ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნაზაფხულევს…

აჰა, გავიდა კიდევ ერთი ცხელი(ყველანაირი გაგებით) ზაფხული და მეც დაგიბრუნდით…
ქართველი იუვენტინოებისთვის, ვინც „ბებერ სინორაზე“ და იტალიაზე ვართ შეყვარებულები, მაინცდამაინც პოზიტიური პერიოდი არ იყო. უფრო პირდაპირები თუ ვიქნებით,იმის თქმაც შეიძლება, რომ ნეგატიური სჭარბობდა დადებითს.

დიდი იმედგაცრუება გვხვდა წილად ბრაზილიური მუნდიალიდან. ამაში ნაწილობრივ მსაჯთა ხელი და მავანის კბილები ერია, მაგრამ გვიანია ამაზე ლაპარაკი. ალბათ, არც ღირს… ისევ ის ჯობია, რომ რეალობა ობიექტურად შევაფასოთ და მომავალს ილუზორული ხედვა–წარმოდგენებით არ მივაპყროთ მზერა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი აზრი ექნება ამაზონიის ჯუნგლების ქვეყანაში დატრიალებულ ამბებთან და ლოგიკური არგუმენტაციითაც გაამყარებს საკუთარ ნამსჯელს, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. წერილთა მთელი წყებაც შეიძლება მიეძღვნას მომხდარის გაანალიზებას, თუმცა ეს არაა ჩემი მიზანი, მითუმეტეს ამ სტატიაში.   ფაქტი კი ერთია – იტალია ჩავარდა. ამ ფიასკომ ყველას უზომოდ გვატკინა გული. „სკუადრა აძურას“ ნამდვილი გულშემატკივრები თავჩაქინდრული უყურებდნენ, თუ როგორ ემშვიდობებოდა ნაადრევად(ზედიზედ მეორედ) მათი საყვარელი გუნდი ფაველების ქვეყანას. ეს არ შეშვენის „თეთრ-ლურჯებს“ და უპირველესად მათ დიდებულ ისტორიას, ეს არ შეშვენის 4 მსოფლიო თასის მფლობელ ნაკრებს, ეს არ შეშვენის ფეხბურთის არაერთი კორიფის სამშობლოს და არ შეშვენის ტიფოზერიას, რადგან ისინი სულსა და გულს აქსოვენ გულშემატკივრობაში და უდაოდ მეტს იმსახურებენ. მომხდარს ვერ შევცვლით, თუმცა იმის იმედით კი ვართ, რომ გამოუვალი სიტუაციებიდან გამოსვლის დიდოსტატები ისევ მოძებნიან ხსნის გზებს და მწვანე–თეთრ–წითელ დროშას დააბრუნებენ იქ, სადაც მისი ადგილია – ყველაზე მაღლა!

სანაკრებო ბატალიები თითქოს გადავაგორეთ  და ისის იყო საკლუბო ფერხულში უნდა ჩავბმულიყავით, რომ მეორე ელდა გვეცა – ტურინი დატოვა კაცმა, ვინც დაცემული „იუვე“ ჩაიბარა და იტალიის უცვლელ ჩემპიონად აქცია. კაცმა, ვინც მეშვიდეადგილოსანი გუნდით პირველივე წელს დაუმარცხებლად იჩემპიონა, ხოლო ყოველ მომდევნო წელს პანტა–პუნტით ამხო„სერია A”-ს ნაირგვარი რეკორდები.

ეს იყო სრული შოკი. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც სეზონის ბოლოსკენ კლუბის ხელმძღვანელობამ და თავად ანტონიომ ერთურთს ნდობის მანდატები უძღვნეს. დღემდე ბურუსითაა მოცული, რა გახდა სინამდვილეში მიზეზი, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს თავისივე აწყობილი და ნალოლიავები გუნდი დაეტოვებინა. ათასი ვერსია გავრცელდა, მათ შორის აბსურდულებიც კი(ვითომ დაიღალა და ვითომ „მილანის“ თავკაცობა სურდა), მაგრამ ბოლომდე ლოგიკური და ფაქტებით დასაბუთებული არც ერთი ყოფილა. მხარეებმაც დუმილი არჩიეს – კარტები არ გაშალეს და ამ ეტაპზე, ალბათ, ასეც სჯობდა. მოვა დრო და გავიგებთ ყველაფერს.

