ახალი წელი… ახალი მიზნები…
რა მალე გავიდა 2012 წელი… არა? თუ მე მეჩვენება. მაგრამ შეიძლება მართლა მალე გავიდა, რადგან როცა დრო სასიხარულო ფაქტებითაა აღსავსე, მაშინ იგი მალე გადის, გადის კი არა, თავქუდმოგლეჯილი გარბის, საფეხბურთო კუთხით კი ეს წელი “ტურინელებმა” მართლაც რომ სასიამოვნოდ გავიარეთ. მრავალი სირთულის და უმძიმესი პერიოდის გადალახვის შემდეგ, შესანიშნავი წუთები გავატარეთ 2012 წელს, რომელსაც ჩვენი შორეულ წინაპრებად წოდებული მაიას ტომელები ეჭვის თვალით უყურებდნენ. შეშლიათ… ძალიან შეშლიათ, მაგრამ ამ ერთხელ ვაპატიოთ, ახალი წელია მაინც…
2012 წლის სიკარგეს საფუძველი 2011-ში ჩაეყარა, ზუსტად მაშინ, როცა ანტონიო კონტემ “იუვენტუსთან” კონტრაქტი გააფორმა. აი, ზუსტად იმ მომენტში, კალამი ხელში რომ აიღო და მაგიურ ფურცელზე საკუთარი გვარი დააფიქსირა. ხელი მოაწერა… და დაიწყო. დაიწყო დაუმარცხებელი სვლა 30-ე სკუდეტომდე, რომელიც 2012 წლის 13 მაისს “იუვენტუს სტედიუმზე” კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ აღმართა.
აღმართა… და წავიდა. და დაგვიტოვა სევდანარევი სიხარული, დაგვიტოვა დიდი და ლამაზი ნახატი, თავის სტილში, რომელსაც მთელი 19 წლის მანძილზე ქმნიდა, ხატავდა… 1993 წლის 13 სექტემბრიდან 2012 წლის 20 მაისამდე. ამ დროის განმავლობაში ის ყოველ მატჩში გვჩუქნიდა პატარა ნახატებს. დიახ, გვიხატავდა “პინტურიკიო”, პატარა მხატვარი, და გულშემატკივრებს იმ წამსვე, იმ მომენტშივე გვჩუქნიდა. არ ენანებოდა…
რამდენჯერ დაუხატავს… 1994-ში “ფორენტინასთან”, ან 1997-ში დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ან 2008-ში მადრიდის “რეალთან”, 2003-ში თუნდაც… და კიდევ რამდენჯერ, ძალიან ბევრჯერ… უსასრულოდ ბევრჯერ დაგვხმარებია მაშინ, როცა ყველაზე რთული პრობლემის წინაშე ვიდექით, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, როცა ლიდერი გვჭირდებოდა, ალე იღებდა თავის სახატავ ფუნჯს, საღებავებს, და ისევ და ისევ, ჰო, თავის სტილში, ხატავდა, ისევ გვჩუქნიდა. და არასდროს ენანებოდა… ის ნამდვილი კაპიტანი იყო. დელ პიერო თავად არის “იუვენტუსი”, სადაც არ უნდა წავიდეს ის და ეს გულშემატკივრებმა კარგად ვიცით.
განვლილი წელი ტურინული გრანდისთვის მართლაც გასაოცარი გამოდგა. “იუვეს” ტიფოზებს ის სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, რადგან ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს “ბებერი ქალბატონის” დაბრუნების პერიოდად. ესეც რომ არა, გუნდმა მთელი ჩემპიონატის გავლა მარცხის გარეშე მოახერხა სერია ა-ში, რომელიც შესაძლოა ყველაზე მძიმე ტურნირია ევროპაში და დაუმარცხებელი ჩემპიონი გახდა. საბოლოო ჯამში, ზედიზედ ჩატარებული წაუგებელი მატჩების რიცხვმა 49-ს მიაღწია. ამ წელს კლუბმა სკუდეტოსთან ერთად მოიგო იტალიის სუპერთასიც, ამ წელს ანტონიო კონტემ ფაბიო კაპელოს რეკორდი გააუმჯობესა, ამ წელს “იუვენტუსმა” გამარჯვებისთვის ბრძოლა განაგრძო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც პირველი ადგილით გაიარა და ახლა “სელტიკთან” მერვედფინალურ დაპირისპირებას ელის, რომელიც უკვე 2013 წელს გაიმართება. მართალია, იტალიის თასის ფინალში დავმარცხდით, მაგრამ მგონი იმ დღეს გულშემატკივრებს სხვა რამ უფრო აწუხებდათ, სხვანაირად განიცდიდნენ, სხვანაირად სტკიოდათ… დელ პიერო თავის ბოლო მატჩს ატარებდა – ალე მიდიოდა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მე-10 თასზე გული დაგვწყდა, წელს ეს “იუვეს” ეპატიება.
