ლუჩიანო სპალეტის ვრცელი და ემოციური ანალიზი
იუვენტუსმა“ ტურინში „ნაპოლის“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. გამარჯვება მასპინძლებს ჯონათან დევიდის, კენან ილდიზისა და ფილიპ კოსტიჩის გოლებმა მოუტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან ვრცლად ისაუბრა და შეხვედრის ტაქტიკური და ფსიქოლოგიური ასპექტები განიხილა.
სპალეტი კმაყოფილი დარჩა გუნდის მიერ გამოვლენილი ხასიათითა და თამაშის კონტროლის უნარით.
„ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია და სამ ქულას უდრის, თუმცა ეს მოგება განსაკუთრებულია იმით, რომ გვაძლევს ცნობიერებას — ჩვენ შეგვიძლია მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება. სწორედ ეს შეგნება განსაზღვრავს შენს განზომილებას და იმას, თუ რისი მიღწევა გსურს. ჩვენ ვთამაშობთ ემოციებისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის და საკუთარი თავისთვის, რათა დავინახოთ, ვინ ვართ სინამდვილეში“, — განაცხადა სპალეტიმ Sky Sport-თან საუბრისას.
დევიდი, მაკკენი და ახალი ცენტრფორვარდის როლი
მიუხედავად სატრანსფერო ჭორებისა, ჯონათან დევიდმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. სპალეტიმ კანადელი ფორვარდის ძლიერ მხარეებს გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ მას გარკვეულ კომპონენტებში მომატება სჭირდება, მაგალითად კი „ნაპოლის“ ფორვარდი, რასმუს ჰოილუნი მოიყვანა.
„დევიდი ძლიერი ფეხბურთელია. მან გვაჩვენა, რომ დუელის მოგება შეუძლია. საჯარიმოში არ არსებობს თავისუფალი სივრცეები, ისინი მოწინააღმდეგეს უნდა გამოსტაცო და მან ეს გააკეთა. ეს იყო ნამდვილი, ჯიშიანი ფორვარდის გოლი. თუმცა, ზოგჯერ საჭიროა ისეთი თამაში, როგორიც ჰოილუნს აქვს — როცა მცველი ზურგზე გაზის, ბურთი უნდა მიიღო და ნახევარმცველს დაუგორო. როდესაც ამას ვერ აკეთებ, 100-მეტრიანი გარბენების შესრულება გიწევს, რაც გუნდს რიტმს უკარგავს.
ჩვენ ბედნიერები ვართ დევიდით, მაგრამ ზოგჯერ გვაკლია ის კომპონენტი, რასაც „სპორტალეტე“ (ფიზიკური ორთაბრძოლა და ბურთის შენარჩუნება) ჰქვია. სამაგიეროდ, ვესტონ მაკკენი არის იდეალური ცენტრალური თავდამსხმელი და ამას გაჩვენებთ. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რადგან ყოველთვის სწორ ადგილას იმყოფება და სიღრმეებში ისე იხსნება, როგორც არავინ. ის თამაშობს გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის“.
ბრემერის ქება და დაცვის ხაზი
სპალეტიმ განსაკუთრებული ქება დაიმსახურა გლეისონ ბრემერმა, რომელმაც „ნაპოლის“ შეტევები გააუვნებელყო.
„ბრემერი იყო ფანტასტიკური. ჰოილუნი არის ფორვარდი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბრემერმა მასთან ერთი-ერთზე დუელები იდეალურად ჩაატარა. მთელი მატჩის განმავლობაში ვცდილობდით პრესინგს და არ მივეცით მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება“.
„ილდიზი უცხოპლანეტელია“
DAZN-თან ინტერვიუში სპალეტიმ კენან ილდიზის შესახებაც ისაუბრა, რომელმაც მატჩში გოლი გაიტანა და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც ითამაშა.
„ილდიზმა გოლი გაიტანა და ფორვარდად ითამაშა. ის უცხოპლანეტელია, არ არის ნორმალური ფეხბურთელი. ხანდახან ცდილობს იყოს ნორმალური, მაგრამ არ გამოსდის, ის ყოველთვის რჩება ექსტრატერესტრიალად (მიღმიერი სამყაროს წევრად)“, — აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ლოკატელი, წესრიგი ქაოსში და „იუვეს“ ფილოსოფია
სპალეტის თქმით, თანამედროვე ფეხბურთში მთავარია ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის წარმოჩენა ნებისმიერ პოზიციაზე.
„მნიშვნელოვანია წონასწორობა და ლოკატელი ამაში ბრწყინვალეა. დაცვით ფაზაში მაგრები ვართ, მაგრამ შეტევაში გვჭირდება „წესრიგი ქაოსში“. ლოკატელიმ საჯარიმოს მისადგომებთან ქუსლით გააკეთა პასი — ეს აჩვენებს, თუ რატომ არის ის აქ. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ თავისუფლება, მაგრამ ეს უნდა იყოს ინტელექტუალური ბალანსი“.
„შიში თავს მოხვეულია, პატივისცემა — დამსახურებული“
პრესკონფერენციაზე სპალეტიმ ფსიქოლოგიურ ასპექტებზეც ისაუბრა და გამოეხმაურა მოსაზრებას, უნდა ეშინოდეთ თუ არა მეტოქეებს „იუვენტუსის“.
„ჩვენ არავის შეშინება არ გვინდა, ეს არ გვაინტერესებს. პატივისცემა არის ის, რასაც იმსახურებ, შიში კი — რასაც თავს ახვევ. არსებობს ასეთი გამოთქმა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა იამაყოს ჩვენით. უნდა დავამტკიცოთ, რომ სერიოზული ხალხი ვართ და არა განებივრებული ბავშვები“.
დასასრულს, სპალეტიმ „კალიარისთან“ დამარცხება და განვლილი რთული პერიოდი გაიხსენა:
„ჩემი აზრით, რეაქციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით, მარცხი უფრო მეტს გაძლევს, რადგან ის ძლიერ ტკივილს გაყენებს. ეს ტკივილი არ უნდა გააქრო, მან უნდა გაგამაგროს, როგორც საუკუნოვანი მუხის ქერქი. კალიარისა და ლეჩესთან დაკარგულ ქულებს არავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ ეს მომენტები გვასწავლის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და არა „ხულიგნები“. ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, თორემ მოვა ვიღაც და გადაგივლის“.
იუვენტუსი ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პოზიციებს იმყარებს და ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ რთულ მდგომარეობაში ტოვებს.