ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

„BVB“: „ბიანკონერის“ ძველი–ახალი მეტოქე

წინა კვირიდან მოყოლებული, ევროპის სტადიონებზე კვლავინდებურად აჟღერდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. მოვიდა დრო, ეს სულის ამფორიაქებელი მელოდია, რომელიც გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოების – „მღვდელი ცადოკის“ არანჟირებული(არანჟირება შესრულებულია კომპოზიტორ ტონი ბრიტენის მიერ. ტექსტიც მასვე ეკუთვნის) ვარიანტია, ჩვენს „იუვენტუს სთედიუმზეც“ დაუკრან…

მეტოქეს რაც შეეხება, „იუვეს“ მეტ–ნაკლებად სტაჟიანი ქომაგებისთვის დორტმუნდელი „შავ–ყვითლები“ ნაცნობები არიან. მეტიც, ეს ნაცნობობა ნაწილობრივ ევროპული ტურნირების გადამწყვეტ, ფინალურ მატჩებს უკავშირდება და ამდენად, ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის საწყის ეტაპზე გერმანელებთან ჯახი, თავისებურ ელფერს იღებს. მაშ ასე, გავიხსენოთ ისტორია და შევეხოთ რურელთა დღევანდელობასაც.

დორტმუნდი ჩრდილოეთ რაინ–ვესტფალიაში მდებარეობს და გერმანიის 10 ყველაზე დიდ ქალაქს შორის მეშვიდე ადგილზეა 600000–მდე მოსახლით. იგი ისტორიული ქალაქია უამრავი ღირსშესანიშნაობით, მაგრამ ყველაზე მეტად მთელ მსოფლიოში განთქმულია, როგორც საფეხბურთო კლუბ „ბორუსია 09“–ს მშობლიური მხარე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დორტმუნდელი „შავ–ყვითლები“ ოდითგან გამოირჩეოდნენ თავიანთი სათამაშო სტილით და მათ უამრავი ქომაგის გული დაიპყრეს არა მარტო გერმანიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

“BVB” – დაარსებულია 1909 წელს ადგილობრივი სემინარისტების მიერ, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი წინამძღვრის – პასტორ დევალდის, რომელსაც არ უყვარდა ფეხბურთი და რომლის გადაწყვეტილებითაც ეს სპორტული თამაშობა ამოღებულ იქნა სპორტული პროგრამიდან. სტუდენტებმა მაინც გაიტანეს თავისი და ასე მოაევლინა ქვეყნიერებას გერმანიის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი „ბორუსია 09“.

გერმანიის მასშტაბით „შავ–ყვითლები“ მესამე ადგილზე არიან ტიტულების რაოდენობით. მათ ანგარიშზე 8 საჩემპიონო ტროფეია და აბსოლუტურ დომინანტ მიუნხენის „ბავარიასა“(24–გზის ჩემპიონი) და ნიურბერგის „ნიურბერგს“(9) ჩამორჩებიან. ისინი გერმანიის თასს 3–ჯერ დაეუფლნენ, ხოლო გერმანიის სუპერ–თასის სარეკორდოდ ბევრჯერ – 5–გზის გამარჯვებულები არიან. რაც შეეხება საერთაშორისო წარმატებებს, დორტმუნდელებს ამ მხრივაც არაფერი დაეწუნებათ. „BVB”–ს მუზეუმში, თითქმის ყველა ევროპული ტიტულია დავანებული. რურელები ჩემპიონთა ლიგის(1), თასების მფლობელთა თასის(1), უეფას თასის(2), უეფას სუპერ თასის(1) და საკონტინენტთაშორისო თასის(1) მფლობელები არიან. ერთი სიტყვით, გერმანული კლუბი თავისი მდიდარი ისტორიით, უდაოდ დამსახურებულად ატარებს ევროპული ფეხბურთის გრანდის სტატუსს.

აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ითქვას „შავ–ყვითელთა“ მშობლიურ არენა „სიგნალ იდუნა პარკზე“(იტევს 81 264 ადამიანს), წარსულში „ვესტფალენშტადიონად“ წოდებულ ბრწყინვალე სარბიელზე, რომელსაც ფიფას კლასიფიკააციით 5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ესაა, ერთ–ერთი ყველაზე დასწრებადი სტადიონი ბებერ კონტინენტზე. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ისინი გამორჩეულად კრეატიულნი არიან არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. მათ მიერ დადგმული მატჩისწინა პერფორმანსების ნახვა ერთ რამედ ღირს.
ვინც მოახლოებულ ჯახს გაფაციცებული ელის, მათთან დორტმუნდის „ბორუსიის“ დღევანდელ მდგომარეობაზე ბუნდესლიგაში, შემადგენლობაზე, მწვრთნელთა საბჭოზე და მატჩისწინა ავან–ჩავანზე საუბარი უადგილო მგონია. ყველა „შავ–თეთრისთვის“ ეს ისედაც ცხადია. გამომდინარე აქედან, მხოლოდ იმაზე თუ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში “BVB” მე–11 ადგილს იჭერს 99.340 საკოეფიციენტო ქულით, ხოლო ჩვენი კლუბი ჯერაც ვერ გახდა საპატიო ოცეულის წევრი და ამჟამინდელი მდგომარეობით, ორ მილანურ გუნდს შორისაა მოქცეული და 21–ე ადგილს იკავებს 80.668–იანი შედეგით.

