ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzuri: მორიგ 3 ქულასთან ერთად ხარვეზებიც სახეზეა

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის მიერ ჩატარებული მორიგი მატჩი პირველი ტურისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. საკმაოდ მძიმე შეხვედრის მიწურულს, მატჩში, სადაც ორივე გუნდს ბურთის დაჭერასთან დაკავშირებით ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდა, აძურის გამარჯვება ედერის ინდივიდუალურმა თამაშმა მოუტანა. ForzaJuve.Ge გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის ანალიზს…

ბელგიასთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ანტონიო კონტემ საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მცირე ცვლილება შეიტანა. მარცხენა ფლანგზე დარმიანის ნაცვლად ფლორენცი გამოჩნდა. წყობა იგივე (3-5-2) დარჩა, თუმცა შეგვიძლია მთავარი განსხვავება გამოვყოთ: ზოგადად ფლორენცი შეტევაში დარმიანზე პროდუქტიულია, რადგან ნომინალურად ის უფრო ნახევარმცველია, ხოლო დარმიანი – განაპირა მცველი.

იტალიასთან შედარებით მეტი ცვლილება იყო შვედეთის რიგებში. ჰამრენმა შემადგენლობაში ერთბაშად 3 მოთამაშე ჩაანაცვლა (იოჰანსონი/ლუსტიგი; ეკდალი/ლევიცკი; გუიდეტი/ბერგი), თუმცა ძირითადი სქემა იგივე დატოვა (4-4-2).

შეიძლება ითქვას, შეხვედრა ორივე გუნდისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა.

იტალიის 4-0-6

პირველ ტურში იტალიამ ძლიერი ტაქტიკური “პერფორმანსი” გვაჩვენა, თუმცა შვედებთან აძური ნაკლებად შეკრული იყო. შეტევის აწყობისას, განსაკუთრებით საწყის ფაზაში, ფეხბურთელების განლაგება იშვიათად იყო ხელშემწყობი იმისათვის, რომ გუნდს ეფექტურად გაეთამაშებინა ბურთი. პრობლემა ძირითადად მოდიოდა ნახევარდაცვის ცენტრალური ზონიდან, სადაც “მარტოხელა” საყრდენი დანიელე დე როსი ხშირად რჩებოდა მიტოვებული ჯაკერინისა და პაროლოს მიერ, რომლებიც პოზიციებს საგრძნობლად ზემოთ იკავებდნენ.

ნახევარდაცვის გადაადგილების ასეთი ორიენტაცია სავარაუდოდ დაფუძნებული იყო შვედეთის 4-კაციანი უკანა ხაზის გადატვირთვისთვისა და გაწელვისთვის, რათა გრძელი ეფექტური გადაცემების საშუალება შექმნილიყო, განსაკუთრებით ბონუჩისთვის. გადაცემები უნდა განხორციელებულიყო დაცვის ზურგში, თუმცა ძირითადი საშუალება ბურთის გათამაშების პროგრესისთვის აღმოჩნდა დიაგონალური პასები ფლანგელების მისამართით. ფლორენციც და კანდრევაც ხშირად იღებდნენ ბურთს, რაც გამოწვეული იყო მათთვის დარჩენილი სივრცით, რომელსაც ისინი ზემოთ აწეული ჯაკერინისა და პაროლოს (რომლებიც განაპირა მცველებს აწუხებდნენ) ხარჯზე იღებდნენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ იტალიის შეტევის ეს სტრატეგია ჩავარდა, რადგან მათ დიდი საშიშროება შეხვედრის განმავლობაში შვედეთის დაცვას ვერ შეუქმნეს.

ზემოთ ხსენებული ორი ცენტრალური ნახევარმცველის მიერ პოზიციების დაკავებამ თავდამსხმელებთან ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ამას დე როსი აკეთებდა, იტალიას არ მისცა საშუალება, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში გაეთამაშებინა და დაეჭირა ბურთი. ნახევარმცველებს შორის არსებულმა გრძელმა დისტანციებმა კონტეს გუნდისთვის შეუძლებელი გახადა ხაზებს შორის ბურთის სტაბილურად გათამაშება, რამაც შვედეთის ამოცანა, ჩაეშალათ მოწინააღმდეგის შეტევა, უფრო მარტივი გახადა. ამასთანავე, ხანდახან ჯაკერინი თავისით იწევდა მარცხენა მხარეს და იკავებდა ზუსტად იმ ხაზს, რომელზეც ფლორენცი მოქმედებდა, რაც კიდევ უფრო ასუსტებდა სტრუქტურას. ამით ფლორენცის უმცირდებოდა სივრცე, რომელიც უნდა შექმნილიყო ცენტრალური ნახევარმცველის მიერ აგრესიული და სწორი გადაადგილებებით.