გაღიზიანებული ტიფოზერიისთვის წითელი ნაჭრის ეფექტი ჰქონდა იმ ნიუსს, რომელიც გვამცნობდა, რომ „ბიანკონერის“ თავკაცის პოსტი სენიორ მასიმილიანო ალეგრის ჩაბარდა. ერთი შეხედვით და იმ კონკრეტულ მომენტში – ეს მეტისმეტი იყო, რადგან ჩვენი საყვარელი კლუბის თავკაცობიდან წავიდა ის, ვისი წასვლაც დაუჯერებლად გვეჩვენებოდა და კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ დაგვინიშნეს ის, ვისი თავკაცობითაც იუვე, უბრალოდ, ვერ წარმოგვედგინა. ალბათ, მრავალი თქვენთაგანი, ჩემსავით მისჩერებოდა მონიტორს და ვერ გაეგო რა ხდებოდა, რას ქონდა ადგილი და საერთოდაც, მართალი იყო ეს ყოველივე, თუ ცუდ სიზმარში ვიყავით?! თვალყურს ვადევნებდი ქართულ და უცხოურ საიტებსა თუ ფორუმებზე იუვენტინოთა რეაქციებს და უმეტეს მათგანთა კომენტარებში გამოსჭვიოდა შიში და სასოწარკვეთა. ეს იყო შიში იმისა, რომ ჭაობიდან ამოსული გუნდი კვლავ არ გამაჩანჩალებულიყო. თითქოს, 2014-2015 წლების სეზონი უნდა ყოფილიყო გარდამტეხი, რადგან იტალიაში მოპოვებულ უპირატესობას ევროპული მასშტაბითაც სჭირდებოდა განმტკიცება და გულშემატკივართა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი უკვე მომწიფდა იმისთვის, რათა „შავ-თეთრებს“ ბებერ კონტინენტზეც ძველებურად დაექუხათ, მაგრამ… მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

დადგა დრო, პოზიტიურზეც ვთქვათ.

უპირველესად ის, რომ შეიცვალა იტალიური ფეხბურთის მმართველობა. სანაკრებო ფიასკოს შეეწირა  ფედერკალჩოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ჯანკარლო აბატე, ვინც ინამუსა და საკუთარი ნებით გადადგა. ახალი ბოსი გახდა კარლოს ტავეკიო.იგი მოტივირებული და რევოლუციური იდეებით დატვირთული აღსაყდრდა კათედრაზე. იმედია, გაამართლებს ბებერი კარლოსის ნოვაციები და უმთავრესად ის ნოუ-ჰაუ, რომ იგი „სერია A”-ს 16 გუნდამდე შემცირებას გეგმავს. მისივე განზრახვაა, გაამკაცროს რეგულაციები ლეგიონერებთან დაკავშირებით.

მეორე დადებითი ის იყო, რომ პრანდელის მიერ ვაკანტურად დატოვებული ადგილი, მიუხედავად პრესის თუ ინტერნეტ-საშუალებათა  მიერ, ამ პოსტზე არაერთი ჯართში ჩასაბარებელი პერსონის დაკავშირებისა, გადაეცა იმას, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა – ტურინიდან აბარგებულ ანტონიო კონტეს. „ბებერი სინიორას“ გულშემატკივრებს, მხოლოდ და მხოლოდ ნაკრებისთვის თუ ემეტებოდათ თავიანთი ემოციური წინამძღოლი. ლოგიკურიც იყო ფედერკალჩოს ახალი პრეზიდენტის ეს სვლა. იმედია, წარმატებული სპეციალისტი საკლუბო გამარჯვებებს სანაკრებო ტრიუმფებსაც მოაყოლებს.

მთელი ზაფხული არ წყდებოდა სპეკულაციები „მეფე არტუროსა“ და ჩვენს შავ ოქრო–ბიჭუნა პოლ პოგბას ირგვლივ. ხან „მანიუს“ და ხანაც რეალს დაუკავშირეს მათი სახელები, მაგრამ ტიფოზერიის გასახარად, ორივემ ტურინი და შავ–თეთრი მაისურის ტარება არჩია. პოზიტიური იყო ისიც, რომ გუნდში მოვიდა ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ალვარო მორატა. დიდი ავანსებიგაიცა ტურინელთა ახალ ცხრა ნომერზე. პირველი მატჩიდან გამომდინარე(„კიევოსთან“ 0–1), უდაოდ დადებითი შთაბჭდილება დატოვა კიდევ ერთმა შავმა ბიჭმა – კინგსლი კომანმა. იუვეს სკაუტები ყოველთვის იმით გამოირჩეოდნენ, რომ ბრწყინვალე „ყნოსვა“ ჰქონდათ მომავალი დიდი ფეხბურთელების აღმოჩენისა და სასიხარულოა, რომ ეს თვისება კვლავ ჩვენი საფირმო ნიშანია. რომულოს ტრანსფერიც აქტივშია შესატანი. აი, თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოერთებულ პატრის ევრას რაც შეეხება, დრო გამოაჩენს რამდენად იყო საჭირო ასაკოვანი ფრანგი ფლანგელის გადმობარგება მანჩესტერელთა ბანაკიდან „შავ–თეთრებში“…

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შემადგენლობა გაძლიერდა და გაცილებით უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება აქვს სენიორ მასიმილიანოს, ვიდრე მის წინამორბედ კონტეს. დანარჩენი მასზე და მის მარიფათზეა დამოკიდებული. მეგა–ტრანსფერით ვერ გაგვანებივრეს(არადა, თითქოს იქადნებოდნენ კოლუმბიელი ფალკაოს მოყვანას), მაგრამ იტალიაში არსებული ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, მაროტა და კომპანიამ დამაკმაყოფილებლად იმუშავა. უპირველესად ისაა აღსანიშნი, რომ გუნდი არცერთ ლიდერს დაუტოვებია.

სეზონის წინარე პერიოდი ერთგვარი ჟურნალია, ხოლო კინო აწი იწყება!

იმედია, ჰეფი–ენდით!

ფორცაააა!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე–ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

საღოლ, მაგარი იყო :up:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x