ვრცელი ინტერვიუ იუვენტუსის მთავარ მწვრთნელთან
მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან ვრცლად ისაუბრა. “ბიანკონერის” მწვრთნელი შეეხო როგორც ტაქტიკურ დეტალებს, ისე კონკრეტულ ფეხბურთელებს და ტრიბუნებიდან წამოსულ რეპლიკებსაც უპასუხა.
გთავაზობთ სპალეტის მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის და ინტერვიუების სრულ ვერსიას.
“შიში სულ მაქვს, მაშინაც კი, როცა ვიგებ”
სპალეტიმ ანალიზი Amazon Prime-თან საუბრით დაიწყო და აღიარა, რომ მატჩის დროს დაძაბულობას გრძნობდა:
“უკვე პლეი-ოფში ვართ? ეგ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მე იმის შიშიც მაქვს, რომ მიზანს ვერ მივაღწევ, მაშინაც კი, როცა უკვე მიღწეული მაქვს. ასეთი ხასიათი მაქვს. ცხადია, თამაშის ემოცია დიდია, მით უმეტეს, თუ ასეთ შედეგს ვერ დადებ, კრიტიკა არ აგცდება. ამიტომ მატჩს დაძაბულები შევხვდით, რაც ნორმალურია”.
მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობაც შეაფასა:
“კარგი მატჩი იყო. ელოდნენ, რომ მეტოქე ბურთს 80% გააკონტროლებდა, მაგრამ ეს არ დავუშვით. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა 15 წუთის შემდეგ მათ პრესინგით ნახევარდაცვაში სივრცეები შეგვიქმნეს და დაცვაში ქაოსური გადაწყობა გვაიძულეს. თამაში გათანაბრდა, ჩვენი დაცვის ხაზი კი ზედმეტად ღრმად ჩავიდა. იყო მომენტები, როცა ბურთი ისე სულელურად დავკარგეთ, თითქოს მას ‘ხველა დავმართეთ’. ეს მარტივი ბურთები იყო, მაგრამ ჩვენ 4-5-ჯერ მეტოქეს ჩავაბარეთ, რასაც სტადიონზე უკმაყოფილება მოჰყვა. ამ მომენტში გუნდს გამოცდილება და მენტალური სიმტკიცე დააკლდა”.
რა სჭირდება იუვენტუსს ზრდისთვის?
სპალეტის თქმით, გუნდი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია:
“გუნდი ახალ ელემენტებს ითვისებს. მარტივი შეცდომების გამო წნეხის ქვეშ მოვექეცით. მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთიც რთული იყო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ. დავიდს და მირეტის მომენტები ჰქონდათ, მაკკენის კი მეკარის მოგერიებულზე რეაქცია დაუგვიანდა – მისთვის ჩვეული ჟინი რომ გამოეჩინა, გოლს გაიტანდა. როცა დარტყმა ხდება, მეკარისკენ უნდა გაიქცე და არა უყურო, აიღებს თუ არა ის ბურთს”.
“შემდეგი ნაბიჯი? სისწრაფე აზროვნებაში. უნდა იცოდე, როდის მოდის მეტოქე შენკენ. როცა ბურთს იბრუნებ, მყისიერი კონტრ-პრესინგი უკვე ფეხბურთის ნაწილია. თუ ბურთს იღებ და წინასწარ არ გაქვს ‘ფოტო გადაღებული’ სიტუაციისთვის, დაგაგვიანდება. რადარი სულ ჩართული უნდა გქონდეს, სულ ‘ონლაინ’ რეჟიმში უნდა იყო”.
“უცხოპლანეტელი” ილდიზი და “კეთილი ბიჭი” დავიდი
სპალეტიმ ცალკეული ფეხბურთელებიც შეაფასა. განსაკუთრებული ყურადღება ჯონათან დავიდსა და კენან ილდიზზე გაამახვილა:
ჯონათან დავიდი: “კმაყოფილი ვარ, რადგან მან ფეხბურთის თამაში იცის, მაგრამ აკლია ის სიბოროტე და სისასტიკე, რომ თქვას: ‘ეს ბურთი ჩემია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია’. მისთვის ყველა ბურთი ერთნაირია. მას აქვს ‘კარგი ბიჭის’, ფეხბურთისთვის ზედმეტად სრულყოფილი ბიჭის იერი. მეტი გამოცდილება სჭირდება, რომ მიხვდეს – ორთაბრძოლები უნდა მოიგოს. გოლები კარგია, მაგრამ თამაში მხოლოდ გოლები არაა. თუ მხოლოდ გოლს იტან, სხვებს უწევთ შენს მაგივრად სირბილი”.
კენან ილდიზი: “ის ჩვენი გუნდის უცხოპლანეტელია, რადგან შეუძლია თამაში მარტომ ამოატრიალოს. თუმცა, მეტოქემ 2-3-ჯერ მარჯვენა ფლანგზე პრობლემები შეგვიქმნა, ილდიზს კი დაცვითი სამუშაოს შესრულება მოუწია, რაც ისე კარგად არ გამოსდის, როგორც მაკკენის. ნიჭს სხვა კომპონენტებიც უნდა დაემატოს გუნდის სასიკეთოდ. ეს ეხება დავიდსაც და ოპენდასაც – მათ ბურთის შენარჩუნება უნდა ისწავლონ”.
კონფლიქტი ტრიბუნასთან და პასუხი დელ პიეროს
მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში სპალეტი გულშემატკივარს შეეკამათა. პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ეს მომენტი განმარტა:
“გოლის შემდეგ მისთვის არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ყოველ შეცდომაზე ყვიროდა: ‘სპალეტი გაიყვანე’, ‘სპალეტი შეცვალე’. მივუბრუნდი და ვუთხარი: ‘სულ 5 ცვლილების უფლება მაქვს-მეთქი’. მეტჯერ აღარ მივბრუნებულვარ. ეს ბუნებრივი დიალოგი იყო. სტვენა? ქომაგებს ლამაზი ფეხბურთი უნდათ. კამბიაზომ ფეხბურთის თამაში იცის, მაგრამ ზოგჯერ რისკავს. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ასეთ ფეხბურთს ითამაშებენ, რისკიც იქნება და კრიტიკაც”.
Sky Sport-თან საუბრისას სპალეტიმ ალესანდრო დელ პიეროს კომპლიმენტებსაც უპასუხა:
“მადლობა, ალექს. შენგან, ვისი თამაშითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, ამის მოსმენა სასიამოვნოა. მართალი ხარ, მთავარი პროტაგონისტები ფეხბურთელები არიან. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები მოედანზე. ხანდახან სისტემიდან ვითიშებით, მაგრამ მთავარია ხაზი აღვადგინოთ. ‘ნაპოლისთან’ მატჩზე ფიქრი? ცოტას ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ”.
“ბოდო გლიმტში დაგაბრუნებთ ყველას…”
ბოლოს, შერეულ ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას, სპალეტიმ მედია გააკრიტიკა მეტოქის დაფასების არცოდნის გამო:
“თამაში მომეწონა, თუმცა ბოლო მატჩებთან შედარებით ოდნავ სუსტად გამოვიყურებოდით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ – მეტოქე ‘ბენფიკა’ იყო. ისტორიას თუ გადახედავთ, მათთან მოგება ყოველთვის ჭირდა. თორემ ახლა ისევ ‘ბოდო გლიმტში’ დაგაბრუნებთ ყველას (იხსენებს წარსულ კრახს), სადაც გეგონათ, რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო და შედეგიც ნახეთ. მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ეს რთული მატჩი იყო და დამსახურებულად მოვიგეთ”.