ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვილარ პეროზა:”იუვენტუსის „ძალის ადგილი“

ვილარ პეროზა:”იუვენტუსის „ძალის ადგილი“

საწყისები: ვილარ პეროზას დაბადება

იტალიელი დიდგვაროვნების, ანიელების ფესვები გვიანდელ შუა საუკუნეებში იღებს სათავეს. გვარის პირველი ხსენება ქალაქ ვილარ პეროზას არქივებში გვხვდება — პატარა დასახლებაში, რომელიც ინდუსტრიული გიგანტის, ტურინის ფონზე თითქმის შეუმჩნეველი იყო.

ლეგენდარული ავტომწარმოებლების წინაპრებზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან ისინი არც პოლიტიკური გავლენით გამოირჩეოდნენ და არც ექსტრავაგანტული საქციელით. მათი მთავარი თვისება სხვა რამ იყო — შრომისმოყვარეობა და საოცარი ალღო ბიზნესში.

1853 წელს ოჯახმა ქალაქში უზარმაზარი მამული შეიძინა, რომელიც დღემდე დინასტიის შტაბ-ბინად და საგვარეულო სახლად ითვლება.

1866 წლის 13 აგვისტოს კი დაიბადა ჯოვანი ანიელი — ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, ოფიცრის გამოცდილებით და ამბიციებით სავსე ჯოვანი ვილარ პეროზაში დაბრუნდა და მალევე ქალაქის მერი გახდა. თუმცა, მას მხოლოდ პოლიტიკა არ აინტერესებდა.

ოცნება „უცხენო ეტლზე“ და FIAT-ის იმპერია

ახალგაზრდა პოლიტიკოსის გონება ადმინისტრაციულ საქმეებზე მეტად გამომგონებლობას ეკავა. უქმეებზე მეგობრებთან ერთად პატარა საწყობში იკეტებოდა და შიდა წვის ძრავის მუშაობას სწავლობდა. მისი ოცნება „უცხენო ეტლის“ შექმნა იყო.

1898 წელს ჯოვანიმ გაიცნო გრაფი ემანუელე ბრიკერაზიო, რომელსაც სურდა ფული ისეთ პროექტში ჩაედო, რომელიც ისტორიას შეცვლიდა. ასე გაჩნდა „ფიატი“ (FIAT). ჯოვანიმ აქციებში სულ რაღაც 400 დოლარი გადაიხადა. ქარხანაში არმიული დისციპლინა სუფევდა — თითოეულ თანამშრომელს ჯოვანი პირადად არჩევდა.

1907 წლისთვის „ფიატი“ უკვე სერიოზული მოთამაშე გახდა. თუმცა, ჯოვანის ეს არ ყოფნის. მას სურდა არა უბრალოდ მართვა, არამედ სრული ფლობა.

მასშტაბური და ეშმაკური სქემების შედეგად, მან კომპანიის 100%-იანი წილი ჩაიგდო ხელში. მართალია, ამას მოჰყვა სკანდალები, სასამართლო დავები და დროებითი გადადგომაც კი, მაგრამ ჯოვანიმ გაკვეთილი ისწავლა: ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია.

დაბრუნების შემდეგ მან გეზი პოლიტიკურ კავშირებზე აიღო, რამაც „ფიატი“ იტალიის ინფრასტრუქტურის ხერხემლად აქცია.

ედოარდო და პირველი ნაბიჯები „იუვენტუსში“

მიაღწია რა მწვერვალს, ჯოვანიმ მემკვიდრეზე დაიწყო ფიქრი. ერთადერთი კანდიდატი მისი ვაჟი, 31 წლის ედოარდო იყო. მამის ამბიციების შესამოწმებლად ჯოვანიმ საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ იყიდა და პრეზიდენტად ედოარდო დანიშნა.

თუმცა, ედოარდო მამისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ის იყო „იუვეთი“ შეპყრობილი, უყვარდა მანქანების კოლექციონირება (და არა აწყობა) და წვეულებები.

სწორედ ამ ჰედონისტურმა ცხოვრების წესმა იმსხვერპლა ის. 1935 წელს, მორიგი წვეულების დროს, მან უარი თქვა ავტომობილით მგზავრობაზე და ჰიდროპლანით გადაადგილება არჩია. უბედური შემთხვევის შედეგად, მან სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა — ჰიდროპლანის პროპელერმა მას თავი მოჰკვეთა.

ედოარდოს დარჩა მეუღლე, ვირჯინია და შვიდი შვილი. ვირჯინიაც, თავისი ექსტრავაგანტული ცხოვრების წესით, მალევე დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ბავშვები ბაბუის, ჯოვანის ანაბარა დარჩნენ.

