ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გრაფი

თანამედროვე ქართულ სპორტულ პრესაში იშვიათია ხარისხიანი სტატიები ტურინულ გრანდზე და მის ლეგენდარულ მწვრთნელ–ფეხბურთელებზე, თუმცა, არის სასიამოვნო გამონაკლისებიც და წინამდებარე ნაშრომი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება. ჟურნალ „ათიანის“ ბოლო ნომერში(N 68) დაიბეჭდა სტატია ჩვენს დიდ კაპიტანსა და წაქცეული „იუვეს“ კვლავ ამღორძინებელ – სენიორ ანტონიო კონტეზე. შესაძლოა, ბევრი უშუალოდ ჟურნალიდან გაეცნო, მაგრამ ვისაც არ წაუკითხავს, მათთვის ნამდვილად დროულია ამ სტატიის განთავსება ჩვენს საიტზე.

„ტურინის „იუვენტუსიდან“ ანტონიო კონტეს წასვლას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა – „ბებერი ქალბატონის“ ქომაგებისთვის ის ხომ ნამდვილი კერპი იყო, მწვრთნელი, რომელმაც სამჯერ მოაგებინა“იუვეს“ „სკუდეტო“ და ორჯერაც იტალიის სუპერთასი.

ანტონიო კონტე თანამედროვე ფორმაციის სპეციალისტია. მას საკუთარი საფეხბურთო ხედვა აქვს, ამასთან, ყოველწლიურად იზრდება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ შეცდომებს აანალიზებს.

„ბევრი რამ ვისწავლე ანტონიოსგან. თუ მასთან ერთად მუშაობამდე სამწვრთნელო კარიერაზე არც კი ვფიქრობდი, კონტეს წყალობით ამ პროფესიის არჩევას ვაპირებ“ – ამბობს კონტეს ერთ–ერთი შეგირდი ანდრეა პირლო.“

ანტონიო ფეხბურთში მამამ, კოზიმო კონტემ მიიყვანა. კონტე–უფროსი „იუვენტინა–ლეჩეს“ პრეზიდენტი იყო და „გრაფმა“(კონტე იტალიურად სწორედ ამას ნიშნავს) პროფესიულ დონეზე თამაში მშობლის კლუბში დაიწყო. „იუვენტუსში“ კი 22 წლის კონტე 1991 წლის ნოემბერში 4.8 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა.
სადებიუტო სეზონში ანტონიომ 20 მატჩი(14 სერია A-ში, 6 იტალიის თასზე) ჩაატარა, რაც ახალგაზრდა შუახაზელისთვის ურიგო დასაწყისი არ იყო. მომდევნო წლიდან ტურინელთა გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. 1992–93 წლების სეზონში კონტემ 47 შეხვედრა ჩაატარა და „ბიანკონერის“ მაისურით პირველი გოლიც გაიტანა. ეს უეფას თასზე კვიპროსის „ანორთოსისის“ წინააღმდეგ თამაშისას მოხდა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ კუნძულელთაგან ერთადერთი გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა.

კონტემ და მისმა პარტინიორებმა უეფას თასზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულეს. ფინალამდე ტურინელებმა „სარაგოსა“, „ბენფიკა“ და პსჟ ჩამოიცილეს. ორმატჩიან გადამწყვეტ რაუნდში კი დორტმუნდის ბორუსიას სტუმრადაც მოუგეს (3:1) და შინაც (3:0).

1993–94 წლების სეზონი ჯოვანი ტრაპატონისთვის ბოლო იყო „იუვეში“. კლუბის მეპატრონე ჯანი ანიელიმ იმდროისთვის ახალგაზრდა, უცნობი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიწვია. ახალი მწვრთნელის ხელში „გრაფი“ უფრო სოლიდურად ათამაშდა. სეზონში ანტონიომ 36 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და „სკუადრა აძურას“ თავკაცის, არიგო საკის ყურადღებაც დაიმსახურა. 1994 წლის 27 მაისს კონტე ფინეთთან ტესტ–მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. საკი კმაყოფილი დარჩა ანტონიოს დებიუტით და აშშ–ში , მსოფლიო ჩემპიონატზე წასაყვანთა სიაშიც შეიყვანა. ამერიკაში ანტონიო სათადარიგოს სტატუსით გაემგზავრა, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი მაინც მიეცა. ეს მეოთხედფინალში მოხდა, როდესაც ესპანელთა წინააღმდეგ სასტარტოში დააყენეს, აპენინელებმა კი პირენეელებს 2:1 მოუგეს. ამავე ანგარიშით იმარჯვა იტალიამ ბულგარეთთან ნახევარფინალში, ანტონიო კი ამჯერად მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე და „აძურას“ ფინალში გასვლაში დაეხმარა. ფინალში კი კონტე არ გამოჩენილა. არადა, ვინ იცის, იქნებ სწორედ მისი მტკიცე ხასიათი, გამარჯვების ჟინი დააკლდა იტალიას ფინალში ბრაზილიის დასამარცხებლად…

მომდევნო სეზონში კონტემ „იუვესთან“ ერთად ყველა იტალიური ტიტული მოიგო, მხოლოდ ევროპაში დარჩა უტიტულოდ – უეფას თასის ფინალში „პარმასთან“ დამარცხდა(0:1, 0:0). 1995–ში „ბებერი სინორა“ პირველად ჩაერთო ჩემპიონთა ლიგაში.

