ანიელი : “მარკიზიო უკვე იუვენტუსის ლეგენდაა”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ კლაუდიო მარკიზიოსთან 2020 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას ფეხბურთელთან ერთად სპეციალურად ორგანიზებული პრესს-კონფერენცია მიუძღვნა : “კლაუდიოს ცხოვრება ნებისმიერი ბავშვის ოცნებას ჰგავს, მოხვიდე იუვეში შვიდი წლის ასაკში, გაიარო ყველა ასაკობრივი გუნდი და ბოლოს ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცე, მართლაც საოცნებოა, არ დაგავიწყდეთ, მარკიზიო იუვეს ერთ-ერთი კაპიტანიცაა.თუ შეიძლება შავ-თეთრი მაისურით წარმატებაზე იოცნებო, შენს წარმოსახვაში სწორედ პრინჩიპინოს მიერ გავლილი გზა იქნება, ის უკვე ლეგენდაა, უკვე ჩვენი მუზეუმის ექსპონანტია.იგი ჯერ 30 წლისაც არაა და იუვეს მაისურით უკვე 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.ეს ფეხბურთელი დამაკავშირებელი რგოლია წარსულის იუვენტუსსა და მომავლის იუვენტუსს შორის, მასთან კონტრაქტს ხუთი წლით ვახანგრძლივებთ, გვინდა კარიერა სწორედ ჩვენი ფერებით დაასრულოს.უღრმეს მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, მან კარგად იცის, რამხელა პასუხისმგებლობაა იუვენტუსის მაისურით ასპარეზობა.ალეგრი ? – იგი ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს, მოხარულნი ვართ ამ ფაქტით.შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ და რა გასაკვირია, რომ ერთად ვაგრძელებთ პირველობისთვის ბრძოლას.”
პრეზიდენტმა რამდენიმე სიტყვით ანდრეა პირლოს გუნდიდან წასვლაზეც ისაუბრა : “პირლომ, როგორც ადამიანმა და როგორც მოთამაშემ, გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩემზე საოცარი ეფექტი მოახდინა.მას იცის, რომ ტურინი ყოველთვის იქნება მისი სახლი, ყველაფერს საუკეთესოს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.ის ტიტულებში, რომლებიც ამ სეზონების მანძილზე მოვიპოვეთ, მისი დამსახურება უდიდესია.”
ანიელიმ ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩიც შეაქო და განხორციელებული ტრანსფერები მოუწონა : “იუვენტუსის დაბრუნებაში ამ ორ ადამიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის, შემადგენლობის დაკომპლექტება სწორედ მათი ამოცანაა, რასაც თავს შესანიშნავად ართმევენ.განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერები გამოვყო, პაულო დიბალას, ალვარო მორატას, დანიელე რუგანისა და რობერტო პერეირას ვგულისხმობ.იუვენტუსი, როგორც გრანდი დაბრუნდა და ამაში დირექტორებს ლომის წვლილი მიუძღვით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ, პაველ ნედვედს, მაქს ალეგრის და სხვებს.”
“ახალი სეზონი იწყება და ეს ის პერიოდია, როცა წინა წელი დავიწყებას უნდა მიეცეს, აქ ყველა გუნდი ნული ქულიდან იწყებს, როგორც კალჩოში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.მართალია, ჯერ არ ვიცით ჯგუფში ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდები, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.მოგებული ოთხი სკუდეტო, სუპერკოპა, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ევროპის ლიგის ნახევარფინალი ახლა წარსულია, მომავალში კი მათ ისევ უნდა მივაღწიოთ, მოვიგოთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეგვეძლება.თუ გინდა ახალი გუნდი ააშენო, მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავად უნდა იშრომო, იბრძოლო, რადგან სეზონის დასასრულს გქონდეს მიზეზი, რაიმე იზეიმო.”
“ტევესი ? – არ დაგავიწყდეთ, ჯერ კარლიტოსი ჩვენი ფეხბურთელია.მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, კარლიტო იმ ადამიანთა რიცხვში შედის, რომლებიც ყოველთვის ბრძოლისთვის, თავდადებისთვის არიან მზად.ბოკას პრეზიდენტი, დანიელ ანგელიჩი თებერვალში თუ მარტში გვეწვია, მისი პოზიცია დააფიქსირა და მაშინ გადაწყტა, რომ ტევესი არგენტინაში დაბრუნდებოდა.იგი უზომოდ შეყვარებულია მშობლიურ კლუბზე და კარიერის დასრულება იქ სურს.აპაჩესთან, ისევე როგორც პირლოსთან, გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს.”