ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალია რომ კუნძული იყოს (გაგრძელება)

ბორდოს “პარკ ლესკიური” ბურთის გორების ძველი ადგილია. დღეს რომ ჩილელებთან სათამაშოდ გამოდის იტალიის ნაკრები, ალბათ, ბევრს არ ფიქრობს მოედნის ხარისხზე, მაგრამ ინგლისელ ექსპერტთა შეტყობინებით, ფრანგულ სტადიონზე მოთამაშეთა უსაფრთხოების გარანტია და წესრიგის დაცვის საშუალება 70-იანი წლების ინგლისური სტადიონების სტანდარტს უტოლდება.

სათავცემო უფრო ეს არის, მაგრამ იტალიელებს ჯგუფიც ისეთი ერგოთ, რომ ტიფოზურ ამბებში ლიდერები არიან, ავსტრიელებმა საკურორტო ქომაგობა იციან; ჩილელები არც ისეთი ჯიბესქელი ხალხია, რომ ბორდოსა და სენტ-ეტიენში შთამბეჭდავი დესანტი გადმოესროლათ; კამერუნელებზე კი რა უნდა ვთქვა? რვა წლის წინათ, ინგლისელები რომ კინაღამ გააფარჩაკეს მეოთხედფინალში, მთავრობამ მოტოციკლეტები აჩუქა. ეს ფეხბურთელებს. ფანობის ამბავი კი ხომ ისედაც გასაგებია?

ასეთ ვითარებაში ტიფოზებს ლიდერობა უპყრიათ.

და რა საიდუმლო ძევს ჩილელთა გუნდში? თუ იტალიელთა მძიმე დასაწყისებს გავითვალისწინებთ, ჩილელთა გუნდში მართლაც ძევს საიდუმლო. თუმცა, ეს საიდუმლო საყოველთაოდ ცნობილია. ამ საიდუმლოს წყვილს ქმნიან: ივან სამორანო და მარსელო სალასი. ამ საიდუმლომ იმუშავა “უემბლიზე” ინგლისელთა წინააღმდეგ და საერთოდ რა სალაპარაკოა?

აუგუსტო პინოჩეტისა და სალვადორე ალიენდოს მხარდამხარ სწორედ ეს ორი კაცია, მილიონთა ფიქრში რომ წარმოადგენს ამ გრძელ და წვრილ ქვეყანას. ძნელია ჩილელობა, მით უმეტეს მაშინ, როცა ოდინდელ ვარსკვლავ ჰერბერტ პროხასკას ვენაში გუნდი შეუკრავს. იყო დრო, როცა ავსტრიის გუნდს “ვუნდერტიმი” – საოცარი გუნდი ერქვა. ეს მაშინ, როცა ჰიტლერი დადიოდა სტადიონზე და ბრაზობდა, ავსტრია გერმანიას უგებსო.

პროხასკას გუნდი “ვუნდერტიმი” არ არის, მაგრამ აფრიკის პირობაზე მორიგ “ვუნდერტიმობას” აპირებს კამერუნის ნაკრებიც, რომელსაც ახალგაზრდა დირიჟორის იერის ფრანგი კლოდ ლე რუა, პსჟ-ს ყოფილი მოხელე თავკაცობს. ასე რომ, ჩილეს საიდუმლოს, იტალიელტა მძიმე დასაწყისის გათვალისწინებით, პირველსავე თამაშში სჭირდება გაბაზრება.

თუმცა, ბანაკებიდან უკვე ძალიან არეული ამბები მოდის. ინფორმაცია იმალება. გუშინ ძმაბიჭმა დამირეკა პარიზიდან და ისეთი ლაპარაკი გამოგვივიდა, ქართულ ფილმ “სერენადაში” რომაა: “რომარიო დამტვრეულია, ბოკშიჩი დამტვრეულია, დელ პიერო დამტვრეულია, ბერხკამპი დამტვრეულია… შენს ბიჭებს არაფერი გააგებინო…” ახლა ამბობენ, სამორანოც დამტვრეულიაო. მოდი და არკვიე სიმართლე, იქნება საიდუმლო წყვილი თუ არ იქნება.

ერთი კი ვიცი, რომ იტალია-ჩილეს თამაშში კარში დარტყმა ბევრი არ იქნება. “ჰადერსჰილდი” და “ჯილინგემი” ხომ არ თამაშობენ?
და მაინც მახსენდება, რომ იტალია კუნძული არ არის. იტალია რომ კუნძული იყოს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ნამდვილად ვერ გახდებოდა. რაც შეეხება ჩილეს, ჯერ კიდევ 1962 წელს ჩილელებმა 2:0 მოუგეს იტალიელებს და ამ თამაშში გვარიანი ჩხუბ-წიხლაობაც აიწია. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატი ჩილეში იყო და ელინიო ერერასაც ბოლომდე არ გაეშალა დავთრები. იმ 1962 წელს ერერა ესპანეთის ნაკრებს ჩაუძღვა ჩილეში და თავი იმით გამოიჩინა, რომ მოედანზე არც ერთხელ არ გამოიყვანა ალფრედო დი სტეფანო, რომელსაც ბრაზილიასთან გადამწყვეტი თამაშის წინ უთხრა, შენ “ატლეტიკოელი” კოლარი გჯობია და სკამზე იჯდებიო.

მწვრთნელები, მწვრთნელები…

ჰერბერტ პროხასკა საუცხოო ფეხბურთელი იყო. თავის დროზე “ინტერშიაც” ბრწყინავდა. ის იმ თაობის წევრია, კარგი ავსტრიული ფეხბურთი რომ აჩვენა ხალხს ჰანს კრანკლთან და ორ ბრუნოსთან – პეცაისთან და კონსილიასთან ერთად. მაგრამ ერთი ამბავია – ჩეხურად “პროხასკა” ჭარხალს ნიშნავსო. ჯგუფი კი ისეთია, რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ეს ჩვენი კარგი პროხასკა ჭარხალივით გაწითლებული ვიხილოთ.

მე კი იმაზე ვფიქრობ, რომ იტალია კუნძული არ არის. სხვა საქმეა სიცილია, რომელიც საფეხბურთო სათვალავში ჩასაგდები არ არის. თუ მაინცდამაინც იტალიურ კუნძულზე მიდგება საქმე, ისევ კაპრი უნდა გავიხსენოთ, სადაც დი სტეფანოს ბაბუა დაიბადა.

ისე კი, მთელი იტალია, თავის სიცილიიანად ბურთის დასარტყმელად მოქნეულ ფეხს ჰგავს. ალბათ, იტალია მძიმედ და დინჯად დაიწყებს, მაგრამ როდის და როგორ დაამთავრებს, ამის შესახებ მარჩიელობა სრულიად უსარგებლო საქმეა.

ოთხი წლის წინათ, რეი ჰავტონის გოლი გოლადვე დარჩა, არიგო საკის გუნდი კი ფინალში გავიდა. იტალია კუნძული არ არის.

აკა მორჩილაძე; 11.06.1998
სტატია მოიძია იუვე-ლირმა

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

:up: გააგრძელეთ ესეთი სტატიების დადება.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x