ეს გადაადგილება იდეურად ემსახურებოდა შვედეთის დაცვის გაწელვას, რათა შექმნილიყო ხელსაყრელი მომენტი გრძელი გადაცემისათვის, რომელიც განხორციელდებოდა მცველების ზურგში. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, რომ ჯაკერინის უფრო გაეფართოებინა ეს არხები, მაგრამ აღნიშნული თეორია ამ თამაშში არ განხორციელებულა. ეს სტრუქტურა თამაშის ბოლომდე დარჩა სუსტად და, შედეგად, აღნიშნული გადაადგილებები მეტოქის დაცვას სათანადო პრობლემებს ვერ უქმნიდა.

იტალიის ძირითადი გათამაშებები იყო კონკრეტულ მიზანს მოკლებული გრძელი გადაცემები თავდამსხმელების მისამართით უკანა ხაზელების მიერ. ეს მრავალჯერადი მცდელობები ადვილად იკითხებოდა შვედეთის დაცვის მიერ და ამის გამო ხიფათის შექმნის ალბათობა ძალიან დაბალი იყო. შუა ხაზში არსებული წყვეტის გამო იტალიის გათამაშებები დაემსგავსა “U” ფორმის ბურთის გადაადგილებას, რადგან ხშირ შემთხვევაში ერთადერთი ვარიანტი  პასის გაკეთებისა იყო ფლანგელები, რომლებიც შემდეგ ცდილობდნენ ცენტრალურ ნახევარმცველებთან მოკლე დისტანციაზე ბურთის გათამაშებას. ასეთი სუსტი და ადვილად წაკითხვადი მანევრირებები გუნდის ასპარეზობას აკლებდა დინამიკას, ფეხბურთელების მოძრაობას აკლდა მრავალფეროვნება, რის გამოც, სივრცეების ეფექტურად შექმნა არ გამოდიოდა.

ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ კონტეს აკლია “playmaking”-ის რესურსი მარკიზიოსა და ვერატის ტრავმების გამო, შესაბამისად ნახევარდაცვის მანევრირებები სისტემურ დეფიციტს განიცდის. ჯაკერინიც და პაროლოც ხშირად ახორციელებდნენ ერთსა და იმავე მოძრაობებს, რაც იწვევდა კავშირის დარღვევას და ბურთზე თამაშის შემცირებას. ასეთ პირობებში კიელინის უწევდა ეცადა ისეთი დონის გადაცემების განხორციელება, რომლებიც ანდრეა პირლოსა და ჩავისაც კი გაუჭირდებოდათ.

ბურთის გათამაშების შესაძლებლობა მარტო დე როსის გავლით არსებობდა, ამიტომ შვედეთის ფორვარდები ცდილობდნენ ძალისხმევა მიემართათ “რომას” ფეხბურთელის მიერ განხორციელებული პასების ჩაჭრაზე და შედეგად, იტალიას ბურთის პროგრესული გათამაშების მხოლოდ მცირე შესაძლებლობები შერჩა. ამ დავალებას ძირითადად ჯონ გუიდეტი ასრულებდა, რაც იბრაჰიმოვიჩს საშუალებას აძლევდა ნაკლებად ეთამაშა დაცვაში და მთელი კონცენტრაცია თავდასხმაზე მიემართა. შვედები ზონურ დაცვას თამაშობდნენ. იტალიის არაეფექტური ასპარეზობის გამო მათ საშუალება ჰქონდათ მშვიდად ემოქმედად მჭიდროდ განლაგებულ 4-4-2 სქემაში.

შვედეთის იძულებითი “U” ფორმის გათამაშებები

იტალიის გაკრიტიკების შემდეგ აუცილებელია აღინიშნოს, რომ შვედეთსაც ულაპარაკოდ ჰქონდა თავისი პრობლემები ბურთის გათამაშებისას. მათი გადაადგიილებები საკმაოდ არაეფექტური იყო, რადგან გადაცემები კეთდებოდა იტალიის დაცვის ხაზის წინ (ანუ პრაქტიკულად მათ გარშემო მოძრაობდნენ და ვერ აღწევდნენ საჯარიმოში), რაც იწვევდა “U” ფორმის განაწილებას.

მიუხედავად იმისა, რომ იდეაში შვედეთის სტრუქტურა მოწინააღმდეგისაზე უფრო შედეგიანი უნდა აღმოჩენილიყო, მან იტალიის დაცვას პრაქტიკულად ვერაფერი მოუხერხა. ორივე ფლანგელი მუდმივად ინარჩუნებდა პოზიციებს მოედნის კიდესთან, თუმცა ვერც ჩელსტრომი და ვერც ეკდალი ვერ ახერხებდნენ სივრცეების შექმნას და ბურთის გაკონტროლებას, რათა გაეხსნათ ცენტრი.