ახლა უფრო დიდი მიზნებისკენ ვიყურებით, იტალიაში ტრიუმფის გამეორება გვინდა. წელს გამოვდივართ ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც უკვე გვსურს, ევროპას ვაგრძნობინოთ, რომ დავბრუნდით. წელს უფრო ძნელი იქნება, თუმცა, ტიფოზები რისთვის ვართ?! თანაც “იუვეს” ყველა ქომაგი ერთგულია, რადგან 2006 წელს დაწყებული გამოცდა ყველას აქვს ჩაბარებული. გვჯერა ყველასი, ვინც გუნდში მუშაობს. გვჯერა, რომ ანდრეა ანიელი ისევ შესანიშნავად გაუძღვება საქმეს, მაროტა-პარატიჩის დუეტი პირლოს და ბარძალის მსგავს “კლასიკოს” შემოგვთავაზებს, პაველ ნედვედის სახელი და გვარიც ხომ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. და იმედი გვაქვს, რომ… არა, უფრო სწორად გვჯერა, რომ შავ-თეთრები ისევ გაგვახარებენ. ანდრეა, პროფესორი ბარძალი, კიდევ ბევრჯერ გვათქმევინებს, რომ მართლა პროფესორია, კიელინი და ბონუჩი, სული და გული, ეს ბევრ რამეს ნიშნავს, და კლაუდიო მარკიზიო – პატარა პრინცი, მეომარი არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო – წვერებიანი მაესტრო… სტეფან ლიხტშტაინერი – კაცური კაცი, და მირკო ვუჩინიჩი, ჩერნოგორიელი მირკო… ჯანლუიჯი ბუფონი, უბრალოდ ჯიჯი და რა თქმა უნდა ანტონიო კონტე, ნამდვილი “კონტისიმე”, და ძმანი მათნი… “იუვენტუსი”, ეს გრძნობაა, შავ-თეთრი, მარადიული გრძნობა, რომელიც მარტო ჩვენ ვიცით, ბიანკონეროებმა.
თქვენ კი, ყველას უღრმესი მადლობა გეკუთვნით, რადგან იმ ოჯახის წევრები ხართ, რომელსაც ForzaJuve.Ge – ს არსებობა ქმნის. თითოეული “ჩოხოსანი იუვენტინო” ამ დიდი ოჯახის წევრია. ჩვენგან კი განსაკუთრებული მადლობა ამ ვებ-გვერდის სულისჩამდგმელს, დათკა ჯიშკარიანს ეკუთვნის, რომელიც ალბათ ყველაზე მეტს აკეთებს იმისთვის, რომ აქ შემოსულმა ადამიანმა ინფორმაციით შევსებულმა და კმაყოფილმა დატოვოს საიტი. მთლიანად საიტის ადმინისტრაციას კი გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ღვთის წყალობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი სიახლეები მთელი წლის მანძილზე.
და ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ახლა “კონტეს ეპოქის” დასაწყისში ვიმყოფებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი გუნდის და ლამაზი დღეების იმედი ამ დიდი სიყვარულის ისტორიაში. 2013 წელს დიდი გამარჯვებები გველის! გახსოვდეთ, იუვე, ეს ჩვენ ვართ!
აკაკი მეტრეველი ( nedvednedvednedved )
და კიდევ ერთხელ გილოცავთ!
გილოცავთ იუვენტინოებო ყველას
ბედნიერების, სიხარულის და გამარჯვებების წელი ყოფილიყოს 2013 წელი ჩვენთვისაც და ჩვენი საყვარელი გუნდისთვისაც!!!

ყველას ყველას გილოცავთ დამდგეს <3 უფრო დიდდი წარმატებების და დიდი ბედნიერების მომტანი ყოფილოყოს თითოეული ჩვენგანისთვს, უფალი გფარავდეთ <3
Gilocavt

juventino 1897 says: საღოლ ძმა, ესეთი კაი ხანია არ გამიგია :D :D
გილოცავთ კიდევ და კიდევ იუვენტუნოებო
