ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

12 წელი ბერლინამდე

შორეულ 1997-ში, როდესაც „იუვენტუსმა“ ფინალი წააგო მოულოდნელად „ბორუსიასთან“, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა ერთი წელი, რომ ისევ ფინალში მენახა შავ-თეთრები. რატომღაც ვიცოდი, რომ ისევ მოხვდებოდნენ იქ და მართლაც, ერთი წლის შემდეგ ისევ ფინალში აღმოჩნდნენ და ისევ ფავორიტებად, ამჯერად „რეალის“ პირისპირ. სამწუხაროდ, ისეთი თამაში იყო, როგორსაც არ ველოდი. ბავშვურად მოგების მჯეროდა და შედეგმა იმედი გამიცრუა.

აი, შემდეგ უკვე ცდა მომიწია და როცა ელი, ელი და ის არაა, რაც შენ გინდა, თითქოს კარგავ იმედს და აღარ გჯერა, რომ ბოლომდე გაგიმართლებს. როგორც იქნა , 2003 წელს ესპანური გრანდების კედელი გავარღვიეთ და თვით „რეალი“, რომელსაც მსოფლიო ნაკრები ჰყავდა და ამაყობდა 2000-იანების ფეხბურთის ყველაზე დიდი სახელებით, დრამატულ თამაშში დამაჯერელად დავამარცხეთ. ერთადერთი, რამაც ხასიათი გაგვიფუჭა, იყო ნედვედის ყვითელი ბარათი, რაც ფინალის გამოტოვებას ნიშნავდა; დღემდე ვერ გამიგია, რატომ და როგორ უნდა აეღო ჩეხს ის. ეს ერთი ყვითელი ფაქტიურად თასის სასწორზე შედგმა იყო: კი, ვიყავით „მილანთან“ ფავორიტები და კი, საოცარი გუნდი გვყავდა განუმეორებელი დელ პიეროს თამადობით. მაგრამ იყო ბევრი “მაგრამ“ და ფრაზები: „თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ან „ყოველთვის უფრო ძლიერი ვერ იგებს თამაშს“… და სწორედ ასე მოხდა. მორიგი წაგებული ფინალი..

ამის შემდეგ დაღმასვლა დაიწყო. ფინალში კი არა, ჩემპიონთა ლიგაზეც არ მოვხვედრილვართ კარგა ხანი. ირგვლივ სხვა ქომაგების ცინიკური კითხვები: „რა ხდება სერია ბ-ში?“ ან „ინტერტოტოს თასს მოკითხვა“… მაგრამ დიდხანს ეს არ გაგრძელებულა და „იუვემ“ მალე „მოაკეტინა“ ცინიკოსებს: ანიელიმ და კომპანიამ მთლიანად შეცვალეს საყვარელი გუნდის მენეჯერული ფილოსოფია და სკუდეტოც დაიბრუნეს; არა მხოლოდ დაიბრუნეს, ზედიზედ მეოთხე წელია ახლოს არავინ გააკარეს მას. თუმცა ამ წლამდე ევროპა მაინც მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა.

2014 წლის შემოდგომა.. ლიგაზე 3 ჯგუფური თამაშის მერე ბიანკონერებს 2 წაგებული აქვთ. ფსევდო უიმედო სიტუაცია. ნუთუ ისევ შარშანდელი მეორდება და ვვარდებით ასე უსახელოდ? მაგრამ „იუვე“ მთელს თავის კონცენტრაციას იკრებს და მეორე ადგილზე ამთავრებს ჯგუფურ ეტაპს ისე, რომ ერთი ქულით უსწრებს „ოლიმპიაკოსს“.

პლეი ოფში ზედმეტად თავდაჯერებული დორტმუნდის „ბორუსია“ ხვდება. გერმანელები ლამის საკუთარი ჩემპიონატიდან გავარდნენ, მაგრამ ცხვირები აწეული აქვთ და „იუვენტუსის“ ლიგაზე დათვლილ წამებზე და ბუფონის ასაკთან ერთად დაკარგულ ოსტატობაზე საუბრობენ. პირველი თამაშის წაგების მერე კიდევ უფრო აგრესიულად ხვდებიან ტურინელებს და 97 წლის მარცხს დიდი ბანერებით ახსენებენ. თუმცა ეს არ აკომპლექსებს ბიანკონერებს, მხოლოდ აბრაზებთ მათ და გერმანელთა ტრიბუნებს სამი უპასუხო გოლით აჩუმებენ.

შთამბეჭდავი „იუვე“ დაბრუნებულია, ყველა მოხიბლულია. და ამ უხვგოლიან ეპიზოდს ენაცვლება არასანახაობრივი მეოთხედფინალი „მონაკოსთან“, სადაც ორ შეხვედრაში სულ ერთი გოლი გადის და ასე იკვალავს გზას „იუვე“ წინ. ალეგრი ამბობს, მე შედეგი მინდა და ვისაც სანახაობა გინდათ, ცირკში მიბრძანდითო. და ტიფოზებიც ეთანხმებიან მას. აბა, ვის ადარდებს გოლების რაოდენობა, როცა „იუვენტუსი“ მთელი 12 წლის შემდეგ ისევ ნახევარფინალშია და მოწინააღმდეგეც მეფური ელოდება – მადრიდის „რეალი“.