ადვოკატი ჯანი — ახალი ერა

უფროსი შვილიშვილი, ჯანი ანიელი (ცნობილი როგორც „L’Avvocato“ – ადვოკატი), ხასიათით ყველაზე მეტად ჰგავდა ბაბუას. 17 წლის ასაკში ის უკვე „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოში იყო. მეორე მსოფლიო ომმა მისი გეგმები შეცვალა — ჯანი ფრონტზე წავიდა, სადაც ფაშიზმის იდეოლოგიაში იმედგაცრუებულმა, მხარი მოკავშირეებს დაუჭირა.

ომის შემდეგ, შეცვლილი მსოფლმხედველობით დაბრუნებულმა ჯანიმ „ფიატის“ აღორძინება დაიწყო. 1947 წელს კი ის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი გახდა. მისი ჩართულობა გუნდში ტოტალური იყო: ტრანსფერები, მატჩებზე დასწრება და ამბიცია, რომ „იუვე“ ქვეყნის ჰეგემონი გამხდარიყო.

„თუმცა ჯანი ანიელი, იგივე ‘L’Avvocato’, მხოლოდ პრეზიდენტი არ ყოფილა. ის იყო იტალიის არაოფიციალური მეფე, სტილისა და ქარიზმის ეტალონი, რომელსაც მთელი ქვეყანა ბაძავდა. მისი სავიზიტო ბარათი — პერანგის მანჟეტზე გაკეთებული საათი — დღემდე ელეგანტური დაუდევრობის სიმბოლოა.

მაგრამ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის ის სხვა რამით იყო ცნობილი: დილის 6 საათის ზარებით. ჯანის უყვარდა დილაადრიან გაღვიძება და პირველი რეკვა ყოველთვის კლუბის პრეზიდენტთან ან კაპიტანთან იყო.

ჯამპიერო ბონიპერტი იხსენებდა:

‘ტელეფონი დილის 06:00-ზე რეკავდა. ყურმილს ვიღებდი და მესმოდა მისი ხმა: ‘როგორ არის პლატინი? დღეს წვიმს თუ მზეა? რას ფიქრობ ტრაპატონიზე?’. ეს არ იყო კონტროლი, ეს იყო ზრუნვა. მას უნდოდა სცოდნოდა ყველაფერი, სანამ დანარჩენი იტალია გაიღვიძებდა’.

მისი იუმორი კი ცალკე განხილვის თემაა. როდესაც ზბიგნევ ბონეკმა, რომელსაც ჯანიმ ‘Bello di Notte’ (ღამის მშვენება) შეარქვა, კარიერის დასრულების შემდეგ პრემია მოითხოვა, ანიელიმ ღიმილით უპასუხა: ‘ძვირფასო ზიბი, მე შენ საკვებს გაძლევდი, შენ კი სანახაობას. ვფიქრობ, ჩვენ ბარში ვართ’.

ვილარ პეროზა: ტრადიცია და რიტუალი

ანიელების მამული ვილარ პეროზაში იქცა როგორც ოჯახის, ისე კლუბის „ძალის ადგილად“. დღემდე, „იუვენტუსის“ ნებისმიერი ახალწვეულისთვის ორი რიტუალია სავალდებულო: კლუბის მუზეუმის დათვალიერება და ვიზიტი ვილარ პეროზას ვილაში.

სწორედ აქ, ყოველი ზაფხულის ბოლოს, იმართება ტრადიციული მატჩი „იუვენტუსის“ ძირითად გუნდსა და პრიმავერას (ახალგაზრდულ გუნდს) შორის. ეს ის ადგილია, სადაც ფეხბურთელები იაზრებენ, რამხელა ისტორიის ნაწილი ხდებიან.

ანტონიო კაბრინი იხსენებს:

„პრეზიდენტმა ბონიპერტიმ კონტრაქტზე ხელის მოწერისას ტურინის ფოტო მაჩვენა და მითხრა: ‘იცი რა არის ეს? ეს ტურინია. თუ პირველ ადგილს ვერ დავიკავებთ, მოგიწევს ამ ქალაქში სამალავი ეძებო, რადგან იუვენტუსისთვის მეორე ადგილზე გასვლა ტრაგედიაა’. იმ წამსვე მივხვდი, სად მოვხვდი“.

ალესანდრო დელ პიერომ სწორედ აქ მიიღო შენიშვნა ჩაცმულობაზე, ომარ სივორი კი ფანჯრიდან გაპარვისას გამოიჭირეს. ამ კედლებს ახსოვთ გაეტანო შირეა, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო და ზინედინ ზიდანი.

„თუმცა ვილარ პეროზას მატჩის ყველაზე ემოციური მომენტი არა გოლები, არამედ მისი დასასრულია. მატჩის მე-50 ან მე-60 წუთზე (ზუსტი დრო არასდროს არის დადგენილი), ტრიბუნებიდან ხალხის ტალღა იძვრება. ეს არის ცნობილი ‘Invasione di campo’ — მოედანზე შეჭრა.

