რას უნდა ველოდოთ მატეის დე ლიგტისგან?
იუვენტუსს ნამდვილად აქვს რაღაც მაგიური.. სხვაგვარად მატეის დე ლიგტის ტრანსფერს რა უნდა დავარქვათ?
ბევრი ახსნა არ ჭირდება, როგორი კონკურენცია იყო ჰოლანდიელ მცველზე.. დღევანდელ საფეხბურთო ცხოვრებაში ფული რომ ბევრს ნიშნავს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როდესაც ვხედავთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ და ასეა მატეისის შემთხვევაშიც!
ამიტომაც უნდა გავიცნოთ ეს ბიჭი უფრო ახლოს.. უფრო ახლოს იქამდე სანამ მოედანზე გამოვა და მეტოქის ფორვარდების შეჩერებას შეუდგება იტალიურ სტილში.. ქალბატონებო და ბატონებო თქვენს წინაშეა მატეის დე ლიგტი:
ერთა ლიგის ფინალის შემდეგ ყველამ ნახეთ კადრი, სადაც კრიშტიანო რონალდუ ახალგაზრდა უკანახაზელთან მივიდა და ესაუბრა.. პრესკონფერენციაზე მატეისმა დაადასტურა პრესაში გავრცელებული სიტყვები, რომლის თანახმადაც პორტუგალიელმა მას იუვეში გადასვლა თხოვა..
ფეერიული ასპარეზობა და შენ წინ ყველა ევროპული გრანდის კარები იღება.. მაგრამ ირჩევ იუვენტუსს სადაც ასპარეზობენ ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.. დიახ, ირჩევ იმიტომ რომ შენ ნამდვილად შეგიძლია მათგან საუკეთესო თვისებები გადაიღო.. ისწავლო და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო!
მატეის დე ლიგტი დაიბადა ქალაქ აბკუდში და სულ რაღაც 5 წლის იყო, როდესაც ჩოგბურთით დაინტერესდა.. როგორც ამბობენ ძალზედ კარგი მონაცემები ჰქონდა და თუ გაყვებოდა სპორტის ამ სახეობას, უდაოდ დიდ წარმატებას მიაღწევდა..
მაგრამ საკმარისი იყო ფეხბურთი საკუთარი თვალით დაენახა, რომ მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობდა.. ერთხელ იგი მეგობრის გუნდის ვარჯიშზე მოხვდა და ერთი სული ჰქონდა, თავადაც როდის ჩაერთვებოდა თამაში.. თუმცა, მოცდა დიდხანს მოუწია – ზუსტად ერთი წელი ელოდა საკუთარ შანს..
თავდაპირველად საკუთარი ქალაქის მოკრძალებულ კლუბებში ირჯებოდა. გადის დრო და იგი აიაქსის სკაუტების თვალთახედვის არეში ექცევა. პირველი შთაბეჭდილება მაინც და მაინც კარგი არ იყო.. მათი მოსაზრებით იგი მძიმედ გამოიყურებოდა, მაგრამ შრომისმოყვარულობის და ნიჭის გამო მისი მაინც ირწმუნეს..
დღევანდელ დღეს მატეისი მასმედიის საშუალების მხრიდან დიდი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რაც მისთვის ადრე უცხო იყო.. თან ჰოლანდიელი იმ ტიპის მოთამაშეებს შორის შედის, რომლებსაც სიმარტოვე ურჩევნიათ.. ყოველგვარი ხმაურის გარეშე, წყნარად საკუთარ კომფორტულ გარემოში ვიდეო თამაშებით გართობა ან კინო-ფილმების ყურება..
თუმცა, მოედანზე ის ასეთი მოკრძალებული არ არის.. დაჯოლდოებულია ლიდერის თვისებებით და საჭირო აგრესიაც გააჩნია. ყველაფერთან ერთად მან ზუსტად იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს.
ბარი ჰიულსოფი არის აგენტი, რომელიც მინო რაიოლასთან ერთად არაერთ თემაზე მუშაობდა.. მან შემდეგნაირად დაახასიათა იუვენტუსის ახალწვეული:
მისი ტვინი მუდმივად დაკავებულია ერთი აზრით – როგორ დახვეწოს დაცვაში თამაში, რომ იგი სრულყოფილთან მიახლოებული გახდეს. ყოველთვის 100%-ით იხარჯება და მუდამ ახალ მიზნებს ისახავს, რათა მიაღწიოს! მერწმუნეთ იგი შეძლებს, თუ ტრავმებმა არ შეუშალა ხელი.
გაგიკვირდებათ და ადრეულ ასაკში რაფაელ ვან დერ ვაარტს ადარებდნენ.. დიახ, მატეისი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა და თუ სხვადასხვა წყაროს დავუჯერებთ, საკმაოდ ეფექტურადაც..
