“შავ-თეთრი“ მოგონებების ფერადოვნება
ოხერი რამეა მოგონებები არა?! თუ ტკბილად გახსენდება, მითუმეტეს… ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოსაც ამბობენ ამ ფენომენისას. ჰო და, რახან მოგონებებს შევეხეთ, თქვენის ნებართვით ერთ ამბავს გავიხსენებ…
1998 წლის 18 მარტი რამეს გეუბნებათ? ალბათ, არაფერს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც რომ ეკითხათ, ვუპასუხებდი – სავარაუდოდ ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდათქო. დავამატებდი რომ, სკოლაში, ანაც სახლში(თუ შაბათ-კვირას დაემთხვეოდა) ვიქნებოდითქო და ბოლოს მხრებსაც ავიჩეჩავდი სხვა რაიმე მნიშვნელოვანის ვერ თქმის გამო. ამ შესავლით იმის აღნიშვნა მსურს, რომ მეც თქვენსავით ვერაფერს გავიხსენებდი საყურადღებოს და არსებითს. მაგრამ, თუ მეტყოდნენ რომ ამ დღეს კიევში, „ოლიმპიისკიზე“, ადგილობრივი „დინამო“ „იუვენტუსს“ ეთამაშაო, მაშინ სასიამოვნოდ გამაჟრჟოლებდა ტანში და ეს დღე გონებაში სრულად აღმიდგებოდა. რატომ? მივყვეთ თანმიმდევრობით.
გათენდა. წავედი სკოლაში, თუმც გაკვეთილებისთვის ნაკლებად მცხელა. საღამოს „იგრაა“, ლიგის მეოთხედფინალია. ჩემი „იუვე“ თამაშობს. პირველი მატჩი ტურინში 1:1 მორჩა და უდიდესი ინტერესით ველი მეორე თამაშს, მაგრამ… მაგრამ საქმე იმაშია, რომ 99% დარწმუნებული ვარ, დენი არ იქნება და შესაბამისად, სახლში ვერ ვუყურებ. არადა ტურინული 1–1 შემდეგ, „იუვეს“ ნაღდად არ ელის არხეინი თამაში. ყველაფერი აქ, ლურჯ–ყვითლების დედაქალაქში უნდა გადაწყდეს.
ვაწყობ გეგმებს. ბიძაჩემთან უნდა ვუყურო „დვიჟოკზე“. იმას კიდევ ნაკლებად აინტერესებს ფეხბურთი. ამ ყველაფერს ზედ ისიც ერთვის, რომ ბიძაჩემს ეს „დვიჟოკი“ საზიაროდ აქვს თავის მეზობელთან, ანუ მორიგეობით ასხამენ განსაზღვრული რაოდენობის ბენზინს და ეს საწვავიც განსაზღვრული დროით ყოფნით – საღამოს 8–დან 12–მდე. „მაცნეს“(მგონი ასე ერქვა მაშინ) უნდა უყურონ რა, თან აუცილებლად.
ვიცი ეს ყველაფერი მე და ვეძებ გამოსავალს. ან ფული უნდა ვიშოვო, რომ ბენზინი ვიყიდო და თორმეტის ნაცვლად 2 საათზე გათავდეს, ან არადა რაღაც უნდა მოვიფიქრო. ბიძაჩემს კი „შევაბამ“ და რვის ნაცვლად სულაც თერთმეტზე დავაქოქინებ გენერატორს, მაგრამ ის მეზობელი დიდი უჯიათი კაცია(ფეხბურთთან ისეა, როგორც მაჩვი სალამურთან) და არ გამოვა.