მოედნის კიდესთან განლაგებული ლარსონი და ფორსბერგი წესით მთავარი შემტევი საფრთხე უნდა ყოფილიყო იტალიისთვის. ფორსბერგმა რამდენჯერმე ინდივიდუალური თამაშის წყალობით მოახერხა კიდეც გარკვეული ხიფათის შექმნა, თუმცა აძურის დაცვა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელი იყო. მოედნის კიდესთან ასე მჭიდროდ თამაშმა ამ ფეხბურთელებს შეუმცირა მოქმედების სივრცე, რადგან პასები, რომლებიც მათზე კეთდებოდა, ართულებდა პრესინგის თავიდან აცილებას. “U” ფორმის გათამაშება იწვევდა იმას, რომ განაპირა მცველებისგან მიღებულ გადაცემებს ისინი ხვდებოდნენ მოწინააღმდეგის კარის მიმართ ზურგით მყოფნი და შემდეგ უწევდათ ბურთის უკან დაბრუნება. ასეთ პირობებში მოქმედებამ ეს ორი ფლანგელი ნაკლებად პროდუქტიული გახადა.

შვედეთის ორი ცენტრალური ნახევარმცველი ცდილობდა გადაადგილებულიყო ფლანგების მიმართულებით, რათა დისონანსი შეეტანა მოწინააღმდეგის უკანა ხაზში, თუმცა ბურთის გათამაშება მოკლებული იყო სიმწვავეს. შვედები ვერ ახერხებდნენ შეჭრას იმ არეალში, სადაც იტალიელთა ტრიო იყო განლაგებული.

რაც შეეხება ზლატანს, იგი თამაშში პერიოდულად ერთვებოდა და მიუხედავად მისი გუნდის შეტევითი სტრატეგიის მასზე აწყობისა, იგი ნაკლებად პროდუქტიული იყო playmaker-ის ფუნქციების შესრულებისას. მას არ აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საშუალებას მისცემს ითამაშოს გუნდის მთავარი გამთამაშებლის როლში და ამის გამო ზლატანს არ გამოუვიდა ეფექტურად გაენაწილებინა ბურთი. შვედეთის პრობლემური გათამაშებები შესანიშნავი შესაძლებლობა იყო იტალიელთა დაცვისთვის, რომ ეფექტურად გამკლავებოდნენ მოწინააღმდეგეს. დაცვითი ფაზის 5-3-2 წყობა მშვენივრად ირჯებოდა, ინარჩუნებდა კომპაქტურობას საჭირო დროს და თავიდან იცილებდა შვედების პოტენციურ შეტევებს.

საბოლოოდ, მძიმე და უფერული თამაშის შემდეგ მატჩის ბედი ედერის შესანიშნავმა თამაშმა გადაწყვიტა. ძაძასგან მიღებული გადაცემის შემდეგ თავდამსხმელი ეფექტურად შეიჭრა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა მცველი და ზუსტი დარტყმაც საჭირო დროს განახორციელა. იტალიამ მეორე ტაიმში შედარებით გამოასწორა თამაში უფრო აგრესიული გადაადგილებებისა და ცენტრალური მცველების შთამბეჭდავი ასპარეზობის ხარჯზე. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ ისინი სავარაუდოდ ცოტა იმედგაცრუებულები უნდა ყოფილიყვნენ იმის გამო, რომ შვედეთის სუსტად მოთამაშე გუნდმა მათ ამდენი პრობლემა შეუქმნა. მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ნაკრები არის მეორე გუნდი, რომელიც უკვე მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, აძურის მთავარ მწვრთნელს ალბათ დიდი სურვილი აქვს, რომ ხარვეზები რაც შეიძლება მალე შეძლებისდაგვარად გამოსწორდეს.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არადა კონტეს უნდოდა ფრე და ჯგუფში მეორეზე გასვლა, რაც გასაკვირია და უფრო ადვილი გზა
გამოდის ვიდრე პირველზე გასვლის შემთხვევაში გამოდის. ძაან ცუდად აქვს უეფას განაწილებული პლეიოფები. ედერმა არია იტალიის და კონტეს გეგმები და წავედით რთული გზით. 1/8 ხორვატია ან ესპანეთი, და 1/4 გერმანია

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

პოგბაზე მაგარი ნახევარმცველის დდ შშ

forza bianconeri
8 years ago

პოგბამ რა იჩალიჩა დამბურძგლა :chuvak:

forza bianconeri
8 years ago

ლიხშტა გაფრინდა :lool: :love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x