ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საბენფიკო მიჯნა

ადრე, რომელიღაც ტელეარხზე გადაცემა გადიოდა ერთი, სადაც რეკორდების, მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ საერთო ნიშნით გაერთიანებული სხვადასხვა ისტორიული თარიღების რეიტინგული ათეული დგებოდა და წამყვანი ზემოდან-ქვემოთ პრინციპით ჩამოყვებოდა ხოლმე ნუსხას. მახსოვს, ერთერთი გადაცემის თემა იყო „ყველაზე რისკიანი პროფესიები“. იქ, მართლაც, ისეთი ხელობის ხალხი იყო ჩამოთვლილი, რომელთა საქმიანობა მიქელ-გაბრიელის მეთვალყურეობის ქვეშაა და ბუნებრივია, მწვრთნელობა არ მოხვედრილა ზემოაღნიშნულ რეიტინგ-ლისტში, მაგრამ იმაზეც შევთანხმდეთ, რომ გუნდის წინამძღოლობაზე კონტრასტული პროფესია, უდაოდ იშვიათია… დღეს მწვერვალზე ხარ?! ხვალ შეიძლება არც გაგიხსენონ. ცინცხალი მაგალითი ჩვენს წინაა – „ოცნებების თეატრის“ რეჟისორი სეზონთშორის ანტრაქტამდეც არ მიიყვანეს და ციმციმ მიაბრძანეს გუნდიდან .
მიმაჩნია, რომ ყველა დიდი მწვრთნელის კარიერაში დამდგარა მომენტი, როცა საბოლოოდ განსაზღვრულა თუ რა დეფინიცია ექნება მის სამოღვაწეო გზას – ჩაეწერება დიდების კასტაში თუ დარჩება ნიჭიერ, მაგრამ ლოკალური წარმატებების მომტან ჩვეულებრივ წინამძღოლად. დიდებიც იმის დიდები არიან, რომ ამ გზაგასაყარზე ჯიქურ მიდიან პირველი მიმართულებით. მიდიან ნებისმიერი დაბრკოლების და წინააღმდეგობის მიუხედავად. გაივლიან ამ ურთულეს ეტაპს და ხვდებიან იქ, სადაც რჩეულთა ადგილია.
მგონი, სენიორ ანტონიოსაც ეს მომენტი დაუდგა. ან იქეთ, ან აქეთ… ან რჩეულობა და ბობოლებთან ტოლ-კაცობა, ან ჩვეულებრივობა(ესეთები ტიტულებსაც იგებენ ხშირ შემთხვევაში. მარტო დი მატეოს გახსენება რად ღირს) და სტაბილურად ერთ დონეზე ყოფნა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ „ბენფიკა“ კონტეს სახელის და მისი მომავლის გამოცდაა. სწორედ, ეს კერკეტი ლისაბონური კლუბი იქნება ერთგვარი მიჯნა, რომლის გადალახვის შემთხვევაში, ანტონიო და მისი სამწვრთნელო კარიერა, ულაპარაკოდ დიდკაცებისკენ აიღებს გეზს. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ნამდვილი გამოცდა სენიორს იმ შემთხვევაში ელის, თუკი მისი გუნდი „ბენფიკას“ გამოაგდებს და ფინალში გავა. როგორია წააგო ფინალი სახლში, ჰა?! ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! მაგრამ, მე ასე არ ვთვლი. ფინალი ერთი თამაშია და ერთი მატჩი ყველას წაუგია. ფინალით არ ისაზღვრება მწვრთნელი და მითუმეტეს, მთელი გუნდი. რაღა შორს წავიდეთ, 2 წლის წინანდელი მიუნხენური ჯახი გავიხსენოთ. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ჰაინკესის ჯავშანტრანსპორტიორს ორი მატჩის ჯამში რაიმეს დააკლებდა დი მატეოს „ჩელსი“, მაგრამ ერთმატჩიანი დაპირისპირების შედეგი ყველას კარგად გვახსოვს. ამიტომაც, იმ გავრცელებულ აზრს ვეთანხმები, რომლის თანახმად სამწვრთნელო ინტელექტი ორმატჩიან დუელში მჟღავნდება. ასეთ დაპირისპირებაში მწვრთნელს ეძლევა საშუალება დეტალურად შეაფასოს როგორც მეტოქის, ასევე საკუთარი გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამ ნიუანსების გათვალისწინებით დაგეგმოს სათამაშო სტილი და შეარჩიოს შესაბამისი ტაქტიკა. არ გაუმართლებს პირველ მატჩში? ჰოდა, მეორე რკენა სწორედ იმისაა, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და უკუღმა წასული საქმე წაღმა შეატრიალოს.
კონტე თავისი ტურინული სამწვრთნელო მოღვაწეობით, რომლის განმავლობაშიც ეს–ესაა მესამე წელს მოილევს „ბებერი ქალბატონის“ თავკაცის პოსტზე, ულაპარაკოდ იმსახურებს უღრმეს მადლობას. ამ კაცმა ჩაიბარა დამბლადაცემული კლუბი და უკვე მესამე წელია სასკუდეტო თამასებს ისე თავისუფლად გადავევლებით ხოლმე, რომ ეს ურთულესი სპეციფიკის „სერია A“ კი არა, თითქოს უნგრეთის ჩემპიონატი ყოფილიყოს. ეგ შემთხევით არ ხდება. ეს ანტონიოს ნიჭის, მისი სამწვრთნელო ინტელექტის და შრომისმოყვარეობის ნაყოფია. აშკარაა, რომ იგი უდიდესი მოტივატორიცაა თითოეული ფეხბურთელისთვის. ამას ვხედავთ და ვაფასებთ. უბრალოდ, დადგა დრო, როცა კონტე იმ რუბიკონს მიუახლოვდა, რომლის გადაულახაობისთვის ჩვენი წინამძღოლი არ მემეტება.
სამი წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კარგმა მწვრთნელმა პრეტენზია განაცხადოს უფრო ზევით, რჩეულთა ამქარში გარევაზე. ეს ეტაპი დაუდგა ჩვენი საყვარელი კლუბის მესაჭესაც. ნამდვილად არაა ადვილი პორტუგალიელთა ძლევა. მართლა კარგი კრებული ჰყავთ „თეთრ ბრაზილიელებს“. ისტორიით, უდაოდ გრანდია ტურინელთა მეტოქე. დღეს თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე პრეტენზიას ვერ აცხადებენ და ურჩხულთა კატეგორიაში არ შედიან, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იოლი ნადავლი გახდებიან „ბიანკონერებისთვის“. პირიქით, ლისაბონური „არწივი“ საკმაოდ ბასრბრჭყალიანია. მე ასე ვიტყოდი, ყვერებიანი გუნდია „ბენფიკა“. ეს ალბათ, ყველაზე კარგად ახასიათებს ლეგენდარული „შავი პანტერას“ – ცხონებული ეუსებიოს მშობლიურ კლუბს.
მაშ ასე, წინ დიდი ჯახია. „და ლუჟზე“ გაიხსნება გალა–წარმოდგენა და ჩვენთან – ტურინში იქნება ეპილოგი.
მე მჯერა ჩვენების და მჯერა ანტონიოსი!
მიდით ჯიგრებო!!
გაგვახარეთ!!!
კეთილი სურვილებით და ბენფიკას ძლევის იმედით – მარად თქვენი „იუვე–ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x