დრო გადის. მორჩა სკოლა. წამოვედი. ფულის ამბავი არ გამოდის. ან რა უნდა ვიშოვო მეექვსე კლასელმა მოსწავლემ?! არ დაგავიწყდეთ რა დროა. 20 თეთრად შეყვარებულს დაპატიჟებ ბულკზე და ლიმონათზე და 5 თეთრიც რომ მოვა ხურდაში ის პერიოდია. ნელ–ნელა ახლოვდება 8 საათი. გადავედი ბიძაჩემთან. უნდა ავუხსნა ყველაფერი. ეშმაკური ფიქრიც მიტრიალებს თავში. ჩავაყენე საქმის კურსში და ისიც ვუთხარი რა უნდა ვქნათ. ვერკვევი ტექნიკაში მეტ–ნაკლებად…
მოკლედ, რვაზე ვერ (არ) დავქოქეთ „დვიჟოკი“. ის ტიპი აივნიდან კითხულობს ვითარებას და ბუზღუნებს. ბიძაჩემი უხსნის, რომ „სვეჩი“ დასველდა. გასაშრობია რა. იმდენი ვიჩალიჩეთ, რომ ათისთვის „ძლივს გავაშრეთ“. დავქოქეთ. კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ აწი ეყოფა საწვავი და „ბებერ ქალბატონს“ ვიხილავ პაემანზე, მაგრამ როგორია, ამდენი წვალების შემდეგ რომ ჩაგშხამდეს ეს ყველაფერი, ჰა?! ამ ფიქრებში ვარ და დაიწყო მატჩიც…
თოვს და ყინავს სლავთა დედაქალაქში. თითქოს, უკრაინელებს უფრო აწყობთ ამინდის ჭირვეულობა. არც შემადგენლობა დაეწუნებათ ახალგაზრდა კიეველებს: მეკარე შოვკოვსკი, დაცვას დმიტრულინი ამაგრებს, ნახევარდაცვაში გამოცდილი ხაცკევიჩი და კოსოვსკი, თავდასხმა კი, იმდროისთვის მართლაც გამორჩეული რგოლი იყო დინამოელთა გუნდში – სერგეი რებროვი და მომავალი სუპერვარსკვლავი ანდრეი შევჩენკო. ერთი სიტყვით, დიდ გულზე არიან ლობანოვსკის შეგირდები. გადაჭედილი „ოლიმპიისკი“ კიდევ უფრო დიდ მუხტს აძლევს თავისიანებს.
„ბებერი სინიორას“ კარს მრავლისმნახველი პერუცი იცავს. დაცვის ცენტრს მონტერო–იულიანო ქმნიან, ხოლო ფლანგებზე ბირინდელი–პესოტოს დუეტია. ნახევარდაცვა ვარსკვლავურია უდაოდ: „პიტბულად“ წოდებული პერპეტუმ–მობილე ედგარ დავიდსი და მის გვერდით „მამლების“ ნაცადი კაპიტანი დიდიე დეშამი, მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ–ერთი უდიდესი ლეგენდა ზინედინ ზიდანი და „იუვეს“ დღევანდელი თავკაცი – მარად მებრძოლი ანტონიო კონტე. თავდასხმის ხაზი ორი „მკვლელისგან“ შედგება – დელ პიერო(ამ სახელის წინ ზედმეტად მიმაჩნია რაიმე რეგალია ან ეპითეტი, რადგან თავად ეს სახელი ნებისმიერ რეგალიაზე მეტია) და მეკარეთა სკალპის ამხდელი ფილიპო ინძაგი. მოედნის კიდესთან სათვალიანი მაესტრო – მარჩელო ლიპი დგას.
თანაბარი თამაშია. ტაიმის შუაწელისკენ ტურინელები ეფექტურ კომბინაციას გაითამაშებენ და ზიზუს პასის შემდეგ პიპო ხსნის ანგარიშს. უპირველესი ამოცანა შესრულებულია. კიევში გასატანი გოლი გატანილია. ბრძოლობენ უკრაინელები. არ სურთ დანებება. ამ ნერვულ რიტმში სრულდება კიდეც ტაიმი. ჯერ წინაა ყველაფერი.
