ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა ვარსკვლავები მოწყვიტა, ანუ დეზდემონამ ოტელო დაახრჩო

მოახლოვდა იმ რანგის მატჩი, რომელსაც ყველა იუვენტინო, აგერ უკვე 12 წელია ელის. ელის მხურვალე გულით და დიდი იმედებით. ყოფილა დრო, იუვესთვის ლიგის ნახევარფინალი დილის საუზმე იყო, მაგრამ მუხთალმა ჟამმა ეს თორმეტწლიანი წყვეტა მოგვცა. ამადაცაა, ასე გულისფანცქალით რომ ველით ორრაუნდიანი შერკინების პირველ დუელს.  

ტრადიციულად, მატჩის წინ მეტოქე გუნდზე უნდა ვსაუბრობდეთ და მის ისტორიასა თუ დღევანდელობას მიმოვიხილავდეთ, მაგრამ ჩვენი ხვალინდელი ვიზავი ის გუნდია, რომელსაც დახასიათება და აღწერა არ სჭირდება. ან რა უნდა თქვა და დაწერო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უგამორჩეულეს კლუბზე,  რომელსაც მე–20 საუკუნის საუკეთესოს სახელი დაუგდია და არც ოცდამეერთეში დაეწუნება რამე. თავის დროზე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის(International Federation of Football History & Statistics – IFFHS) მიერ, საუკუნის კლუბად მადრიდული გრანდი დასახელდა, ხოლო მეორე ადგილი კი ჩვენს საყვარელ „შავ–თეთრებს“ ხვდა წილად. ამდენად, როცა ეს ორი უდიადესი კრებული ერთმანეთს ხვდება, შეუძლებელია არ იყოს სხვა განწყობა, სხვა ინტრიგა –   რაღაც საოცარის, ჯერ არნახულის და ზეაღმატებულის მოლოდინი. ეს დაახლოებით ისაა ფეხბურთში, რაც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია მუსიკაში ანუ კლასიკა, საფეხბურთო კლასიკა ტიტანების შესრულებით…   ამიტომაც, კლასიკას წინასამატჩო არ სჭირდება.

მოახლოებული ჯახის წინ, უპრიანი იქნება, გავიხსენოთ ის დიდი შეხლა, რომელიც ისტორიაში შესულია, როგორც ზევარსკვლავური „რეალის“ ბოლო ვერშესრულებული აკორდი, ხოლო ჩვენთვის, ვისაც კარგად გვახსოვს იმ მატჩისგან მოგვრილი ემოციები – ულაპარაკოდ, „თაობის მატჩია“.

ბევრი სტაჟიანისთვის სათაურიდანვე ცხადია, თუ რაზე მსურს საუბარი. უფრო სწორად, რისი გახსენება მინდა. ეს სათაური 2003 წლის 15 მაისის გაზეთ „სარბიელს“ ამშვენებდა. რამდენიმე საათით ადრე კი, „თაობის მატჩი“ შედგა. ვგულისხმობ იმ თაობას, რომელიც „იუვეს“ 90–იანი წლების შუა პერიოდიდან ქომაგობს. დიახ, ეს იყო ის დიდებული სპექტაკლი, რომელიც ალბათ, არასოდეს დაავიწყდება თითოეულ ჩვენთაგანს და ფეხბურთის ყველა ნამდვილ გურმანს. თამაში, რომლის პერიპეტიები,  სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. რაღა ბევრი ვილაპარაკო, საუბარი საფეხბურთო წარმოდგენაზე – „იუვენტუსი“ –  „რეალის“ 3:1_ზეა. მოდი, გადავშალოთ სიყვითლეშეპარული გაზეთი და გადავავლოთ თვალი, თუ რა იწერებოდა იმ დროს. ორიოდე ამონარიდს კი ქვემოთ გთავაზობთ:

 

რეალი საკუთარმა სიმძიმემ გასრისა

„თუ გახსოვთ, პირველი მატჩის მერე „რეალის“ ფეხბურთელები ერთხმად გაიძახოდნენ, ის ერთი გოლი რომ არ გაგვეშვა, უფრო დარწმუნებულები ვიქნებოდით ჩვენს ფინალში გასვლაშიო. ამასაც ამბობდნენ, სადაც გიდათ და ვისთანაც გინდათ, გავიტანთ ერთ ბურთს მაინცო.

ტურინში წასასვლელად საგანგებოდ მოემზადნენ. ვისენტე დელ ბოსკემ პრიმერადივიზიონის ტურში სათადარიგოები ათამაშა, ფიგუს, ზიდანს და რონალდოს ჯანზე მოსვლის საშუალება მისცა და ლიდერობაც დათმო.

მაგრამ რათ გინდა, მწვრთნელზე მარლები ის ფეხბურთელები გამოდგნენ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაშვებული გოლი რომ აფიქრებდათ.

დიახ, მადრიდელებმა თითქოს ყველაფერი გათვალეს, შინ გაშვებული გოლიც და სტუმრად გატანას რომ შეძლებდნენ ისიც. მხოლოდ ერთ რამეში შეცდნენ, „დელე ალპიზე“ სამს თუ გაუშვებდნენ, არაფრით ეგონათ.