თუმცა, ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა ის უკანა ხაზში გადაიყვანა და თუ გავითვალისწინებთ მის ათლეტურობას, ტექნიკურობას და პოზიციის იდეალურ შერჩევას, მან დავალებას თავი კარგად გაართვა.
2016/17 წლის სეზონი გარდამტეხი გახდა მის საფეხბურთო კარიერაში.. თავდაპირველად აიაქსის მეორე გუნდში იქნა შეყვანილი, ხოლო მალევე ძირითადში გადაყვანილი..
სხვათაშორის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდა, მაგრამ დებიუტი არა ევროპულ ტურნირზე, არამედ შიდა პირველობაზე ვილემ 2-თან შედგა. აღსანიშნავია, რომ გოლი პირველივე მატჩში გაიტანა, რითაც დებიუტი უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
სულ რაღაც 17 წლის იყო, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ბულგარეთთან შეხვედრისას უხეში შეცდომა დაუშვა, რომლის გამოც ჰოლანდიელებმა გოლი გაუშვეს.. შესვენებაზე იგი შეცვალეს და მედიამ დე ლიგტი მიწასთან გაასწორა, აღნიშნა რა რომ მას ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები აქვს და ზეწოლას ვერ უძლებს.
ვინც ამ ყოველივეს საუბრობდა და ასეთი რეალურად ბევრი იყო, ყველანი სულელები აღმოჩნდნენ, რადგან მატეის აქვს სურვილი განვითარდეს და პრობლემის დროს უკან არ იხევს.. პირიქით, მუშაობს საკუთარ თავზე რომ ასეთი შეცდომა აღარ განმეორდეს..
იგი რეალურად სწავლობს შეცდომებზე და თან სწრაფ ტემპებში! მას შემდეგ ჰოლანდიელი რას და როგორ აკეთებს თავადაც ხედავთ.. ნაკრებშიც რეგულაურად ირჯება და მისი ერთ-ერთი ლიდერია!
მან საოცარ სიმაღლეებს მიაღწია, მაგრამ პოტენციალი უფრო დიდი აქვს… ირჩევს გუნდს რომელსაც რა უნდა მიცეს? გუნდს რომელიც წლიდან წლამდე ცდილობს ჩემპიონთა ლიგის მოპოვებას.. კრიშტიანო რონალდუს დამატებით ფანებმა რეალურად ირწმუნეს, რომ ეს ის სეზონი იყო როდესაც კლუბი ნანატრ ჯილდოს მოიგებდა..
თუმცა, ტურინელებმა სეზონი ჩააგდეს.. მათ ამჯერად ვერც იტალიის თასი მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგაზეც სწორედ მატეის დე ლიგტის გოლით დაემშვიდობნენ გათამაშებას..
იქნებ და სწორედ მისი ახალგაზრდული ენერგია არის საჭირო საბოლოო ნაბიჯის გადასდგამად? ერა ბარძალი-კიელინი-ბონუჩი ანდრეას ფეხბურთიდან წასვლით დასრულდა.. ჯორჯო უკვე ასაკშია და არც ბონუჩია პატარა ბიჭი..
ამიტომაც დაფიქრდა იუვე დაცვის ხაზის გადახალისებაზე.. ამიტომაც დაიხარჯა ასეთი თანხა მოთამაშეში, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია საკუთარ პოზიციაზე!
ბუნებრივია ხეირს თავად დე ლიგტიც ნახავს, რადგან იტალიურ დაცვით სკოლაზე კარგი მსოფლიოში დღეისათვის არცერთი არ არის. თავად მატეისიც ჭკვიანი და მოკრძალებული ბიჭია, რომელიც უდაოდ მოუსმენს უფროს და გამოცდილ თანაკლუბელებს, რომლებიც ჰოლანდიელს ბევრ საჭირო რჩევას მიცემენ.
“ძალიან მომწონს კიელინის თამაში.. გამორჩეულად ვაფასებ ბონუჩის თვისებებს.. ისინი ერთად საოცარ დუეტს ჰქმნიან! მერწმუნეთ, ჩემნაირი ახალგაზრდისთვის ისინი შთაგონების წყაროები არიან! განსაკუთრებულ ემოციას მანიჭებს როდესაც ადამიანები ლეგენდარულ ალესანდრო ნესტას და იაპ სტამს მადარებენ. თუმცა, მივიდე ამ დონეზე ნიშნავს უდიდესი გზის გავლას..”
მაურისიო სარიმ საკუთარ განკარგულებაში, მორიგი სუპერ ფეხბურთელი მიიღო! მისი ცოდნა არამარტო დაცვით მანევრირებაში არამედ პირველი გადაცემის ცოდნაშიც, უდაოდ დიდ დახმარებას გაუწევს გუნდს. შესაძლოა უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს ის იუვენტუსი გახდეს, რომელიც ფეერიულ, ლამაზ და შთამბეჭდავი მატჩების კასკადს ჩაატარებს..