დაიწყო მეორე ნახევარი. კიეველებმა განახლებიდან დაახლოებით 10 წუთში გაგვითანაბრეს. რებროვმა იყოჩაღა. სრული თანაფარდობაა ორი მატჩის ჯამში. გულში გამკრა, ვაითუ დამატებითი დრო დაინიშნოს და „დვიჟოკში“ საწვავი……. არა, არა, გაფიქრებაც მზარავს. ზაფრიდან პიპომ მიხსნა. კუთხური, ზიდანის ჩახვეული, „მკვლელის ინსტიქტი“ და 1-2. სტადიონი წესიერად ვერც იაზრებს რა მოხდა და ისევ კუთხური… ამჯერად დელპი ახუჭუჭებს ალმიდან და ისევ მშიერი ინძაგი… 1-3!!!
მშვიდდება სტადიონი. ეგუებიან ბედს. საკონტროლო ათიანმა დაახალა. თან რა დაახალა. ერთ რამედ ღირდა ამ გოლის ნახვა. ესეც ასე – 1:4 და შთამბეჭდავი თამაში. ტურინიდან წამოყოლილი კითხვის ნიშნები უკრაინის დედაქალაქში აორთქლდა. „შავ-თეთრები“ ნახევარფინალშია.
სულ რამდენიმე თამაშის შემდეგ ვყოფილვარ ესეთი კმაყოფილი და ბედნიერი.
ინძაგის ბენეფისი და გოლის მისეული ჯიგრიანი აღნიშვნა ახლაც თვალწინ მიდგას. ეს ის ინძაგია, რომელზეც მოგვიანებით ლიპი იტყვის: „ზოგჯერ მას საერთოდ ვერ ამჩნევ მოედანზე და შეიძლება ისეც მოგეჩვენოს, რომ თამაშის მონაწილე არც არის, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ის ჩნდება და ხსნის ანგარიშს. იგი მეკარისთვის ნამდვილი მკვლელია“.
ასე და ამგვარად, „ბებერმა სინიორამ“ ჩვეულ სტილში, ისე როგორც სხვა მრავალთათვის უქნია, ლაჯებშუა მოგუდა ახალგაზრდა „დინამოელები“.
ეჰ, კიდევ ბევრია მოსაყოლი, მაგრამ დანარჩენი მერე იყოს, სხვა დროს…
ისე ჩვენში დარჩეს და, მართლა კაი რამეა ტკბილი მოგონებები…
კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“
გეთანხმებით, ძალიან მაგარი მოგონებაა.. სტატიის ავტორისგან განსხავევებით მე გამიმართლა რომ დენი მოვიდა იმ დროს როცა თამაშI 10 წუთის დაწყებული იყო და წავიდა დასასრულს.
ეხ,გუშინდელი დღესავით მახსოვს ეგ თამაში და მრავალი კიდე სხვა, მაჟრჟოლებდა რო ვკითხულობდი სტატიას:),ყოჩაღ კარგი იყო,
aleeeeeeeeex,Fenomeno verooooooo.
….
მაგარი სტატიაა
სააააღოოოლ ძალიან მომეწონაა ძალიან მაგარი სტატიაა ვისიამოვნეე რასაც ქვია კიდე დაწერე აუცილებლად რამეე ეგეთი რა
უმაგრესი სტატიაა, მიუხედავად იმისა რომ ამ დროს დაბადებულიც არ ვიყავი ვიდეოს რომ ვუყურე მივხვდი რამხელა ემოიცია იქნებოდა, საღოლ ავტორ
კაი იყო ნაღდად
http://www.dailymotion.com/video/x1i2jnq_dinamo-kiev-juventus-1-4-18-03-1998-ritorno-quarti-champions-league_sport
ადმინ ძმურად არ წაშალო
შენ გაგიმარჯოს გამჩენმა! კაი ხასიათზე დამაყენე
გენაცვალე ძმა
კიიიიიი ეგ თამაში მეც მახსოვსკიარადა ვის არახსოვს)))საგოოლ როგორ აგწერე რა
მაგარი სტატიაა აუ რა დრო იყოოო
ძალიან მაგარი სტატიაა
ნამდვილი იუვენტინო