კარდიფზე ბევრი სისულელე დაიწერა – ბონუჩი წარსულზე
ტურინი ქალაქია, რომელიც 2010 წლიდან ლეონარდო ბონუჩის მეორე სახლად იქცა. იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი, რომელიც დღეს „სკუადრა აძურას“ სამწვრთნელო შტაბის წევრია, Legends Road-ის ახალი ეპიზოდის სტუმარი გახდა.
სერია A-სა და DAZN-ის ერთობლივ პროექტში ლეომ განვლილი კარიერა შეაფასა – დიდებული გამარჯვებებიდან დაწყებული, ალეგრისთან კონფლიქტითა და „კარდიფის მითებით“ დამთავრებული.
საუბარი პიერლუიჯი პარდოსთან ხუმრობით დაიწყო, რადგან ჟურნალისტი ინტერვიუზე 10 წუთით დაგვიანებით მივიდა: „იცი, გასახდელში 10 წუთით დაგვიანება რა რაოდენობის ჯარიმას უდრის? სჯობს არ გითხრა…“
ტურინი – სახლი, რომელიც „იუვემ“ აჩუქა
ბონუჩი საუბარს ტურინით იწყებს, ქალაქით, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.
„2010 წლიდან ეს ქალაქი ჩემს სახლად იქცა. პირველი ბინა 2 აქ 2012 წელს ვიყიდეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარიერა საითაც არ უნდა წასულიყო, ჩვენ აქ დავრჩებოდით. მადლობა „იუვენტუსს“, რომ აქ მომიყვანა. ჩემი ცოლი და შვილები აქ ბედნიერები არიან“.
საინტერესოა ლეოს შვილის ისტორია, რომელიც თავდაპირველად თანაქალაქელი მეტოქის, „ტორინოს“ გულშემატკივარი იყო:
„ჩემი შვილი „ტორინოს“ ფანი? არა, ახლა ყველა იუვენტინოა. თუმცა პატივისცემა რჩება. პატარაობაში ეს არჩევანი ბელოტის გამო და მისი საუკეთესო მეგობრის გამო გააკეთა, რომლის ბაბუაც „ტორინოს“ ყოფილი პრეზიდენტი იყო. თუმცა, რონალდუს „იუვეში“ მოსვლამ მას აზრი შეაცვლევინა. ბავშვებმა კრიშტიანუ გაიცნეს, ფოტოც აქვთ, რადგან ამაზე მე დავიჟინე, ისინი მორცხვობდნენ“.
ანტონიო კონტე: „სიყვარული და სიძულვილი“
ბონუჩი განსაკუთრებული ემოციით იხსენებს ანტონიო კონტეს პერიოდს, რომელმაც მისი კარიერა რადიკალურად შეცვალა.
„ანტონიოს ჩემს გულში ცალკე ადგილი უჭირავს. ჩემი კარიერა „იუვენტუსში“ სწორედ მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო „სიყვარული და სიძულვილი“. მან მასწავლა პრევენციული მეურვეობა – ტერმინი და პოზიცია, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. მასწავლა, როგორ ავირიდო თავიდან პრობლემები. კონტე არასდროს გეშვება, სულ ტონუსში გამყოფებს. მისი მთავარი იარაღი მენტალიტეტი და შრომის კულტურაა“.
ლეომ გაიხსენა გარდამტეხი მატჩიც: „ყველაფერი შეიცვალა „ნაპოლისთან“ თამაშში, სადაც 3-5-2 სქემით ვითამაშეთ. ეს ტაქტიკა სულ რაღაც ორ დღეში დავამუშავეთ. მატჩი 3:3 დასრულდა, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ მოედანზე ის ხდებოდა, რაც დაგეგმილი გვქონდა. სწორედ აქედან დაიწყო აღმავლობა“.
გვარდიოლას ზარი და „სიტის“ ინტერესი
ცნობილია, რომ ბონუჩის გადაბირება პეპ გვარდიოლას სურდა. ლეო იხსენებს, რატომ იყო ესპანელი სპეციალისტით ასე დაინტერესებული.
„ის ხედავდა ცვლილებებს, რაც ფეხბურთში ხდებოდა. გუნდები პერსონალურ მეურვეობაზე გადადიოდნენ, მას კი სჭირდებოდა მცველი, რომელიც მეკარესთან ითამაშებდა და შეტევას დაიწყებდა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით. მახსოვს, „ბაიერნთან“ 4:2 წაგებული მატჩის შემდეგ მითხრა: ‘ლეო, ერთადერთი რაც იმ მომენტში შემეძლო, ფლანგებზე პრესინგის გაძლიერება იყოო’. მართლაც, მან დუგლას კოშტა და კიმიხი ჩართო და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა“.