„ვესტფალენშტადიონზე“ ტურინელები დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდნენ. მატჩში ბოლო წერტილი ანტონიო კონტემ დასვა – მისმა გოლმა „იუვეს“ 3:1 მოაგებინა. სერია A-ში „მილანი“ თავიდანვე სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა, ამიტომ ტურინელთა პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგება გახდა. „იუვემ“ ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად განვლო(კონტემ „რეინჯერსსაც“ გაუტანა), ფლეი ოფში კი მადრიდის „რეალსა“ (0:1, 2:0) და „ნანტს“(2:0, 2:3) სძლია. რომის „ოლიმპიკოზე” გამართულ ფინალში კონტე ძირითად შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა. „იუვენტუსმა“ ამსტერდამის „აიაქსს“ პენალტების სერიით მოუგო, ანტონიო კი გამარჯვებას ლაზარეთში შეხვდა. ჩემი პარტნიორები ინგლისში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გაემგზავრნენ, მე კი საავადმყოფოში რუმბივით გასიებული ფეხით ვიწექიო, დანანებით იხსენებდა კონტე ამ ამბავს.

კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ ჯანლუკა ვიალი და ფაბრიციო რავანელი ინგლისში სათამაშოდ დარჩნენ, ანტონიო კონტე კი „იუვენტუსის“ კაპიტნად აირჩიეს. თუმცა, „გრაფმა“ პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა. 1996 წლის 9 ოქტომბერს პერუჯაში, „რენატო კურის“ სტადიონზე ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი ნაკრები არიგო საკის „სკუადრა აძურას“ შეხვდა. ერთ–ერთი შეტაკებისას კონტემ მძიმე ტრავმა მიიღო(ფეხი ორ ადგილას მოიტეხა და მუხლის მყესებიც გაიწყვიტა), რის გამოც მინდორზე 200 დღე არ გამოჩენილა. იმ სეზონში „იუვემ“ სერია A, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, თუმცა მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მუდმივ ოპონენტთან, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 1:3 წააგო. იმ სეზონში ანტონიომ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.

„გრაფის“ უიღბლობა ამით არ ამოწურულა. 1998 წლის ივლისში ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში მძიმედ დაშავდა – ხერხემალი დაიზიანა და წელსზემოთ პარალიზებული იყო, ხელებს ვეღარ ამოძრავებდა და ახალშობილივით კოვზით კვებავდნენ. ამ დროს მარჩელო ლიპი ცუდად მოიქცა – კლუბის ხელმძღვანელებს კონტეს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა, აქაოდა, გუნდში ხეიბრები არ მჭირდებაო. საქმეში „ტიფოზები“ ჩაერივნენ, კონტეს შესაძლო გასხვისების ამბავი გააპროტესტეს და საბოლოოდ, კაპიტანი გუნდში დაიტოვეს. გამოკეთებულმა ანტონიომ „იუვეს“ ერთგულ გულშემატკივრებს მადლობა კარგი თამაშით გადაუხადა.

(გაგრძელება იქნება)

სტატია მოძიებულია იუვე-ლირის მიერ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

გრაფი ხარ თუ ჰერცოგი … ათამაშე რა იტალიის ნაკრებს ფეხბურთი … 1-0 მალტასთან და 2-1 აზერბაიჯანთან … სამარცხვინოა

arseni
9 years ago

ვააა .. ეს თუ სიმართლეაა …… ლიპი ნუთუ ასე არაკაცურად მოიქცა .?

nika chigladze
9 years ago

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფების დაკომპლექტების სისტემა შეცვალა. 2015/16 წლების სეზონში პირველ კალათაში განთავსდებიან ევროპის ტოპ-7 საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულები და 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. შედარებისთვის მოგიყვანთ მაგალითს – ეს სისტემა მიმდინარე სეზონში რომ დაენერგათ, პირველ კალათაში რეიტინგის მიხედვით ტოპ-7 საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულები მოხვდებოდნენ და მოქმედი ჩემპიონი: 1. მადრიდის “ატლეტიკო” – ესპანეთი 2. ინგლისი – “მანჩესტერ სიტი” 3. გერმანია – მიუნხენის “ბაიერნი” 4. პორტუგალია – ლისაბონის “ბენფიკა” 5. იტალია – ტურინის “იუვენტუსი” 6. რუსეთი – მოსკოვის ცსკა 7. საფრანგეთი – პსჟ 8. მოქმედი ჩემპიონი – მადრიდის “რეალი” 2014/15 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტი”, რომელიც ინგლისის ჩემპიონი გახდა,… Read more »

giorgi mdivani
9 years ago
Reply to  nika chigladze

და თუ ლიგაც და შიდა ჩემპიონატიც ერთი და იგივე გუნდა მოიგო მაშინ რა ხდება?

d a v i d
9 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x