სკანდალი „იუვე-ნაპოლის“ წინ – მწვავე მესიჯი ჯონ ელკანს
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ გრანდიოზულ დაპირისპირებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელში ხმაურიან განცხადებას ავრცელებს პაოლო არდოინო. Tether-ის გენერალური დირექტორი (კომპანია, რომელიც „ბებერი ქალბატონის“ აქციების 11,527%-ს ფლობს და რომელმაც Exor-ისგან კლუბის საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვა სცადა) აცხადებს, რომ ალიანც სთედიუმზე ლუჩანო სპალეტისა და ანტონიო კონტეს დუელს ადგილზე დაესწრება.
თუმცა, მთავარი ინტრიგა მის ადგილმდებარეობაშია: არდოინო მატჩს „ბიანკონერის“ რიგით ქომაგებთან ერთად უყურებს და არა კლუბის მფლობელთა ლოჟაში. ეს განცხადება კი აშკარა და დაუფარავ „კბენას“ შეიცავს კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ.
არდოინო: „იუვე-ნაპოლი — მე იქ ვიქნები, მაგრამ ხალხში!“
არდოინომ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნა ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის ორაზროვნად საუბრობს კლუბის შეძენის პერსპექტივაზე და ადასტურებს მატჩზე დასწრებას:
„დახურულია თუ არა იუვენტუსის საკითხი? არ ვიცი, არის თუ არა ეს თემა საბოლოოდ დახურული (იგულისხმება კლუბის შეძენის მცდელობა). მაგრამ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კვირას დიდი სიამოვნებით დავესწრები „იუვენტუსი-ნაპოლის“ მატჩს ხალხს შორის, იუვენტუსის გულშემატკივრებთან ერთად. მფლობელთა ტრიბუნაზე ჩვენთვის ადგილი არ არის…“
დაძაბულობა ელკანსა და არდოინოს შორის
ეს მესიჯი აშკარად მიმართულია ჯონ ელკანისკენ, „იუვენტუსის“ ნომერ პირველი პირისკენ. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, ელკანმა ვიდეომიმართვით მკაცრად უპასუხა Tether-ის მიერ კლუბის შეძენის მცდელობას:
„ამ ვნებისა და სიყვარულის ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც საუკუნეზე მეტია გვაკავშირებს, ჩვენი ოჯახი აგრძელებს გუნდის მხარდაჭერას. ჩვენ ვუყურებთ მომავალს გამარჯვებული იუვენტუსის ასაშენებლად. იუვენტუსი, ჩვენი ისტორია და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება.“
არდოინოს სიტყვები ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ეს ყველაფერი კი ეხმიანება 22 დეკემბრის ინტერვიუს, სადაც არდოინომ კვლავ ღიად ისაუბრა თავის ამბიციებზე, გახდეს ტურინული გრანდის მფლობელი.