ახლა შეგვიძლია ლაპარაკი, პირველ ტაიმში გუტის უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან რომ გაეტანა, ან ფიგუს რონალდოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი რო არ გაეფუჭებინა, ან რაულს ბოლო წუთზე შეტევა უკეთ რომ დაესრულებინა, ვნახავდით, ვინც გავიდოდა ფინალშიო, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ფუჭი ლაპარაკია. წახდენილს რაღა გამოასწორებს და ეგეც რომ არა, „იუვენტუსის“ მომენტებიც გავიხსენოთ.

კარგა ხნის წინ ვთქვით, „რეალს“ ვინმე თუ შეაჩერებს, მხოლოდ „იუვენტუსიო“ და ეგრე ყველაფერი აგიხდეთ.  გუშინ ტურინელებმა სწორი ფეხბურთი ითამაშეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ რიგში ლიპიმ აჯობა დელ ბოსკეს და მერე იუვეს ფეხბურთელებმა რეალელელბს.

ესპანელთა დაცვა ბევრს მიჰქარავდა, იტალიელთა გოლები კი ყველანაირი გემოვნებისა იყო. მათგან საუკეთესო კი პაველ ნედვედისა გამოდგა, თანაც „იუვენტუსი“ სწორედ ამ გოლის წყალობით მიდის მანჩესტერში, ოღონდ მეგოლე ჩეხი კი ვეღარ წაადგება.

ნამატჩევს ნედვედმა ალალად გამოიგლოვა თავისი დისკვალიფიკაცია, უფრო კი იმიტომ, რომ სისულელით აიკიდა. აბა, სამით ნოლზე ვინ რჯიდა, მსაჯს თავი რომ გააყვითლებინა.

წინ კი ფინალია, წმინდა იტალიური ფინალი.

გაზეთი „სარბიელი“ – 15 მაისი; 2003 წელი

 

კოსმიური ვარსკვლავები შავ უფსკრულში

გუშინწინდელი „იუვენტუს“ – „რეალის“ ნახევარფინალური ჯახი ჭეშმარიტად ტიტანთა შერკინება იყო და მსოფლიო ფეხბურთმაც ისტორიაში ბრწყინვალე ფურცელი ჩაიწერა.

ვარსკვლავებით დახუნძლული სამეფო კლუბი დიდი იმედებით ჩავიდა ჩრდილოეთ იტალიაში. კასტილიური ფლაგმანი წაგებას არამც და არამც არ აპირებდა, მაგრამ სპორტულმა ფორტუნამ და მარჩელო ლიპის სიბრძნებ თამაშის ბედი სხვაგვარად წარმართა. ტიტანთა ბრძოლაზე არ შევჩერდებით, ამჯერად საფეხბურთო ექოზე ვთქვათ. ვნახოთ ესპანური პრესის გამოძახილი საჩემპიონთალიგო ომში დაცემული მადრიდის „რეალისა“ და გამარჯვებული „იუვენტუსის“ შესახებ.

„მარკა“: „იუვეს“ შავმა უფსკრულმა „რეალის“ კოსმიური ვარსკვლავები შთანთქა“; „დონ ბალონი“: „რეალი“ ტურინში დაცემის შემდეგ მეათე თასს ემშვიდობება“; „ელ მუნდო“: „იუვენტუსმა“ „რეალი“ ჩემპიოთა ლიგიდან დაითხოვა“; „ელ მუნდო დეპორტივო“: „იუვეს სასიკვდილო დარტყმა“; „სპორტი“:  „უსუსური „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა“; „ლა ოპინიონი“: „მადრიდის „რეალი“ ტურინული ჯოჯოხეთის შემდეგ ლიგის ფინალის მიღმა რჩება“; „ლევანტე“: „რეალი“ „დელე ალპიზე“ უიმედოდ ჩაიფერფლა“…

 

გაზეთი „სარბიელი“ – 16 მაისი; 2003 წელი

 

P.S. და ბოლოს, „რეალი“ ახლაც ვარსკვლავურია, ისევე როგორც 2003 წელს; „იუვეს“ შანსები ახლაც ნაკლებად ფასობს, ისევე როგორც 2003 წელს;

ისტორიას განმეორებები უყვარს!

ბერლინში შეხვედრამდე!!

FORZA JUVE!!!

 

სტატია მომზადებულია „იუვე–ლირის“ მიერ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Rezo Robakidze
9 years ago

2003 წლის იუვე-რეალი და გერმანია-იტალიის ნახევარფინალი 2006 წელს, ორი ყველაზე მაგარი თამაშია რაც მე მახსოვს.

besiki777
9 years ago

მახსოვს ეგ თამაში ბუფონმა რო ფიგუს პენალი აუღო იმხელა ვიყვირე მეზობელმა გადმორეკა ხო მშვიდობააო.:

mamuka tsagareishvili
9 years ago

ეგ იქნება ბედნიერება :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

MAXSIMUS
9 years ago

მიყვარხართ! მიყვარხარ იუვე <3 :love: ხვალ ამ დროს დიდი ამბები იქნება :forza:

jek17
9 years ago

მალადეც ლირი,მაგარია :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x