კარდიფის ფინალი – მითების მსხვრევა
2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე („რეალთან“ მარცხი) და გასახდელში მომხდარ ამბებზე ლეგენდები დადის. ბონუჩიმ გადაწყვიტა სიმართლე თქვას.
„ბევრი ჭორი, ლეგენდა და, პირდაპირ ვიტყვი, სისულელე ითქვა. გასახდელში არ მომხდარა ის, რაც დაიწერა. უბრალოდ, მე პაულო დიბალას მივმართე, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა. ვუთხარი: ‘პაულო, გვჭირდები, მაგრამ ასე არა. გუნდი უნდა აათამაშო. დაივიწყე ყვითელი, თუ პრესინგის დროს კიდევ ერთს მიიღებ, ჯანდაბას, მაგრამ ახლა მოედანზე გვინდიხარ და არ გვაქვს უფლება კაცნაკლულებმა ვითამაშოთ’. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცოდი ამ მატჩის მნიშვნელობა. ხალხს კი უყვარს გამოგონება. მე რომ ჭორებისთვის მესმინა, ალბათ სამოყვარულო ლიგაში ვითამაშებდი“.
მილანური გამოცდილება და შერიგება ალეგრისთან
„მილანში“ გატარებულ ერთ სეზონს ბონუჩი დადებითად აფასებს, რადგან ამან მას ადამიანური ზრდის საშუალება მისცა. რაც შეეხება ალეგრისთან რთულ ურთიერთობას, ლეო ამბობს, რომ ყველაფერი მოგვარებულია.
„ალეგრისთან მომხდარი უფრო შორს წავიდა, ვიდრე საჭირო იყო. მწვრთნელი ასეთია – ბევრს გაძლევს, მაგრამ ჩემნაირი ხასიათის ადამიანთან შეჯახება გარდაუვალი იყო. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, რადგან საკმარისი იყო მცირე დათმობა. საბოლოოდ, ჩვენ, როგორც ჭკვიანმა ადამიანებმა, ვიპოვეთ ძალა და შევრიგდით. კოვერჩანოშიც შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ. არცერთი არ ვიტოვებთ წყენას“.
„სკამის“ ინციდენტი პორტუში
ყველას ახსოვს კადრი, როცა ბონუჩი „პორტუსთან“ მატჩს ტრიბუნაზე, სკამზე შემომჯდარი უყურებდა. ბევრმა ეს დასჯად აღიქვა, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
„სკამი მე თვითონ ავიღე. ჩემი ადგილი დირექტორების გვერდით იყო, მაგრამ როცა ვნერვიულობ, ვერ ვჯდები. ამიტომ დავდექი გასასვლელთან. იქ სკამები იდგა და ერთ-ერთი გამოვიტანე, რომ დავმჯდარიყავი. მედიამ კი ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს დასჯილი ვიყავი და კუთხეში დამსვეს, რაც სრული სიცრუეა“.
ნაკრები, კიელინი და იგუაინი
საუბრის ბოლოს ბონუჩიმ ყოფილ თანაგუნდელებზეც ისაუბრა:
-
ნაკრები და უემბლი: „ნაკრებში მუშაობა მომწონს, რადგან მიზანი მწვრთნელობაა. მადლობელი ვარ რინო გატუზოსი და პრეზიდენტ გრავინასი. უემბლიზე გატანილი გოლი? ბურთი მარტივი გასატანი იყო, მთავარი იყო საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა“.
-
ჯორჯო კიელინი: „ჯორჯოს ყოველთვის სურდა დირექტორობა. მას აქვს ინტელექტი და გამოცდილება. ახლა, სპალეტისთან ერთად, ისევ ძველებურ ფორმაშია. ბიჭებს ვესაუბრე და ყველა კმაყოფილია სპალეტის მუშაობით“.
-
გონსალო იგუაინი: „პიპა არგენტინაში ცხოვრობს, დიდი ხანია არ გვისაუბრია. ჯერ კიდევ აქვს საპატიებელი ის ‘puta madre’, რომელიც „ნაპოლი“-„იუვეს“ მატჩში ჩემს მიერ გამოტანილი ბურთის შემდეგ თქვა. ის დიდებული ადამიანია, ცოტა ბუტია, მაგრამ კეთილი. ტექნიკურად კი – ფენომენალური“.