ნახევარფინალის წინ აშკარა აუტსაიდერებად შეგვრაცხეს და ესპანელებიც საკმაოდ თავდაჯერებულები გამოვიდნენ ტურინში (და ეს სულაც არაა გასაკვირი, ბოლოსდაბოლოს, ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელებს შევხვდით). წინ გავედით, გაგვითანაბრეს, ისევ წინ გავედით და..ვეღარ გაგვითანაბრეს! მეტიც, ბოლო წამებზე შეგვეძლო მესამეც გაგვეტანა. მაგრამ თურმე ესეც საკმარისი იყო.
მადრიდში განმეორებით შეხვედრაში მაინც სხვა სურათს ველოდით და ბოლომდე გვქონდა შიში, რომ ყბადაღებული ელ კლასიკო არ შემდგარიყო ფინალში. „რეალი“ ბერნაბეუზე ხომ სულ სხვანაირად თამაშობს, ალბათ შტურმს მოგვიწყობენ, ალბათ ძალიან ძნელი იქნება. მთელი გუნდი მობილიზებულია, მოწყურებულია ევროპის ტიტულს და პრესტიჟს, არავინ ზოგავს თავს; კიელინი ნამდვილი სპარტელია: ხელით, ფეხით, თავით – სულერთია, ყველაფრით ცდილობს მეტოქის შეჩერებას და მის ერთ ასეთ მცდელობას პენალტი მოსდევს ჯიჯის კარში. პირლო ის ვერაა, როგორიც ჩვენ ვიცით, მაგრამ გასვლისას მთელი სტადიონი ოვაციით აჯილდოებს (ქება უნდა ითქვას მადრიდელ ქომაგთა მისამართითაც, პატივს როგორ სცემენ ლეგენდებს, თუნდაც მოწინააღმდეგეს)..სამაგიეროდ ნახევარდაცვა და დაცვა გაუვალია. მორატა უთანაბრებს ყოფილ კლუბს და ლიგის ფინალში ზედიზედ გასვლის შანსს უკლავს. ბოლო წუთებზე ისევ შტურმს ველით მადრიდელებისგან, მაგრამ ბოლო წუთებზე „იუვე“ უტევს. და აი, სასტვენიც.. დამთავრდა. ისევ ფინალშია 12 წლის შემდეგ! „იუვენტუსი“ ბერლინში მიემგზავრება. ემოცია უსაზღვროა..

„იუვენტუსს“ ახლა სჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ის გრანდია; ის ფინალისტია; ის დიდი კლუბია, რომელსაც არასოდეს დაუკარგავს თავისი სახე და მისი ადგილი სწორედ აქაა, ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის.

ფინალში „ბარსელონაა“ ფავორიტი (კარგია კიდეც, რომ ფავორიტებად არ გვთვლიან; ფავორიტები როცა ვიყავით, სულ წავაგეთ ფინალები მაინც). თითოეულ ინტერვიუში და კომენტარში იგრძნობა ეს: ყველასთვის ფანტასტიკის სფეროა „ბარსელონას“ დამარცხება; მარკო ტარდელიმ დაუფარავად აღნიშნა, წმინდა წყალი თუ გააჩერებს მათო.. სინამდვილეში ყველაფერი მინდორზე გადაწყდება შაბათს, თუ ვის როგორ წაუვა თამაში და რამდენად არ გააფუჭებს თამაშს მსაჯი (იმედი ვიქონიოთ , გაუგებარ ექსცესებს არ ექნება ადგილი და არც სიმულაციას აჰყვება მსაჯი, რისი გამოცდილებაც ჰქონიათ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოთამაშე გუნდებს). არადა ფინალია და ფინალში ორივე თანაბარია: 50/50. საკითხავია, ვისკენ გადაიხრება ფორტუნა.

არ ვიცი, რა მოხდება შაბათ საღამოს, მაგრამ ერთი დანამადვილებით ვიცი: ის, რომ „იუვენტუსისთვის“ ეს ოცნების თამაშია; შეუძლებელია „ბარსას“ ჰქონდეს გამარჯვების ის შიმშილი, როგორიც ახლანდელ „იუვეს“ აქვს იმ ყველაფრის შემდეგ, იმ ბოლო ფინალიდან განვლილი 12 წლის შემდეგ. გამარჯვება ერთადერთია, რასაც ბებერი ქალბატონისთვის მნიშვნელობა აქვს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
rezi Sekhniashvili
5 years ago

როგორ გაიწელა რა ეს დგეები რა როდის მოვა შაბათი :forza:

Kva Shi
5 years ago

არამგონია ითამაშებს ჯორჯო, გამოცდილი მცვალი გვჭირდება და მაგის უმისოდ გაგვიჭირდება, ნუ ევრა არის გამცდილი მარა ცენტრალური მცვალი გვინდა აუცილებლად, რაღაც ჭორი მგონია ეს ამბავიი

giorgi nefaridz
5 years ago

ძალიან გაგვიჭირდება ჯორჯოს არყოფნით, იმედია მოახერხებს თამაშს, დაცვას ქაჯობები უყვარს მაგრამ დანარჩენ მცველებს კარგად ათამაშებს :forza:

barona
5 years ago

რეალთან თამაშის წინ დამესიზმრა ფრე ვითამაშეთ ისე ყველაფერი ახდა აქაც დავწერე მაშინ,ველოდები ახალ სიზმარს 2გამე დარჩა:D:D:D

barona
5 years ago

ასე მგონია იუვე მოიგებს 2-0

Di Francesco # 1
5 years ago

ახლა ვნახე ბარძალი ემზადება საფინალოდ, ორი ერთი შეხედვით მოუქნელი მცველის ცოტა მეშინია ტექნიკურ შემტევებთან, კიელინის გარეშე აჯობებს 3 მცველზე გადავიდეთ

Di Francesco # 1
5 years ago

ბონუჩი – ოგბონა იქნება ალბათ ფინალში, ფინალში ტრამვირებულის დაყენა რისკი იქნება მაშინ როცა ოგბონა გყავს გუნდში. თუ სასტავში მოხვდა დარწმუნებული ვარ ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდება

lasha naxucrishvili
5 years ago

აღარ მოვიდა შაბათი რა

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

8
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<