#ForzaAzzurri – კონტე : “ჯერ ღირებული არაფერი გაგვიკეთებია„”
შვედეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად სკუადრა აძურას თავკაცი, ანტონიო კონტე წარსდგა და საკუთარ შეგირდებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა : “გუნდი მშვენიერ ფორმაშია, ბიჭები წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ.თუმცა, ბელგიასთან ჩატარებული კარგი მატჩი ბევრს არაფერს ნიშნავს, გამარჯვებამ თამაშებისადმი დამოკიდებულება არ უნდა შეგვიცვალოს.მინდორზე კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი, ჯერ არაფერი გაგვიკეთებია.თითოეული მატჩი დაძაბული და რთული იქნება, ამის კარგი მაგალითი საფრანგეთის ნაკრებია, ალბენელები 90 წუთის მანძილზე იგერიებდნენ მათ შეტევებს, თუმცა უკანასკნელ წამებზე ორი გოლი გაუშვეს.ხარისხის ნაკლებობა ? – კრიტიკოსებს არ ვუსმენ, ვთვლი, რომ ჩემი გუნდი 23 საუკეთესო იტალიელისგან შედგება.”
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შვედეთთან მატჩში მინდორზე მარკო პაროლოს ნაცვლად ალესანდრო ფლორენცის უნდა ველოდოთ, ამ უკანასკნელმა მცირე ტრავმა სრულად მოიშუშა : “ბელგიელებთან მატჩის შემდეგ მხოლოდ ოთხი დღე გავიდა, მთავარია, ბიჭებმა ძალების აღდგენა მოასწრონ.საბოლოო გადაწყვეტილებას შემადგენლობის შესახებ ხვალ დილით მივიღებ.სასტარტო თერთმეტეული მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც დავაკვირდები მოთამაშეთა ვარჯიშს და მათთან ვისაუბრებ.ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი თამაში ჩავატარეთ და ვფიქრობ, დაღლილობაზე საუბარი არც ღირს.არა მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო.იბრაჰიმოვიჩი ? – ზლატანი იმდენად ძლიერია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ლიგას დაამშვენებს.შვედებს ჰყავთ მაღალი დონის ნაკრები, რომელსაც გამორჩეული ლიდერი ჰყავს შეტევაში.თუმცა არ ვთვლი, რომ სკანდინავიელებიდან ხიფათის შექმნა მხოლოდ იბრას შეუძლია, მარკუს ბერგი და ჯონ გუიდეტი არ უნდა დაგვავიწყდეს.მოწინააღმდეგის თამაში კარგად უნდა შევისწავლოთ და გავაანალიზოთ, რა არის მათი სუსტი მხარეები.”
