაქს, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტოქე ნაკლებად ნაცნობია მათთვის, განსხვავებით ამავე ქალაქის მეორე კლუბისგან. ამჯერად ჩვენს პირისპირ “ატლეტიკო მადრიდი” დადგება და იუვეს გულშემატკივრებს დიდი იმედი გვაქვს, რომ ცისფერ ეკრანზე “შავ–თეთრი” უფრო მკაფიო იქნება, ვიდრე “თეთრ-წითელი”. მანამდე კი, ახლოს გავიცნოთ მადრიდელი “ათლეტები”.

ჩვენი ვიზავი უტიტულოვანეს თანაქალაქელებს ტროფეების რაოდენობით, რასაკვირველია, ვერ შეედრება, მაგრამ იმით კი ნამდვილად დაიტრაბახებს, რომ უშუალოდ ესპანეთის დედაქალაქში უფრო მეტი გული “ინდიელებს” ეკუთვნით, ვიდრე “ბალერინებს”. “ატლეტიკო” ამას საქმითაც ამტკიცებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკლუბო ლოგოს ნახევარი გადაწყვეტილია თეთრ-წითელ ფერებში, ხოლო მეორე ნაწილი კი, ფაქტიურად ქალაქ მადრიდის გერბის იდენტურია – დათვი ხემარწყვასთან(მარწყვის ხე), რომელიც შვიდ ვარსკვლავშია მოქცეული. “როხიბლანკოს” მხრიდან ამით იმის ხაზგასმა ხდება, რომ სწორედ “ატლეტიკოა” მადრიდის მთავარი ჯილა და არა თანაქალაქელი “რეალი”.

მოგეხსენებათ, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრისას, სწორედ ესპანელები იყვნენ პირველ კალათში განთესილნი. მათი ამჟამინდელი ადგილი უეფას საკლუბო რეიტინგში გახლავთ მე-7 პოზიცია 99.828 საკოეფიციენტო ქულით. დიდი ალბათობით, მადრიდელები მალე დაწინაურდებიან და წაართმევენ  მე-6 ადგილს “წითელ ეშმაკუნებს”, საიდანაც ერთ ნაბიჯზე იქნებიან საპატიო ხუთეულის წევრებთან.

მიმდინარე წელი მათ ისტორიაში განსაკუთრებულია, რადგან  მეათედ იპირველეს პრიმერადივიზიონში და იმ ორ გუნდს შეუერთდნენ, რომელთა საჩემპიონო ტიტულთა რაოდენობის აღსაწერად 2 ციფრია საჭირო. ესპანური “დესიმას” შემდეგ, “ათლეტები” ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე, სულ რაღაც 30 წამი აშორებდათ სანუკვარ ჯილდოს, მაგრამ ფეხბურთის ღმერთმა სხვაგვარად ინება და ამჯერად, მათ თანაქალაქელ “გალაქტიკოებს” დაეხმარა ევროპული “დესიმას” შესრულებაში. მიუხედავად ფინალში დასანანი მარცხისა, ამ მართლა მაგარი გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, რადგან “ატლეტიკომ” ყველა ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა და რაც მთავარია, ორ მონსტრთან ჭიდილში, ასე ნანინანატრი მეათე ჩემპიონობა იზეიმა. ბევრი დამეთანხმება, რომ სწორედ “ინდიელები” არიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ფული ვერ წყვეტს ყველაფერს და თუ გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება და ამას ჭკვიანი მესაჭეც დაემატება, ტოლ-სწორად შეიძლება “მწვანემრავალ” კლუბებთან ჭიდაობა.

მადრიდელთა შემადგენლობაზე, მთავარ მწვრთნელზე და მის ოდიოზურ თანაშემწეზე, გუნდის ტაქტიკურ სქემა-მონახაზებზე და სათამაშო სტილზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამ საიტზე შემომსვლელთათვის, ეს ისედაც ცნობილია. ესპანელები პირველი ეშელონიდან არიან და შესაბამისად, ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივრებმა ზედმიწევნით იციან ყველაფერი.

ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს “ბიანკონერისა” და “თეთრ-წითლების” დაპირისპირებათა ისტორიაში ჩახედვა. ჯახი, რომელიც მეორე ტურში შედგება, ამ ორ გუნდს შორის რიგით მეექვსეა. წინა ხუთივე დაპირისპირება უეფას თასის(დღევანდელი ევროპა ლიგის გათამაშება) წინამორბედი ტურნირის – ბაზრობათა თასის ეგიდით გაიმართა. ამ ხუთიდან ოთხში ტურინელებმა იმარჯვეს, მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა “ატლეტიკოს” სასარგებლოდ. რასაკვირველია, ბურთების შეფარდებაც ჩვენს მხარესაა 10:6-ზე.

პირველად ეს გუნდები 1963-64 წლების ბაზრობათა თასის გათამაშების მეორე რაუნდში გადაეყარნენ ერთმანეთს. ორივე მატჩი ტურინელთა სასარგებლოდ მორჩა. იტალიაში 1-0, ხოლო მადრიდში 1-2. გაცილებით დაძაბული და თვალსასეირო იყო მათი მეორე შეხლა, რომელიც მომდევნო, ანუ 1964-65 წლების სეზონში გაიმართა. კვლავ ბაზრობათა თასი, ოღონდ უკვე ნახევარფინალი. მადრიდული მატჩი “ათლეთტა” ლეგენდარული ფეხბურთელისა და შემდგომ არანაკლებ დიდი მწვრთნელის – აწ განსვენებული ლუის არაგონესის ბენეფისად იქცა. 3:1 – ესპანელების დამაჯერებელი ძლევა და არაგონესის ჰეთ-თრიკი. განმეორებითი მატჩი “სტადიო კომუნალე”-ზე გაიმართა და ამჯერად 3:1 “შავ-თეთრების” სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ არაგონესმა ამ თამაშშიც შეაგდო თავისი გოლი.  მოგეხსენებათ, მაშინ დამატებითი დროის ცნება არ იყო. გამარჯვებული მესამე მატჩში, ანუ პლეი-ოფში უნდა გამოვლენილიყო. ამ შეხვედრასაც ტურინმა უმასპინძლა და კვლავ “ბებერი ქალბატონის” უპირატესობით ჩაიარა. იტალიელებმა
3-1 იძალეს და ფინალი(სხვათა შორის, ფინალური შეხვედრაც ტურინში, “სტადიო კომუნალე”-ზე  გაიმართა) გაინაღდეს, სადაც, ჩვენდა სამწუხაროდ, უნგრულ “ფერენცვაროშთან” დამარცხდნენ 0-1.

ამრიგად, თითქმის 50 წლიანი შესვენების შემდეგ, დგება დრო მეექვსე დუელისა. იუვენტონოებს გვჯერა, რომ მატჩის ბოლოს, გადაჭედილ “ვისენტე კალდერონზე” ისეთივე დაღვრემილ “ელ ჩოლოს” ვიხილავთ, როგორიც პირეოსში – “გეორგიოს კარაისკაკისის” ტრიბუნიდან დაგვამახსოვრდა.

 

სტატია მოამზადა – “იუვე-ლირმა”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<