ეს არ არის ხულიგნობა, ეს სიყვარულის გამოხატვაა. ათასობით გულშემატკივარი გარბის მინდორზე, რათა შეეხოს თავის კერპებს, მოიპაროს მათი მაისური, შორტი ან თუნდაც გეტრები სამახსოვროდ. ლეგენდარული კადრები, სადაც ნახევრად გახდილი დელ პიერო ან ბუფონი დაცვის თანხლებით ცდილობენ გასახდელამდე მიღწევას, სწორედ ვილარ პეროზას განუყოფელი ნაწილია. ამ დროს ქრება ზღვარი მილიარდერ მფლობელებს, მილიონერ ფეხბურთელებსა და უბრალო მუშებს შორის. ამ წუთებში ყველა ერთი ოჯახია — ‘იუვენტუსი’.“

ისტორიული სპირალი 2010 წელს შეიკრა, როდესაც კლუბის პრეზიდენტი უმბერტოს ვაჟი, ანდრეა ანიელი გახდა. კალჩოპოლისგან განადგურებული და ღირსებააყრილი ‘იუვენტუსი’ სწორედ მან წამოაყენა ფეხზე.

ანდრეამ დააბრუნა არა მხოლოდ ტიტულები (ზედიზედ 9 სკუდეტო!), არამედ ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა გუნდს — ‘ანიელების სული’. მან ააშენა საკუთარი სტადიონი, შექმნა ახალი ლოგო და კლუბი გლობალურ ბრენდად აქცია.

ვილარ პეროზაში კი ტრადიცია გრძელდებოდა: ანდრეა ყოველთვის იდგა იქ, სადაც იდგა მამამისი უმბერტო და ბიძამისი ჯანი, და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ახსენებდა: ‘აქ გამარჯვება მნიშვნელოვანი არ არის, ეს ერთადერთი რამაა, რაც ფასობს’.

„ანიელების საგაში ხშირად იჩრდილება უმბერტო ანიელი — ჯანის უმცროსი ძმა, რომელსაც ოჯახში ‘დოქტორს’ (Il Dottore) ეძახდნენ. თუ ჯანი იყო ემოცია, რომანტიკა და არისტოკრატიული ბრწყინვალება, უმბერტო იყო პრაგმატიზმი და შედეგი.

სწორედ უმბერტო იყო ის ადამიანი, რომელმაც 90-იანების შუა ხანებში, როცა ‘იუვე’ კრიზისში იყო, მართვის სადავეები აიღო და შექმნა ლეგენდარული ‘ტრიადა’ (მოჯი, ჯირაუდო, ბეტეგა).

მისი ხედვა მარტივი იყო: კლუბმა უნდა გამოიმუშაოს ისე, როგორც ბიზნესმა და მოიგოს ისე, როგორც ‘იუვენტუსმა’.

შედეგად მივიღეთ მარჩელო ლიპის ეპოქა და რომის ის დაუვიწყარი ღამე, როცა ჩემპიონთა ლიგის თასი ცაში ავწიეთ. უმბერტო იშვიათად ჩნდებოდა კამერებთან, მაგრამ მისი გავლენა გასახდელში უზარმაზარი იყო.“

საიდან მოდის ეს ტრადიცია?

ეს ტრადიცია, შესაძლოა, მკაცრი ბაბუის, ჯოვანი ანიელის ერთადერთი თბილი მოგონებაა შვილიშვილთან. 1931 წლის 13 სექტემბერს, „ფიატის“ იუბილეზე, ჯოვანიმ პატარა ჯანისთვის სიურპრიზი მოაწყო. სტუმრებისთვის მოსაწყენი ბანკეტის პარალელურად, მინდორზე ორი გუნდი გამოვიდა: „იუვენტუსი“ და იმ დროის პრინციპული მეტოქე „პრო ვერჩელი“.

ეს მატჩი სპეციალურად პატარა ჯანისთვის გაიმართა. ბაბუამ იცოდა შვილიშვილის ფეხბურთით გატაცების შესახებ. მატჩის შემდეგ, ედოარდომ მამას სთხოვა, გუნდთან ერთად ფოტო გადაეღო. ეს არის ერთადერთი ფოტო, სადაც უფროსი ჯოვანი ანიელი „იუვენტუსის“ ფეხბურთელებთან ერთად არის აღბეჭდილი.

მას შემდეგ, ვილარ პეროზას მატჩი წმინდა ტრადიციად იქცა. დიდმა ჯანი ანიელიმ ანდერძშიც კი ჩაწერა: ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კლუბი ოჯახის მფლობელობაში იქნება.

დღესაც, ყოველ ზაფხულს, ვილარ პეროზაში ახალი „იუვენტუსი“ იბადება, ანიელების აჩრდილები კი კვლავ უყურებენ საყვარელ გუნდს იმავე ტრიბუნიდან.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x