ზირკზე და კიეზა ერთად? – იუვეს სენსაციური გეგმა
კლაუდიო რაიმონდი ჯოშუა ზირკზეს და ფედერიკო კიეზას მომავალზე საუბრობს
Sportmediaset-ის ჟურნალისტი კლაუდიო რაიმონდი “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმებზე ახალ და საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერი გართულდა, ხოლო იუსეფ ენ-ნესირის ვარიანტი თითქმის გამოირიცხა, ტურინელებს ახალი და ძალიან ამბიციური გეგმა აქვთ.
ჯოშუა ზირკზე – რეალური სამიზნე რაიმონდის თქმით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას “იუვესთვის” ზირკზეს ტრანსფერი კონკრეტული შესაძლებლობა ხდება. “ზირკზე მანჩესტერ იუნაიტედის განაცხადში ოფიციალურად ფიზიკური პრობლემების გამო არ არის, თუმცა აქ სხვა რამ ხდება. რომამ, რომელიც აქამდე ყველაზე აქტიური იყო, უკან დაიხია, რადგან მათ გარემარბის დამატება სურთ. იუვენტუსმა მანჩესტერს სერიოზული წინადადება უნდა გაუკეთოს – სულ მცირე იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით. ეს ვალდებულება ახლა უფრო რეალურია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მიღწევადია,” – აცხადებს ჟურნალისტი.
ფედერიკო კიეზას დაბრუნება?! ყველაზე დიდი სენსაცია კი ფედერიკო კიეზას შესაძლო დაბრუნებას ეხება. “ყურადღება მიაქციეთ კიეზას, ის მეორე სამიზნეა. ზირკზეს მსგავსად, ისიც ამოვარდნილია ლივერპულში ‘ფიზიკური პრობლემების’ გამო. თუ ინგლისური კლუბი იჯარას და გამოსყიდვის უფლებას (და არა ვალდებულებას) დათანხმდა, სულაც არ არის წარმოუდგენელი, რომ იუვენტუსმა ორივე ტრანსფერი დახუროს – ზირკზეც და კიეზაც,” – ამბობს რაიმონდი.
ეს სცენარი ფანტასტიკის სფეროს ჰგავს, თუმცა ბოლო კვირაში სიურპრიზები გამორიცხული არასდროსაა.