დადგა დრო, გავიხსენოთ სტატისტიკა დორტმუნდელებთან ჩატარებული მატჩებისა და მცირედ მიმოვიხილოთ ისინი. უპირველესად აღვნიშნოთ ის, რომ უეფას ტურნირების ეგიდით, ტურინული გრანდი გერმანელების პირისპირ 7–ჯერ მდგარა. ამ შვიდი მატჩიდან 4 ჩვენთვის წარმატებული იყო, ორში დავმარცხდით, ხოლო ყაიმი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. ბურთების საერთო შეფარდებაც „იუვეს“ სასარგებლოდაა – 15:10.

ჩვენი პირველი ნაცნობობა გერმანელებთან ძალიან სასიამოვნო მოსაგონარია. ეს უკავშირდება 1992–93 წლების უეფას თასის გათამაშებას. სწორედ ამ ტურნირის გადამწყვეტ, ორმატჩიან ფინალში ვიხილეთ ჯოვანი ტრაპატონის გუნდის სრული დომინაცია ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდებზე – 1:3 „ვესტფალენშტადიონზე“ [რობერტო ბაჯო(2); დინო ბაჯო(1)] და 3:0 „დელე ალპზე“ [დინო ბაჯო(2); ანდრეას მიოლერი(1)]. შემდგომი დაპირისპირებაც უეფას თასის 1994–95 წლების გათამაშებას უკავშირდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად „იუვესა“ და „შავ–ყვითლების“ გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა. პირველი მატჩი მილანში, „სან–სიროს“ სტადიონზე შედგა და 2:2 მორჩა[რობერტო ბაჯო(1);იურგენ კოლერი(1)], ხოლო განმეორებითი თამაში დორტმუნდში, მარჩელო ლიპის შეგირდებმა 1:2 მოიგეს[სერჯიო პორინი(1);რობერტო ბაჯო(1)] და ფინალში თამაში დაიბევეს. მომდევნო დაპირისპირებები, უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. 1995–96 წლების ჯგუფური ეტაპის C ჯგუფში „იუვემ“ დამაჯერებლად იპირველა „BVB-ს”, „სტიაუას“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ კამპანიაში. პირველი დუელი გერმანიაში შედგა და „ბებერი სინიორას“ დამაჯერებელი გამარჯვებით 1:3 [პადოვანო(1); დელ პიერო(1); კონტე(1)] დასრულდა. რე-მატჩში, რომელიც ტურინში გაიმართა, რურელებმა ნაწილობივ შური იძიეს და არსებობის მანძილზე პირველად დაამარცხეს “შავ-თეთრები” – 1:2. ერთადერთი ბურთი დელ პიეროს ანგარიშზეა.

და ბოლოს, მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან ჯახს, რომელიც ჩემი თაობის გულშემატკივრებს, უთუოდ მწარედ ემახსოვრებათ. მატჩი, რომელზეც ყველას ძალიან კარგად მოეხსენება და რომელშიც, ფავორიტად მიჩნეული “იუვე” მოულოდნელად 1:3 დამარცხდა იმ წელს მართლა მაგრად მოთამაშე მათიას ზამერთან და კომპანიასთან. ეს იყო 1996-97 წლების ჩემპიონთა ლიგის ავადსახსენებელი ფინალი, რომელიც მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართა და კიდევ იმით დაამახსოვრდა მილიონობით ქომაგს, რომ ამ შეხვედრაში, “იუვეს” გენიალურმა ათიანმა იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო.

მაშ ასე, იმ მწარე მარცხიდან 18 წლის შემდეგ, გერმანული კლუბი კვლავ ჩვენს წინააღმდეგაა!

არ გვაქვს უფლება, რევანში არ ავიღოთ!!

FORZA JUVE!!!

სტატია მომზადებულია “იუვე-ლირის” მიერ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Rasta
9 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x