ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მონაკო” – “თავადები” “შავ-თეთრების” წინააღმდეგ

მოახლოვდა უგამორჩეულესი საფეხბურთო ტურნირის – უეფას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები და ჩვენც – “შავ-თეთრსისხლიანები”,  დიდი ინტერესით ველით ჩვენი “ქალბატონის” მორიგ წარმოდგენას…

მერვედფინალური ბატალიების შემდეგ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ფორტუნისადმი, რადგან ყველანი ვთანხმდებოდით ერთზე, რომ მეოთხედფინალურ ეტაპს შემორჩენილი  კონტიგენტიდან, უდაოდ, იოლი ვიზავი შეგვხვდა. სწორედ, მონეგასკები იყვნენ ფავორიტები სასურველ მეტოქეებში, რადგან რამდენიმე გამორჩეულ ურჩხულთან პაექრობა, ნამდვილად არასასიამოვნო იქნებოდა.

მაშ ასე, დროა ახლოს გავიცნოთ საფრანგეთის გასული წლის ვიცე-ჩემპიონები და მოვემზადოთ მათთან დაპირისპირებისთვის.

საფეხბურთო კლუბი “მონაკო” წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოს – მონაკოს სამეფოს(სათავადო) გუნდს. იგი დაარსებულია 1924 წელს და დღევანდლამდე თავისი არსებობის  91-ე წელს ითვლის.

მათი მშობლიური სტადიონი ყველასთვის კარგად ცნობილი “ლუი II”, სადაც წლების მანძილზე (1998-დან 2013-მდე) უეფას სუპერთასი იმართებოდა. სარბიელის საერთო ტევადობა 18500 მაყურებელზეა გათვლილი.

მონაკო ჯუჯა  სახელმწიფოა(2.02 კმ2) და როგორც წესი, მსგავს ქვეყნებში ფეხბურთი ვერაა განვითარებული, მაგრამ მათმა ჭკვიანურმა გადაწყვეტილებამ, რომ “მონაკოს” მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის ჩემპიონატში, უდაოდ დადებითი შედეგი იქონია. 1930 წლიდან მოყოლებული, ისინი “სამფეროვანთა” პირველობაზე იბრძვიან და საკმაოდ წარმატებულადაც. “თეთრ-წითლები” (სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნული თიკუნის მქონე სამი გუნდი მონაწილებდა და სამივესთან მოგვიწია დაპირისპირება. წინა ორი ჯგუფურ ეტაპზე გვყავდა – “ატლეტიკოს” და “ოლიმპიაკოსის” სახით) 7 საჩემპიონო ტიტულით “ლიონთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ და არც თასის მხრივ არიან ჯაბანნი – მათ ანგარიშზე ხუთი “შარლ სიმონის თასია”. ამდენად, ფრანგული მასშტაბით გამორჩეული გუნდია ჩვენი მეტოქე და ბებერ კონტინენტზეც გარკვეული წარმატებებისთვის მიუღწევია. მართალია, ისინი არცერთ ევროტიტულს არ ფლობენ, მაგრამ ფინალში თამაშის გამოცდილებით ნამდვილად დაიკვეხნიან. ჩვენი თაობის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ ლუდოვიკ ჟიულის, ფერნანდო მორიენტესის, შაბანი ნონდას, დადო პრშოს და პატრის ევრას “მონაკომ”, თუ რა დღეში ჩააგდო 2003-04 წლების ლიგის გათამაშებისას გუნდები. მარტო “დეპორტივოს” და “რეალის” გახსენება რად ღირს. მხოლოდ ფინალში შეაჩერეს მონეგასკები და ისიც “განსაკუთრებულის” “პორტომ” შეძლო.

მონაკოში ასევე მწარედ ემახსოვრებათ 1991-92 წლების თასების მფლობელთა თასის პერიპეტიები. “თეთრ-წითლები” ფინალამდე შესანიშნავად ასპარეზობდნენ, მაგრამ ამჯერადაც გადამწყვეტ მატჩში მოუწიათ დანებება. ისინი ვერას გახდნენ კლაუს ალოფსის და მარკო ბოდეს “ვერდერთან” და 0:2 დამარცხდნენ. არადა, მაშინაც გამორჩეული გუნდი ყავდათ: ემანუელ პეტი, რუი ბაროში, იური ჯორკაეფი, ჟორჟ ვეა…

უეფას საკლუბო რეიტინგში ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს 72-ე ადგილი უჭირავს 30.45 საკოეფიციენტო ქულით, რაც დარჩენილ რვა გუნდში ყველაზე უარესი შედეგია. ამ ეტაპზე ტურინული გრანდი მე-17 ადგილზეა 86.535 ქულიანი მონაგარით.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, მონაკოელთა და ჩვენი გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა. “ბიანკონერი” ორმატჩიან პლეი-ოფში გადაეყარა ფრანგებს და გამარჯვებულიც გამოვიდა აღნიშნული ჯახიდან. ეს დაპირისპირებები 1997-98 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე შედგა. პირველი მატჩი ტურინში გაიმართა და მაგიური 10 ნომრის ბენეფისად იქცა. იტალიელებმა ფაბიენ ბარტეზის კარი ოთხჯერ დალაშქრეს, საპასუხოდ კი კინკილა ბურთი მიიღეს. ჰეთ-თრიკი შეასრულა დელ პიერომ, ერთიც ზიზუმ დაამატა და გუნდი გულმშვიდად გაემგზავრა “ლუი II”-ზე საასპარეზოდ. განმეორებით მატჩში, მართალია, გაიბრძოლეს და მოიგეს კიდეც ჟან ტიგანას შეგირდებმა, მაგრამ მხოლოდ მინიმალური სხვაობით – 3:2(ნიკოლა ამორუზო, დელ პიერო) და დაემშვიდობნენ ფინალზე ოცნებას. ამჯერადაც, შესანიშნავი გუნდი ყავდათ “თეთრ-წითლებს”. სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო თავდასხმის ხაზი რად ღირს, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები – დევიდ ტრეზეგე და ტიერი ანრი.

მიუხედავად წინასწარ გაცემული ავანსებისა, ფაქტია, რომ ლიგის მეოთხედფინალში პერსონალური მოსაწვევით არავინ მიგიპატიჟებს. აქ ყველა ჭკუით და ოფლითაა მოსული. ამდენად, მონაკოელთა ალმაცერად ყურება დამღუპველი იქნება. მჯერა, მთელ “იუვენტუსს” ეს სრულად აქვს გათავისებული და კენჭისყრის ღმერთის საჩუქარს გონიერად მოიხმარენ.

ნახევარფინალში შეხვედრამდე!

FORZA JUVE!!!

 

 

სტატია მოამზადა “იუვე-ლირმა”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

:love: დელ პიერო

irakli28
9 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x